Accessibility links

logo-print

ავღანეთის შეშფოთების მიუხედავად, ბუშმა და კარზაიმ სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს


ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ვაშინგტონში ორ ქვეყანას შორის ”სტრატეგიული პარტნიორობის” დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

პენტაგონის წარმომადგენელთა განცხადებით, შეთანხმება ცხადყოფს ავღანეთის ხელისუფლების მზადყოფნას, ნება დართოს ამერიკულ სარდლობას, ბაზირებისათვის გამოიყენოს ბაგრამის აეროდრომი, როგორც მთავარი ლოგისტიკური ცენტრი. სამაგიეროდ, შეთანხმებაში არ ასახულა და ვერც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ყურადღება დაიმსახურა ავღანეთის ლიდერის გზავნილმა. რას ითხოვდა ავღანეთის პრეზიდენტი და რა პასუხი მიიღო მან ამერიკელი კოლეგისგან?

ჰამიდ კარზაი ვაშინგტონისგან ითხოვს, ავღანეთის მთავრობას შესაძლებლობა მიეცეს მეტად აკონტროლოს მის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკული ჯარები, ხოლო ავღანელი პატიმრები, რომლებიც ამერიკულ საპატიმროებში იმყოფებიან, ავღანეთის მართლმსაჯულებას გადაეცეს. მაგრამ ავღანეთის პრეზიდენტის ეს თხოვნა ვაშინგტონში უკომენტაროდ დატოვა ჯორჯ ბუშმა.

სამაგიეროდ, ”სტრატეგიული პარტნიორობის” შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ ამერიკული სარდლობა ავღანეთში და კოალიციური ძალები იტოვებენ თავისუფლად მოქმედების უფლებას სამხედრო ”ოპერაციის დაგეგმარების” პროცესში. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო კონტინგენტი მხოლოდ ამერიკული სარდლობის ბრძანებებს დაემორჩილება:

[ჯორჯ ბუშის ხმა] ” რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარები პასუხს აგებენ ამერიკის სამხედრო სარდლობის წინაშე. მაგრამ ჩვენი, ამერიკული, სარდლობა და ჩვენი დიპლომატიური მისია კონსულტაციების დონეზე თანამშრომლობენ ავღანეთის მთავრობასთან.”

ჰამიდ კარზაი ორშაბათს ვაშინგტონში ელაპარაკა ჯორჯ ბუშს და სურდა დარწმუნებულიყო, რომ ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთის ხელისუფლებას დაეთათბირებიან სამხედრო ოპერაციის, რეიდების ანდა თალიბანის წევრების ძებნის მიზნით ავღანელთა სახლებში ჩხრეკის დაწყების წინ. თუმცა ერთობლივ პრესკონფერენციაზე კარზაის ამ პრობლემის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კი ცდილობდა ნაკლები ენთუზიაზმით ელაპარაკა ავღანელი კოლეგის თხოვნაზე,რომ განხორციელდეს ავღანელი პატიმრების ექსტრადაცია. 2001 წლიდან მოყოლებული, კუბაში, გუანტანამოს ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, იმყოფება 500-მდე ავღანელი პატიმარი, რომლებიც ან მოძრაობა თალიბანის წევრები არიან, ან მისი მხარდამჭერები. ვარაუდობენ, რომ ასობით პატიმარი ავღანეთის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა საპატიმრო ადგილას იმყოფება. კარზაის თქმით, თავდაპირველად ამერიკის უფლება იყო ამ ადამიანების იზოლირება, მაგრამ ახლა დადგა დრო, მათზე ავღანეთმა იზრუნოს. მაგრამ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ პატიმრების ექსტრადიციას დრო დასჭირდება:
[ჯორჯ ბუშის ხმა] ”რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას გუანტანამოსთან დაკავშირებით, ერთია, რომ გვსურს ეს ადამიანები სახლში დაბრუნდნენ, მაგრამ, მეორე მხრივ, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ავღანეთში საპატიმროები შესაბამისად არის მოწყობილი და რომ არსებობს პირობები ადამიანების ცხოვრებისათვის, კვებისა და დაცვისათვის.”

ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ორ პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა ამერიკულ სამხედრო საპატიმროებში პატიმრების შეურაცხყოფის თაობაზე - კონკრეტულად, ბაგრამის ბაზაზე ორი ავღანელი კაცის მკვლელობაზე, რასაც პენტაგონი იძიებს. ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ იგი ამ მკვლელობას არ განიხილავს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკის შედეგს:

[ჰამიდ კარზაის ხმა] ” პატიმრებთან მოპყრობის დროს წესების დარღვევა - ეს მხოლოდ ცალკეული ადამიანების დანაშაულია და არა სხვა ვინმესი. ავღანელი ხალხი მადლიერია, გულითადად მადლიერია ამერიკელი ხალხისა და ესმის, რომ ცალკეული პირების საქციელს არაფერი აქვს საერთო არც მთავრობასთან და არც საზოგადოებასთან.”

ჰამიდ კარზაი ვაშინგტონში ასევე შეეხო ამასწინანდელ მასობრივ მღელვარებებს ავღანეთში, წმინდა წიგნის - ყურანის - შეურაცხყოფის შესახებ ”ნიუსვიკში” დაბეჭდილმა ცნობამ რომ გამოიწვია. ავღანეთის პრეზიდენტის თქმით, პროტესტი ინსპირირებული იყო იმ ადამიანების მიერ, ვინც ამერიკისა და ავღანეთის გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩაშლითაა დაინტერესებული.
XS
SM
MD
LG