Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს ,,სამაგიერო გადაუხადა”


დღეს საქართველოს პარლამენტმა უარი განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე წარდგენილი გიორგი გომიაშვილის

კანდიდატურისთვის კენჭისყრაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიმართ პრეტენზიები აქვს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს, რომელიც კენჭისყრის გადადებას დამატებითი კონსულტაციის აუცილებლობით ასაბუთებს. გომიაშვილის კანდიდატურით არც ოპოზიციაა აღფრთოვანებული, თუმცა მისი წარმომადგენლები კენჭისყრის გადადებას საგარეო საქმეთა მინისტრთან უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატის დაპირისპირებით ხსნიან.

პარლამენტის დეპუტატთა ნაწილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ურთიერთობა გასული წლის შემოდგომიდან დაიძაბა, როდესაც, საწევრო დავალიანების გამო, საქართველოს გაეროში ხმის უფლება შეუჩერეს. ზამთარში ამ პრეტენზიას ახალი დაემატა, მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა გაარკვიეს, რომ, სალომე ზურაბიშვილის მიერ დამკვიდრებული წესის თანახმად, ელჩებთან ურთიერთობა მხოლოდ სამინისტროს მეშვეობით მოუწევდათ. ზურაბიშვილის ამ ინიციატივის გამო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს მინისტრისთვის კონსტიტუციის გაკვეთილების ჩატარების სურვილი გაუჩნდათ. დეპუტატთა ნაწილის - მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის - უკმაყოფილებამ ერთგვარ პიკს მიაღწია ზუსტად ერთი თვის წინ, როდესაც ბრიუსელში ნინო ბურჯანაძის ვიზიტისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები გამოიწვია. ბელგიიდან აპრილში დაბრუნებული ბურჯანაძე ზურაბიშვილთან პიროვნულ დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,უბრალოდ, მე გამოვთქვი განცვიფრება და ახლაც გაოცებული ვარ იმით, რომ, მიუხედავად ჩემი თხოვნისა, რომლითაც მე ქალბატონ სალომესაც მივმართე, რომ არ მომხდარიყო ელჩების გამოწვევა ჩემი ბრიუსელში ყოფნის დროს, მაინც მოხდა.” (სტილი დაცულია)

ბრიუსელიდან დაბრუნებისას ერთგვარი სიურპრიზი ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრს დახვდა. დღეს პარლამენტმა უარი თქვა კენჭი ეყარა სალომე ზურაბიშვილის მოადგილის გიორგი გომიაშვილისთვის, რომელიც შვეიცარიაში საქართველოს ელჩის პოსტზეა წარდგენილი. მიზეზად ნინო ბურჯანაძემ ელჩობის კანდიდატისადმი სერიოზული შეკითხვები და საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. ისევე როგორც ერთი თვის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ პირადი მოტივი დღესაც გამორიცხა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,თუ უმრავლესობის პრეტენზიებია, ეს უკვე პირადი პრეტენზიები ვეღარ იქნება. შეიძლება ეს დახურულ კარს მიღმა ითქვას, რა პრეტენზიები არსებობს. არ არის ხომ აუცილებელი ყველა პრეტენზია ღიად ითქვას, თუმცა მე არა მგონია, რომ რამე დასამალი იყოს.” (სტილი დაცულია)

პრეტენზიებს შორის უმრავლესობის წარმომადგენლები ასახელებენ პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს და პარლამენტისა და ელჩების ურთიერთობაში შექმნილ პრობლემებს, რომელთა გამო ერთ-ერთ პასუხისმგებლად სწორედ გომიაშვილია მიჩნეული:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ,,გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს ამ მხრივ და ეს გარკვეული პროტესტი იყო მისი დანიშვნის წინააღმდეგ.” (სტილი დაცულია)

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი ამბობს, რომ ელჩობის კანდიდატთან დაკავშირებული საბოლოო პოზიცია უმრავლესობის დამატებითი კონსულტაციის შედეგად გაირკვევა. ანალოგიურ კონსულტაციებს პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთანაც გეგმავს.
გიორგი გომიაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ელჩებად პროფესიონალი დიპლომატები უნდა დანიშნოს. თუმცა ის ფაქტი, რომ კომიტეტების მიერ განხილული კანდიდატურისთვის კენჭისყრას პარლამენტი არ დაეთანხმა, გარკვეულ ეჭვს იწვევს. გომიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პიროვნებადაა მიჩნეული, ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობის მოქმედება ზურაბიშვილისთვის სამაგიეროს გადახდის შთაბეჭდილებას ტოვებს. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და კომფორტულ ქვეყანაში საქართველოს ელჩის პოსტი, შესაძლოა, ვაკანტური დარჩეს, რადგან გომიაშვილის კანდიდატურის გაწვევა გამორიცხული არ არის.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG