Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ივნისიდან საზაფხულო ბანაკები ამოქმედდება


წელს, თითქმის 15-წლიანი შესვენების შემდეგ, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს პირველად მიეცემათ საზაფხულო ბანაკებში თანატოლებთან ერთად დასვენების საშუალება.

ამისათვის საქართველოს ცენტრალური და თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 1,7 მილიონი ლარი გამოიყო. როგორც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის დეპარტამენტში აცხადებენ, ბანაკებში მხოლოდ 16-20 წლის სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები ან გამორჩეულად წარჩინებული სტუდენტები მოხვდებიან.

კარვის ბანაკები, რომლებმაც ახალგაზრდებს პირველი ივნისიდან უნდა უმასპინძლოს, ლაგოდეხის ნაკრძალში, ბაზალეთის ტბაზე, ბაკურიანში, წყალტუბოსა და ვარციხეში იდგმება. კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს პაპუნა დავითაიას ჩვენ ლაგოდეხში დავუკავშირდით, სადაც თითქმის ყველაფერი მზადაა ახალგაზრდების პირველი ნაკადის მისაღებად.

[პაპუნა დავითაიას ხმა] „ეს ბანაკი არის ლაგოდეხის ნაკრძალის ძირში, ტყის პირას არის მოწყობილი, გვერდში მდინარე ჩამოუდის, არის გაშლილი ათკაციანი სამხედრო კარვები. სასადილო, ტუალეტი, შხაპები - ყველაფერი, როგორც სტანდარტები ითვალისწინებს, ისე არის მოწყობილი. ექნებათ ბუნებაში გასვლები, ექნებათ ძეგლებზე გასვლები, ექსკურსიები, ფეხით ლაშქრობები, ანუ კულტურული და სპორტული დასვენება ექნებათ.“ (სტილი დაცულია)

როგორც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადო ვარძელაშვილი აცხადებს, საზაფხულო ბანაკები ოთხი თვის განმავლობაში სულ 15 ათასამდე ახალგაზრდას უმასპინძლებს ათ-ათი დღით. ვარძელაშვილის თქმით, საზაფხულო ბანაკებში დასვენება საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოებას შეუწყობს ხელს.

[ლადო ვარძელაშვილის ხმა] „მიზანი არის ერთი: ახალგაზრდებმა დაისვენონ უფასოდ, გაიცნონ ერთმანეთი სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ბავშვებმა და დამეგობრდნენ. მათ ჩაუტარდებათ ის სემინარები და პროგრამები, რომელიც მათი პატრიოტული სულის ამაღლებაზე იმუშავებს.“

სამინისტროში განმარტავენ, რომ საზაფხულო ბანაკებში დასვენების მსურველმა სტუდენტებმა შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატებს უნდა მიმართონ, ხოლო სოციალურად დაუცველმა ახალგაზრდებმა -რაიონულ გამგეობებს. ბანაკში გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს: ახალგაზრდამ მხოლოდ დაბადებისა და ჯანმრთელობის მოწმობა უნდა წარმოადგინოს. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბანაკებში გასაგზავნ ახალგაზრდებს, ძირითადად, პარტიული ნიშნით არჩევენ:

[გიორგი მოსიძის ხმა] „ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას პროტესტს ვუცხადებთ და ხალხსაც ვურჩევთ ჰიტლერ-იუგენდის გაკეთებაში მონაწილეობა არ მიიღონ.“

ეს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მოსიძე, იყო. კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი პაპუნა დავითაია ოპონენტის ბრალდებას ასე უპასუხებს.

[პაპუნა დავითაიას ხმა] „ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური მონაჩმახი, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს რეალობასთან და არანაირი ფაქტები ამის გასაცხადებლად არ გააჩნიათ.“

რაც შეეხება თავად ახალგაზრდებს, კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალგაზრდობა მყისიერად გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივას, თუმცა წელს ყველა მსურველის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება. ჩემი რესპონდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ისინი, წელს თუ არა, გაისად მაინც აუცილებლად აპირებენ საზაფხულო ბანაკებში დასვენებას.

[სტუდენტის ხმა] „საკმაოდ ბევრმა მეგობარმა შეიტანა განცხადება. უბრალოდ, დაბადების მოწმობა და ბიჭებს ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეს. მეტი არანაირი თანხა, ერთი თეთრიც კი არავის მოუთხოვია.“

[სტუდენტის ხმა] „პატრიოტული ბანაკები ჰქვა, არა, მგონი? მე ძალიან მომწონს. ჩემი და იღებს მონაწილეობას, მიდის ბორჯომში თავის მეგობრებთან ერთად და ძალიან კმაყოფილია. ასეთი ბანაკები არ არსებობდა საქართველოში და თუ მომავალ წელსაც იქნება, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.“

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საზაფხულო ბანაკები პირველ ნაკადს ერთ კვირაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ანუ პირველ ივნისს, მიიღებს, ხოლო დამსვენებელთა ბოლო ნაკადი კარვებს 21 სექტემბერს დატოვებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG