Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


რადიო “თავისუფლების” მსმენელმა

იცის, რომ 18 მაისს ამსტერდამში დასრულდა ეგრეთ წოდებული “ჰოლანდიურ-ქართული კულტურული დიალოგი”, რომელიც ერთი კვირა გრძელდებოდა; ბელგიისა და ნიდერლანდების კულტურის ცენტრებმა ქართველ არტისტებს, კულტურის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტებს გააცნეს თავიანთი გამოცდილება ეროვნული კულტურის პროპაგანდის საქმეში. მინდა გაგიზიაროთ ბრიუსელისა და ამსტერდამის შთაბეჭდილებები.


[საბავშვო სპექტაკლის ხმა]

ეს – ბელგიელი ბავშვების ხმებია. მაგრამ ამ წარმოდგენაში, რომელსაც “არტური” ჰქვია, ნორჩი მსახიობები ფლამანდიურ ენაზე მღერიან. ფლამანდიური ენა, ფრანგულთან ერთად, ბელგიის სახელმწიფო ენაა. სწორედ ფლამანდიისა და ჰოლანდიის კულტურის ცენტრებმა უმასპინძლეს საქართველოს დელეგაციას გასულ კვირას ბრიუსელსა და ამსტერდამში, სადაც გაიმართა ჩვენი კულტურული ცხოვრებისთვის უჩვეულო, ეგრეთ წოდებული, “ჰოლანდიურ-ქართული დიალოგი”. აქამდე ქართველი კულტურის მოღვაწეებს დასავლეთში, როგორც წესი, გასტროლებზე, ფესტივალებზე იწვევდნენ, მაგრამ ევროპის არც ერთ ქვეყანას არ გასჩენია სურვილი გაეცნო ქართველებისათვის, თუ როგორ ტარდება ევროკავშირის ქვეყნებში კულტურული პოლიტიკა, რას და როგორ აფინანსებს სახელმწიფო, როგორ მუშაობენ კულტურული ფონდები, კულტურის კვლევის ინსტიტუტები, როგორ შუქდება კულტურა მედიაში, როგორია ბავშვთა შემოქმედებითი აღზრდის მეთოდიკა.

[სიმღერა გრძელდება]

ახალგაზრდების შემოქმედებით აღზრდას ბელგიასა და ჰოლანდიაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგალითად, ბელგიის სახელგანთქმულმა კულტურულმა ფონდმა “ლაიკა”, რომელიც “მოძრავ თეატრალურ დასებს” აფინანსებს, გამოაცხადა კონკურსი ახალგაზრდა მსახიობებისთვის, რომლებიც საყმაწვილო მუსიკალურ სპექტაკლში, “არტურში”, ითამაშებდნენ. ჩვენ დავესწარით პრემიერას ფლამანდიურ ენაზე დადგმული ამ წარმოდგენისა, რომელშიც შუა საუკუნეების ეპოქის სახეებია გათამაშებული და რაინდობის კულტის მიმართ ირონია აშკარაა. გამოდის, რომ ბავშვები ასახიერებენ თავიანთ საყვარელ ზღაპრულ გმირებს, მაგრამ თეატრი და თამაში, ამავე დროს, ათავისუფლებს მათ შუა საუკუნეების პერსონაჟებთან იდენტიფიკაციისა და აკვიატებული აზრებისგან – თეატრში “აღზრდა” ხდება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ბავშვთა შემოქმედებითი აღზრდის კიდევ ერთი მაგალითი - საბავშვო კინოსტუდია “ეიბისი”, რომელიც ბრიუსელში, ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე, ავსტრიელი ფილოსოფოსის გერჰარდ იაგერის ინიციატივით გაიხსნა. აქ არა აქვთ მომავალი კინორეჟისორების აღზრდის პრეტენზია. სწავლობენ არა იმდენად ფილმის გადაღებას, რამდენადაც უკვე გადაღებული ფილმების მონტაჟს, გახმოვანებას, დეკორაციების, კოსტიუმების ხატვას. ასეთი მეთოდი, ჯერ ერთი, უფრო იაფი ჯდება და, მეორეც, “ეიბისის” მესვეურების აზრით, თამაშის ეს ფორმა აძლიერებს ბავშვების ვიზუალურ და, შეიძლება ითქვას, “აუდიოფანტაზიას”.


