Accessibility links

logo-print

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ”წითელ ხიდთან”, ახალი საბაჟო- გამშვები პუნქტი ამოქმედდა


საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს არაერთხელ მოუხდენიათ იმის დემონსტრირება, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული მეგობრობა სულ უფრო და უფრო მტკიცდება.

ამ მეგობრობასთან აშკარა დისონანსში მოდიოდა ორ ქვეყანას შორის მოქმედი სახმელეთო საბაჟო-გამშვები პუნქტი ”წითელ ხიდთან”. მოუწყობელი საბაჟო ინფრასტრუქტურა მიტოვებულ ბენზინგასამართ სადგურს უფრო წააგავდა, ვიდრე მეგობრული სახელმწიფოს საბაჟო-გამშვებ სამსახურს, რაც წლების მანძილზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე განუკითხაობისა და კონტრაბანდის მიზეზი იყო. საქართველოს ამ პრობლემის მოგვარებაშიც შეერთებული შტატების მთავრობა დაეხმარა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, “წითელ ხიდთან”, ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი სამ დღეზე მეტია, რაც ამოქმედდა. ოფიციალურად კი ”წითელ ხიდთან” განლაგებული საბაჟო პუნქტი 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. “წითელ ხიდთან” საქართველოს დროშის აღმართვის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული სტანდარტების საბაჟო-გამშვები პუნქტი აშენდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”თუ სახელმწიფო მოხელე ზის ბოსელში, ის უფრო განწყობილია იყოს კორუმპირებული, ვიდრე, როცა ზიხარ, აი, ასეთი პირობები გაქვს, როცა ოთახები აქვთ, როგორც კარგი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ოთახები, შხაპებით, ყველაფრით, როცა მუშაობენ ადამიანურ პირობებში, როცა უკან უკიდიათ ნამდვილი გერბი, ნამდვილი დროშა, აცვიათ ლამაზი ფორმა, აქვთ მაღალი ხელფასი. როცა ზის ბოსელში და იღებს 20 ლარს, რა თქმა უნდა, იქ ვერ მოსთხოვ სხვა რაღაცას. როცა აქ ზის, უკვე მოვთხოვ და, მერე კიდევ, როგორ მოვთხოვ, იყოს წესიერი.”(სტილი დაცულია)

სააკაშვილმა იქვე ისიც დასძინა, ”არ მოვისვენებ სანამ ფსოუზე და როკის გვირაბზე ასეთივე საბაჟო პუნქტი არ იქნებაო.” მოხდება თუ არა ეს ამერიკის მთავრობის დახმარებით, ძნელი სათქმელია. ”წითელი ხიდის” საბაჟოს კეთილმოწყობა კი მთლიანად შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დამსახურებაა, რომელმაც პროექტი 4 მილიონი ლარით დააფინანსა. ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურის შექმნის მთავარი მიზანი საზღვარზე კონტრაბანდის შემცირება და მომსახურების გაუმჯობესებაა. საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ანთელიძის კომენტარი:

[ზურაბ ანთელიძის ხმა] ”რაც შეეხება ფიზიკური პირის გატარებას, მას სჭირდება 3-5 წუთი საშუალოდ.”

საბაჟო პუნქტთან პრეზიდენტის მისვლამდე იქ დიდ რიგში შეკრებილმა ფიზიკურმა პირებმა სულ სხვა რამ უთხრეს ჟურნალისტებს:

[მოქალაქის ხმა] ”ადრე უფრო მალე გავდიოდით - აი, ქვევიდან 1 გასასვლელი იყო და უფრო მალე გავდიოდით. აქედან რამდენი გასასვლელია და ახლაც ჩაკეტილია.”

მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, რომელიც აზერბაიჯანიდან სხვადასხვა სახის საქონელს ეზიდება და საქართველოს ტერიტორიაზე ყიდის, მიუღებელია 35 პროცენტიანი საბაჟო გადასახადი. ადრე უფრო ნაკლებს ვიხდიდითო, ამბობენ ისინი. მოქალაქეები ძველ დროს იმიტომ მისტირიან, რომ მაშინ, კორუფციის წყალობით, ყველა პროცედურა გაიოლებული იყო. ახლა კონტრაბანდის შემოტანისა და კორუფციული გარიგების საშუალებას ამერიკული ტექნიკა და რეგისტრაციის თანამედროვე სისტემა აღარ იძლევა.

მაგრამ საქართველო-აზერბაიჯანს შორის იქვე, “წითელი ხიდის” მახლობლად, ჯერ კიდევ მოუგვარებელია ისეთი სახის პრობლემები, რომელიც ორი ქვეყნის მეგობრობაზე სულაც არ მეტყველებს.

[დავით მუმლაძის ხმა] ”სხვადასხვა ადგილებზე - და მათ შორის არის “წითელი ხიდიც” - აღმოჩენილია დანაღმული ველები. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დანაღმვა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს მოხდა.”

ეს არის დავით მუმლაძე, დაცვის სამსახურების ასოციაციის პრეზიდენტი. მისივე თქმით, დანაღმული ველები ხელს არ უშლის “წითელი ხიდის” ახალი საბაჟოს ფუნქციონირებას, თუმცა კი საფრთხეს უქმნის მეგობრული სახელმწიფოების საზღვრისპირა მოსახლეობას.
XS
SM
MD
LG