Accessibility links

logo-print

თბილისში პანიკაა - ადამიანებს ლეიშმანიოზის ეშინიათ


ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ზომით კოღოზე პატარა მწერმა, ლამისაა, მთელი თბილისი შეძრა და ნამდვილი პანიკა გამოიწვია. საქმე ის არის, რომ ფლებოტომუსის მიერ გავრცელებული დაავადების - ლეიშმანიოზის შემთხვევათა რიცხვმა ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა.

დაავადებულთა რიცხვის მატება წელსაც შეინიშნება, თუმცა, როგორც გვამშვიდებენ, მონაცემები ჯერჯერობით უმნიშვნელოა. ლეიშმანიოზი ძირითადად ბავშვებს ემუქრება. საგულისხმოა, რომ პაციენტების 75 პროცენტს 4 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. სად უნდა ვეძებოთ ფლებოტომუსი, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები მისგან და როგორია ლეიშმანიოზის კლინიკური ნიშნები. ამის გარკვევას ლელა კუნჭულია შეეცადა.

როგორც ჩანს, მშობლების პანიკა თბილისში მანამდე დაიწყო, ვიდრე ლეიშმანიოზის გადამტანი მწერი ფლებოტომუსი ამოქმედდებოდა:

(პაატა იმნაძის ხმა) ”ჯერ ერთი, ჯერ არ გამოფრენილან. ახლა გამოფრინდებიან, ცოტა ხანში. ახლა, რომ დაცხა, დაახლოებით ერთ-ორ კვირაში გამოფრინდებიან. ესე იგი, ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე იკბინებიან. მაგათ სჭირდებათ, ესე იგი, ნესტიანი, დაჩრდილული, ოღონდ - მაღალი ტემპერატურის ადგილი”. (სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის სიტყვებიდანაც ჩანს, ფლებოტომუსის გააქტიურების სეზონი უკვე არცისე შორს არის. ოდნავ ნაადრევი შიშის საფუძველი კი, თბილისელებს დაავადების გაზრდილმა სტატისტიკამ მისცა:

(პაატა იმნაძის ხმა) ”შარშან ამ დროისთვის თბილისში იყო - 50 და ახლა არის 54 შემთხვევა. მაგრამ ესენი წლევანდელი არცერთი არ არის, ესენი სულყველა არის შარშან ავად გამხდარი. ამას ინკუბაცია აქვს ძალიან გრძელი - დაწყებული ერთი თვიდან, დამთავრებული ერთი წლით”. (სტილი დაცულია)

ლეიშმანიოზის შემთხვევათა რიცხვი, საერთო ანგარიშით, საგრძნობლად არის გაზრდილი ბოლო წლებშიც. ამ ფაქტს ექსპერტები ძირითადად მაწანწალა ძაღლების მომრავლებით ხსნიან, რადგანაც ლეიშმანიოზის წყაროს თბილისში სწორედ დაავადებული ძაღლები წარმოადგენენ. ბოლო წლებში შესამჩნევი გახდა ისიც, რომ ფლებოტომუსი თანდათან საცხოვრებელ ტერიტორიასაც იფართოვებს:

(პაატა იმნაძის ხმა) ”ადრე, ესე იგი, 7-8 წლის წინათ, იყო, აი, დაწყებული ბაგებიდან დამთავრებული კრწანისით - აი, ასე ვთქვათ, მთისპირა, ტყისპირა უბნები. ახლა თბილისში უკვე შემოსულია და ისანი-სამგორში და მარცხენა სანაპიროზე იმდენივეა შემთხვევები, რაც მარჯვენა სანაპიროზე”. (სტილი დაცულია)

ბოლო დროს გამოვლენილ შემთხვევათა გაზრდილი რიცხვის მიუხედავად, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს:

(ლადო ჭიპაშვილის ხმა) ”არანაირ ეპიდემიურ აფეთქებასთან ჩვენ საქმე არა გვაქვს”. (სტილი დაცულია)

თუმცა ის ფაქტი, რომ ეპიდემია არ არის მოსალოდნელი, მშობლებს მაინცდამაინც ვერ ამშვიდებს:

(მშობლის ხმა) ”მართლა აღარ ვიცი ახლა, ბავშვი რანაირად დავამწყვდიო რვის ნახევრიდან სახლში?! ყველაზე კარგი ჰაერი როცა არის გარეთ... კუს ტბაზე და ვაკის პარკში არ წაიყვანოთო და... მე ახლა ის მაინტერესებს, და არცკი ვიცი სად გავიგო, წყნეთში რომ ავიყვან ბავშვს, დაბინდების მერე არ უნდა გავიყვანო, თუ უნდა გავიყვანო...”. (სტილი დაცულია)

წყნეთის შესახებ დასმულ შეკითხვას პაატა იმნაძე ასე პასუხობს:

(პაატა იმნაის ხმა) ”წყნეთში ერთი შემთხვევა იყო ორი წლის წინათ, მეტი არ ყოფილა. მაგრამ ისე წყნეთი ისტორიულად კერა იყო”. (სტილი დაცულია)

ერთი სიტყვით, სიფრთხილე საჭიროა ყველგან, თუმცა მხოლოდ საღამოს საათებში და ღამით:

(პაატა იმნაძის ხმა) ”გამოფრინდება ხოლმე მზის ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე. ბავშვები ღამე უნდა იყვნენ სახლში”. (სტილი დაცულია)

ლეიშმანიოზით დაავადებულებს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით მკურნალობს, თუმცა საჭიროა დიაგნოზის დროულად დასმა:

(პაატა იმნაძის ხმა) ”ბავშვს თუ აქვს, ასე ვთქვათ, გაურკვეველი სიცხე ერთი კვირა, ორი კვირა, აუცილებლად პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში უნდა გამორიცხონ ლეიშმანიოზი. მსუბუქად იწყება, პატარა სიცხეებით - 37; 37,5; 38. შეიძლება იყოს ეს ერთი კვირა, ორი კვირა, სამი კვირა, ამიტომ თუ არ გაუარა ბავშვს, უნდა გამოირიცხოს ლეიშმანიოზი. მერე იწყება უკვე, ვთქვათ, ღვიძლის გადიდება, ელენთის გადიდება და სისხლნაკლულობა საკმაოდ ისეთი, მნიშვნელოვანი. ოღონდ ეს ყველაფერი ნელ-ნელა ვითარდება ძალიან, თვეების მანძილზე”. (სტილი დაცულია)

ერთი სიტყვით, პაატა იმნაძე მშობლებს ყურადღებას ურჩევს და კიდევ იმას, რომ ზაფხული ლეიშმანიოზზე ფიქრით არ გაიმწარონ.
XS
SM
MD
LG