[ხმები: ქაღალდის შრიალი, წყლის ჩხრიალი, ლითონის დარტყმა, კაკუნი]

ჩვეულებრივი ნივთებისგან ათასობით ბგერა შეიძლება დაიბადოს. ბავშვები ამ ხმებს იწერენ და შემდეგ თავად ამონტაჟებენ. როგორც “ეიბისიში” გვითხრეს, მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო სტუდია ბრიუსელის იმ რაიონშია აშენებული, სადაც ემიგრანტები, ლტოლვილები ცხოვრობენ. ბელგიელებიც და ბელგიაში დასახლებული უმცირესობებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ სამყარო მრავალფეროვანია, ისევე როგორც მრავალფეროვანია ადამიანის შესაძლებლობები, რომელიც მხოლოდ შემოქმედებაში წარმოჩნდება. მთავარია, ადამიანებს ბავშვობიდან გაეღვიძოთ შემოქმედების სურვილი.

შემოქმედებითი შეზღუდვა, მარწუხები, წინააღმდეგობები, რომელიც მხატვრებს ხვდებათ ცხოვრებაში – ქართულ-ჰოლანდიური დიალოგის მთავარი თემა იყო.

წინააღმდეგობა სხვადასხვაგვარი არსებობს. ქართული კულტურის მუშაკები ნელ-ნელა თავისუფლდებიან კომუნისტურ წარსულზე გამარჯვების ეიფორიისგან და დღეს არა ცენზურასთან, არამედ კულტურის მიმართ ხელისუფლების გულგრილობასთან უწევთ დაპირისპირება. ქართველებთან ერთად ბელგიასა და ჰოლანდიაში მიიწვიეს ალბანეთის კულტურის მუშაკთა დელეგაციაც, რომლის ხელმძღვანელმა, ალბანეთის კულტურის სამინისტროს წარმომამდგენელმა არბენ კუმბარომ, ისაუბრა განსაკუთრებულ გარემოზე, რომელშიც წლების მანძილზე იყო მოქცეული ალბანური ხელოვნება:

[არბენ კუმბაროს ხმა] “ჩვენ არც რუსეთთან გვქონდა კონტაქტი და არც დასავლეთთან, 60-იან წლებში ჩინეთთანაც გავწყვიტეთ კავშირი. უამრავი ხელოვანი ჩასვეს ციხეში. ჩვენი დიქტატორი სულ ორჯერ იყო თეატრში და სპექტაკლის მერე თეატრის რეჟისორი დააპატიმრა კიდეც... შემდეგ კი იზოლაციაში მოექცა, 700 000 ბუნკერი ააშენა და მთელი ქვეყანა ბუნკერებად აქცია. ამის შემდეგ ჩვენ კედელი კი არ გავხსენით, არამედ დავანგრიეთ. დღეს ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა – ეს თავისუფლების პათოლოგიაა.”

