Accessibility links

logo-print

საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის განხილვა გრძელდება

  • ნინო როდონაია

ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის განვითარების მიმართულებას და პრიორიტეტებს განსაზღვრავს, საქართველოს დღემდე არ ჰქონია.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შექმნის მრავალწლიანი მცდელობა ახლახან დასრულდა და პროექტი განსახილველად პარლამენტს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადაეცა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ პროექტზე მსჯელობა მაისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, თუმცა ეს ვადა შენიშვნების ავტორებს არასაკმარისად მიაჩნიათ.

საქართველოს ხელისუფლებისგან ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებას და დამტკიცებას დიდი ხანია საერთაშორისო ორგანიზაციებიც ითხოვენ. ამ დოკუმენტის შექმნას ნატოსთან საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაც ითვალისწინებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების მცდელობა საქართველოში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას რეალური კონტურები არ ჰქონდა:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,არსებითად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის დღიდან ამაზე ფიქრი არის ამ ქვეყანაში და, სხვათა შორის, არსებობდა, მე ვიცი, როგორც მინიმუმ 4 პროექტი კონცეფციისა. ნუ, ერთს არ ჩავთვლი, იმიტომ რომ ის ლიტერატურული ნაწარმოები უფრო იყო, ბელეტრისტიკული, ვიდრე ასეთი ტიპის დოკუმენტს შეეფერება, მაგრამ იყო, იყო ვარიანტები.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის წევრი, რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავა უკვე ერთი კვირაა დეტალურად ეცნობა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პირველ ოფიციალურ პროექტს, რომელიც უშიშროების საბჭომ მოამზადა. მიუხედავად არაერთი შენიშვნისა, დეპუტატი ამბობს, რომ პროექტის შექმნა დადებითი მომენტია და მასზე მუშაობა შესაძლებელია. კონცეფციის პროექტს მისაღებს უწოდებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის წევრი დავით ბაზღაძე:

[დავით ბაზღაძის ხმა] ,,აქ არის ის დემოკრატიული ღირებულებები, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ. ჩვენს თავს განვიხილავთ როგორც ევროპის შემადგენელ ნაწილს და ის ფასეულობები, რაც არის მიღებული ევროპაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არის. ისეთი ფასეულობები, როგორიცაა ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატია - ეს არის ის საფუძველი, რასაც ეყრდნობა ყველაფერი დანარჩენი. აქედან გამომდინარეობს მერე ჩვენი ინტერესები.” (სტილი დაცულია)

უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში საქართველოს ინტერესებად დასახელებულია: ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული ერთობა, რეგიონული სტაბილურობა, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის დამკვიდრება, ალტერნატიული ენერგოწყაროებით უზრუნველყოფა და ეკოლოგიური უსაფრთხოება. პროექტის მიხედვით, საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, სამხედრო ინტერვენცია, რუსული სამხედრო ბაზები, კონტრაბანდა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული და საერთაშორისო ტერორიზმი. კონცეფცია ადასტურებს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის მზადყოფნას და ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სურვილს.
პროექტზე საუბრისას ივლიანე ხაინდრავა ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ არსებით, არამედ ტერმინოლოგიურ ხარვეზებზეც:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,ზოგიერთ ეპიზოდში ფიგურირებს ქართველი ერი, სხვა შემთხვევაში ფიგურირებს საქართველოს მოქალაქეები და სხვა შემთხვევაში არის საქართველოს ხალხი. ჩვენ უნდა შევჩერდეთ რომელიმეზე. მე ვფიქრობ, რომ, რეალური ვითარებიდან გამომდინარე და კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ალბათ, საქართველოს ხალხზე უნდა შევჩერდეთ. ეს არ არის უბრალო საკითხი, ეს განაცხადი არის და როგორ გაიჟღერებს ეს განაცხადი, მნიშვნელოვანია.” (სტილი დაცულია)

ივლიანე ხაინდრავას შენიშვნები შეეხება ტერიტორიულ კონფლიქტებსა და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებსაც. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხარვეზების გამოსწორება აუცილებელია, რის გამოც პროექტის ავტორებმა ალტერნატიულ მოსაზრებებზე უნდა იმსჯელონ. უშიშროების საბჭოს მიერ განსხვავებული პოზიციების გათვალისწინებას აუცილებლად მიიჩნევენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც, რომლებმაც კონცეფციის პროექტი ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ ორგანიზებული შეხვედრისას განიხილეს. კონცეფციის პროექტით აღიარებული ფასეულობების შესაბამისად, დკუმენტის განხილვის პროცესში საზოგადოების აქტიურ მონაწილეობაზე საუბრობს ფონდის ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ,,აუცილებლად უნდა იყოს თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნებში ლაპარაკი სამოქალაქო, დემოკრატიულ კონტროლზე, ანუ საზოგადოების მონაწილეობაზე პოლიტიკის განსაზღვრაში, ხელისუფლების გადაწყვეტილებებში მონაწილეობაზე. ასეთი განხილვები არის ერთ-ერთი კონკრეტული საშუალება. რა თქმა უნდა, აქ ნათქვამი არ არის საბოლოო სიტყვა, ეს არის გარკვეული ალტერნატიული აზრის მიტანა ხელისუფლებამდე.” (სტილი დაცულია)

უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის მიხედვით, ქვეყნის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა წარმოადგენს. ამავე კატეგორიაში დასახელებულია სახელმწიფო მართვის გაძლიერება და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, რომლის არაეფექტურობის გამო საქართველოს ხელისუფლება კრიტიკას საკმაოდ ხშირად იმსახურებს. ერთი კვირის წინ გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის განხილვა 27 მაისისთვის უნდა დასრულდეს. ამ ორკვირიან ვადას ექსპერტები არასაკმარისად მიიჩნევენ და დოკუმენტის შემდგომი სრულყოფის აუცილებლობაზე საუბრობენ.
XS
SM
MD
LG