Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ძალები კონსერვატიულ პარტიად გაერთიანდნენ


დავით პაიჭაძე, თბილისი 23 მაისს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში საქართველოს ეროვნულ ძალთა გაერთიანებამ, კონსერვატიულმა პარტიამ და საქართველოს ერთიანობის კავშირმა გამაერთიანებელი

ყრილობა ჩაატარეს. ამიერიდან ეს სამი პოლიტიკური ძალა იქცა ერთ პოლიტიკურ პარტიად და მას ეწოდება საქართველოს კონსერვატიული პარტია. გამაერთიანებელ ყრილობაზე რამდენიმე საყურადღებო მოწოდებაც გაისმა.

პოლიტიკურ კონსერვატიზმს საქართველოში აქვს საკუთარი ენა, რომელიც რამდენადმე განსხვავებულია, ვთქვათ, დასავლური კონსერვატიზმის ენისგან. ცხადია, ორივე აღიარებს კონსერვატიულ ღირებულებებს, მაგრამ ამ ღირებულებათა დაცვასა თუ მიმდევრობას სხვადასხვანაირად განასიტყვებენ. ქართულ კონსერვატიულ მეტყველებაში არის საკვანძო სიტყვები, რომელიც უშეცდომოდ გვატყობინებს მათი წარმომთქმელის პოლიტიკურ ორიენტირებს. ასეთი იყო, მაგალითად, ზვიად ძიძიგურის გამოსვლა ყრილობაზე:

[ძიძიგურის ხმა] “არავითარი უცხოური კულტურისა თუ ფსევდოკულტურის შემოსვლა არ უნდა მოხდეს ჩვენი ძირითადი ღირებულებებისა და ფასეულობების ხარჯზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი ენა, ტრადიცია, რელიგია, თვითმყოფადობა, ღირსება, კაცობა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფოლკლორი, ჩვენ გვაქვს ჩვენი წარსული, გვყავს წინაპრები, რომელთა საფლავებზე მივდივართ და პატივს ვცემთ. ესაა სფერო, რომელიც არის დასაცავი, მოსაფერებელი, საპატრონებელი. და ამას ჩვენს მეტი ვერავინ ვერ გააკეთებს.“

თუმცა ამ ძველი სიტყვების მიღმა კონსერვატორთა ყრილობაზე რამდენიმე ახალი სიტყვაც გაისმა, მაგალითად, პრაიმერიზი. პოლიტიკურ ლექსიკონში ეს სიტყვა პარტიული ყრილობისათვის დელეგატების არჩევას ნიშნავს. 23 მაისს კონსერვატორებმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს: ყრილობაზე მოხვდნენ მხოლოდ და მხოლოდ არჩეული პირები და შიდაპარტიული დემოკრატია საწინდარია იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარტია დემოკრატიულად მართავს ქვეყანასო.

[ძიძიგურის ხმა] „ჩვენ გვაქვს 3000-კაციანი გუნდით მოსვლის პრეტენზია ხელისუფლების სათავეში. ქვეყანაში არის 3000 საარჩევნო უბანი. ყველა უბანზე იქნება არჩეული კაცი, რომელიც მომავალში იქნება იმ სოფლის ან რაიონის გამგებელი. ჩვენ ამ სისტემითა და სტრუქტურით წასვლას ვაპირებთ. როგორც თქვენ გიყურებთ ახლა, ისე ვიცი, რომ ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ.“

შიდაპარტიული დემოკრატიის მაგალითი კონსერვატორებმა ამავე დღეს უჩვენეს მოქალაქეებს: პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ორი კაცი აცხადებდა პრეტენზიას - ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი. ყრილობის 900 დელეგატს მათგან ერთი უნდა აერჩია. ასევე ყრილობას უნდა აერჩია პარტიის 7-კაციანი ეროვნული კომიტეტი, რომლის კანდიდატთა რიცხვი 7-ს აჭარბებდა. თავის მხრივ, ეროვნული კომიტეტის წევრობის კანდიდატები, სულ ცოტა, სამი რაიონული ან რეგიონული ორგანიზაციის მიერ უნდა ყოფილიყვნენ დასახელებული. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ კონსერვატორთა შიდაპარტიული დემოკრატიზმი უპირისპირდება ნაციონალური მოძრაობის შიდა ავტორიტარულ მმართველობას, რომელიც არავითარ არჩევნებს არ ცნობს. კობა დავითაშვილსაც და ზვიად ძიძიგურსაც ერთი აზრი ჰქონდათ სხვა ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობის შესახებ:

[კობა დავითაშვილის ხმა] „ჩვენ ვთავაზობთ, წინასწარი არჩევნებისა და შიდა დემოკრატიის საფუძველზე ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანება. ამ გაერთიანების შიგნით - კვოტები იქნება, მხარდაჭერა, დეპუტატობის კანდიდატები და ა.შ. - ადგილები განაწილდება წინასწარი არჩევნების საფუძველზე; ანუ ვინც მეტ მხარდამჭერს მოიყვანს წინასწარ არჩევნებზე, მას ექნება მეტი ადგილი და კვოტა ამ გაერთიანების შიგნით. თუ ეს იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, მე მიმაჩნია, რომ ოპოზიციას უნდა ჰყავდეს ერთიანი კანდიდატები არჩევნებზე.“(სტილი დაცულია)

საერთოდ, კობა დავითაშვილი თავის საარჩევნო სიტყვაში უფრო თანმიმდევრული იყო, ვიდრე ზვიად ძიძიგური. დავითაშვილმა ჩამოაყალიბა ძირითადი პრეტენზიები ხელისუფლებისადმი. ყველა პრეტენზია ეფუძნებოდა ნაციონალური მოძრაობის შეუსრულებელ დაპირებებს: საქართველოში არ ირჩევენ გამგებლებს, ხოლო თბილისსა და ფოთში - მერს; ხალხს არ დაუბრუნდა ანაბრები, თუმცაღა უკანონოდ გამდიდრებულებს ჩამოართვეს ქონება; ხელისუფლება ხელს არ უწყობს ეკონომიკის განვითარებას, წარმართავს არასწორ საპენსიო პოლიტიკას, არა აქვს შიდა დემოკრატია, ჯარს აძლიერებს სახელმწიფო რეკეტიდან ძალოვან სამსახურთა შავ ფონდებში შესული ფულით და ქმნის ერთპარტიულ საარჩევნო კომისიებს. კრიტიკის გარდა, კობა დავითაშვილმა აღნიშნა, რომ კონსერვატორები ხელისუფლების მტრები არ არიან და მას ყოველთვის შესთავაზებენ კონსტრუქციულ ალტერნატივას.

შიდაპარტიულმა დემოკრატიამ ყრილობაზე, მართლაც, გაიმარჯვა. თავმჯდომარის არჩევნების შედეგად გაირკვა, რომ კობა დავითაშვილმა მოაგროვა 380 ხმა, ხოლო ზვიად ძიძიგურმა - 365. ანუ დავითაშვილმა მიიღო ხმების 51%, ხოლო ძიძიგურმა - 49%. ამ, მართლაც, დემოკრატიული სხვაობის გარკვევისა და დამტკიცების შემდეგ საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი გახდა.
XS
SM
MD
LG