მაგრამ “თავისუფლების პათოლოგია” რომ განხორციელდეს, ხელოვანს დაფინანსება სჭირდება. ჩვენი მხატვრები ჩივიან, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას უთმობს ექსპერიმენტულ ხელოვნებას და, ძირითადად, კულტურულ მემკვიდრეობაზე ხარჯავს ფულს. “კულტურული დიალოგის” პროგრამა, ძირითადად, თეატრალურ ხელოვნებასა და ქორეოგრაფიაზე იყო აგებული, ე.ი. ხელოვნების იმ დარგებზე, რომელიც მოითხოვს მოზრდილ სივრცეს პერფომენსებისთვის და ამიტომ იაფი არ ჯდება. ვინ უნდა გაიღოს თანხა ასეთი წარმოდგენებისთვის, თუ არა სახელმწიფომ, ვინ უნდა დაეხმაროს კულტურის მუშაკებს მიაგნონ ალტერნატიულ გარემოს თეატრალური წარმოდგენების მოსაწყობად, თუ არა სახელმწიფო? ბელგიასა და ჰოლანდიაში ასეთი პროექტების დაფინანსების ტრადიცია დიდი ხანია არსებობს.. ბრიუსელში, მაგალითად, ჩვენ დაგვათვალიერებინეს თეატრები, რომელიც ყოფილი ფაბრიკა-ქარხნების, ძველი ეკლესიის და, თქვენ წარმოიდგინეთ, ძველი საცურაო აუზის ტერიტორიაზე აშენდა. საქართველო სავსეა საბჭოთა ეპოქაში აშენებული შენობებით, რომელიც დღეს არ ფუნქციონირებს. მართალია, ასეთი შენობები, ბელგიისა და ჰოლანდიისგან განსხვავებით, როგორც წესი, დევნილებითაა დასახლებული, მაგრამ მაინც დარჩა ნახევრად დანგრეული დარბაზები, რომელთა ათვისებისთვის სახელმწიფოს ფინანსური დახმარება და საინტერესო იდეებია საჭირო.. ბელგიაში, სადაც ყოველწლიურად იმართება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, ასეთ დასებს სანთლით ეძებენ.

ამ შეხვედრების ერთ-ერთი ორგანიზატორის, საქართველოში ჰოლანდიისა და ფლამანდიის კულტურული ცენტრის ხელმძღვანელის ინგრიდ დეხრავეს აზრით, ბელგიასა და ჰოლანდიაში გამართულმა შეხვედრებმა სწორედ ინფორმაციის ვაკუუმი უნდა შეავსოს. ქალბატონ ინგრიდს ჩვენ მატარებელში, ბრიუსელიდან ამსტერდამში მგზავრობისას, გავესაუბრეთ.


[ინგრიდ დეხრავეს ხმა] “ბრიუსელიდან არ არის იოლი ჩახვიდე ჩინეთში, ტაილანდში და თუნდაც საქართველოში, რათა გაიგო რომელი დასი შეიძლება იყოს საინტერესო. ისედაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ინფრასტრუქტურა არ არის ჯერ ძალიან განვითარებული, ყველაფერი დაინგრა და მხოლოდ ახლა მუშაობენ ინფრასტრუქტურაზე. ამიტომ უცხოელები როცა ჩამოდიან რაიმეს ასარჩევად, რთულია ხოლმე მოკლე ხანში შეხვდე ხალხს. ის ხალხი, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს, ხანდახან არ არის ცნობილი ხალხის წრეში.”(სტილი დაცულია)

არტისტებს საქართველოში საკმაოდ ჩაკეტილ სივრცეში უხდებათ მოღვაწეობა. ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს ორგანიზაცია, რომლის უშუალო მოვალეობა ტალანტების მოძიება იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავს ქართულ კულტურულ სივრცეს ინგრიდ დეხრავე, რომელიც 5 წელია თბილისში მუშაობს:

[ინგრის დეხრავეს ხმა] “შეიძლება ესა თუ ის სპექტაკლი საქართველოში აქტუალური იყოს, მაგრამ სრულიად გაუგებარი იყოს ევროპელებისთვის. ამიტომ არჩევა აქ ადვილი არ არის. კულტურაც ხომ გლობალისტური გახდა.”

ასეთი “გლობალური კულტურის” ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო მაგალითი ქორეოგრაფიაა.. ბელგიასა და ჰოლანდიაში, ისევე როგორც საქართველოში, ბალეტს უძველესი ტრადიციები აქვს. როგორ განხორციელდა ამ ქვეყნებში ქორეოგრაფიული პროექტები, რა შეიძლება ვისწავლოთ ბელგიელებისა და ჰოლანდიელებისგან ბალეტის დაფინანსების საქმეში? – ამ თემაზე ერთი კვირის შემდეგ გესაუბრებით.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG