Accessibility links

logo-print

რატომ არის რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე ”ცივი ომის” გადმონაშთი?


15 მაისის შემდეგ

დიპლომატიური დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის მეტად საშიშ ზღვარს მიუახლოვდა. რუსეთის დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი მიმართვას, რომელიც კრემლს საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციების შემოღებას ავალებს. ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, ძალიან სახიფათოდ გამოიყურება, მაგრამ ვითარების მთელი პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის სამხედრო ელიტა და კრემლის ყველაზე ჭირვეული პოლიტიკოსები შეგუებულნი არიან იმ აზრს, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნას საქართველოში არა ოთხ წელიწადში, როგორც ამას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, არამედ გაცილებით უფრო ადრე დაესმება წერტილი. შევეცდები ავხსნა, რატომ.

2004 წლის დეკემბრის მონაცემით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს ორ სამხედრო ბაზას: მე-12 სამხედრო ბაზას ბათუმში [ პირადი შემადგენლობა - 2590 კაცი, 70 ტანკი, 80 ქვეითთა ჯავშანმანქანა, 120 საარტილერიო დანადგარი] და 62-ე ბაზას ახალქალაქში [ 2000 კაცზე მეტი, 40 ტანკი, 130 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 50-მდე საარტილერიო დანადგარი]. საბრძოლო თვალსაზრისით, რუსეთი საკმაოდ ანგარიშგასაწევ სამხედრო ძალას ფლობს საქართველოში. თუმცა რუსი ჟურნალისტები, რომლებმაც ბოლო თვეების განმავლობაში დაათვალიერეს ეს ბაზები, აღნიშნავენ, რომ ისინი დიდი ხანია გაყვანის რეჟიმში ცხოვრობენ: არ რემონტდება შენობა-ნაგებობები, შეფერხებულია უზრუნველყოფა, სამხედრო მოსამსახურეები თითქმის ექსტრემალურ ვითარებაში და უხალისოდ მსახურობენ. 19 მაისს კი სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით გავრცელდა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ იური ბალუევსკის განცხადება. გენერალმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზების კუთვნილი მძიმე ტექნიკის ნაწილი სომხეთში გაზიდონ.

[ბალუევსკის ხმა] ”პირობა მხოლოდ ერთია: რუსეთის სამხედრო ბაზები უნდა განთავსდეს შესაბამის ინფრასტრუქტურაზე და არა ცარიელ მინდორზე. პასუხი კითხვაზე, თუ საით უნდა გავიდნენ, ერთმნიშვნელოვანია: რუსეთის ტერიტორიაზე. არ გამოვრიცხავ, რომ შეიარაღების, ტექნიკისა და აღჭურვილობის ნაწილი გავიდეს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.”

გარდა ამისა, ირკვევა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს დავალებული აქვს, მოამზადოს ინფრასტრუქტურა რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განთავსდეს საქართველოდან გასვლის შემდეგ რუსული სამხედრო ბაზები და ტექნიკა. ერთ-ერთი სავარაუდო ადგილი არის ბოთლიხის(დაღესტნის) რაიონი [ეს ის ბოთლიხის რაიონია, რომელიც 1999 წელს, შამილ ბასაევის რაზმის შეჭრის შემდეგ, ე.წ. მეორე ანტიტერორისტული სამხედრო კამპანიის დაწყების საბაბად იქცა. რუსეთის სამხედრო წრეები საკუთარი სამხედრო ძალის განსათავსებლად სწორედ ჩრდილოეთ-კავკასიის სამხედრო ოლქს ანიჭებენ უპირატესობას]. აღნიშნული ინფორმაცია რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში მოსკოვის კარნეგის ფონდის წამყვანმა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა ალექსეი მალაშენკომაც დაადასტურა. საუბარი მაშინ გაიმართა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება რუსეთის სამხედრო ბაზებს ”საკუთარ” ტერიტორიას სთავაზობს.

[ალექსეი მალაშენკოს ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისათვის ეს არ არის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, რადგან ფორმალურად აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში რჩება. ამიტომ ეს ნიშნავს ჯარების გადაჯგუფებას საკუთრივ საქართველოს ტერიტორიაზე და არა გაყვანას. მაგრამ არის სხვა ვარიანტებიც - მაგალითად,ჯარების გაყვანა ჩრდილოეთ კავკასიაში. და ეს განიხილებოდა კიდეც. ბოთლიხის რაიონში, ზელენჩუკის რაიონში და ასე შემდეგ. იქნებ ეს უფრო რეალურია?”

მაგრამ, ყველაფერი ამის მიუხედავად, რუსეთი აშკარად დროის გაყვანის ტაქტიკას ადგას სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხში, რაც, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებას იწვევს. იბადება ძალიან მარტივი კითხვა: რატომ არ სურს, რომ უფრო ცივილიზებული გამოჩნდეს მსოფლიოს თვალში, რომელიც მას დიდი ხანია მოუწოდებს დახუროს სამხედრო ბაზები საქართველოსა და მოლდავეთში(დნესტრისპირეთი), ვიდრე სირია, რომელმაც ლიბანის ტერიტორიიდან ოთხჯერ მეტი ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა ორ თვეში გაიყვანა?

ჩვენ შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ ავხსნათ კრემლის ჭირვეულობის მიზეზები, თუ გავიხსენებთ რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებულ წინაისტორიას.

მახსოვს, როდესაც 1999 წლის ნოემბერში ეუთოს სტამბულის სამიტი დასრულდა, საქართველოს დელეგაცია სიხარულს ვერ მალავდა და არც სჯეროდა, რომ რუსეთს ხელი მოაწერინეს შეთანხმებაზე ორი წლის განმავლობაში საქართველოდან ორი სამხედრო ბაზის( ვაზიანისა და გუდაუთის) გაყვანის შესახებ. ამ ორი ბაზის დაშლისა და გაყვანის შემდეგ რუსეთის ორი სამხედრო ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა უმთავრესი კომპონენტის - სააეროდრომო მომსახურების - გარეშე, ურომლისოდაც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ძალა არაქმედობაუნარიანია. ამ შეცდომას რუსეთის ხელისუფლება მოგვიანებით მიხვდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ორი რუსული სამხედრო ბაზა, ფაქტობრივად, ბლოკადაში მოექცა: რკინიგზით ვერ ხერხდება რუსული კონტინგენტის ცოცხალი ძალით, სამხედრო დანიშნულების ტვირთებისა და საწვავ-საპოხი მასალებით მომარაგება, ერთი წლის წინ კი, აჭარიდან ასლან აბაშიძის განდევნის შემდეგ, მათ დაკარგეს ზღვაზე გასასვლელი და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა. შეცდომას მიხვდა, მაგრამ ამ შეცდომის აღიარება არ სურს, რადგან კრემლი არ არის მიჩვეული დიპლომატიურ ასპარეზზე საქართველოსთან დამარცხებას. მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ვერ ხვდება იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნის ხელოვნური გაჭიანურებით იგი კიდევ უფრო დიდ ისტორიულ შეცდომას უშვებს, რადგან საკუთარი ქვეყნის შიგნით აძლიერებს რევანშისტულ, ნეონაცისტურ ძალებს, რომელთა აღვირახსნილი მოქმედება უკვე თავზარს სცემს მოაზროვნე რუსეთის ნაწილს და უფლებათდამცველებს.
XS
SM
MD
LG