Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა ცესკო-ს წევრობის კანდიდატურების წარდგენა


დავით პაიჭაძე, თბილისი მსმენელებმა იციან, რომ საქართველოში ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა შედგეს. კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებმა უკვე დაასრულეს საკუთარი განაცხადების წარდგენა

კონკურსში მონაწილეობისათვის. კანონის მიხედვით, საკონკურსო განაცხადთა შეტანის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2 კანდიდატურა. ეს უნდა მოხდეს მომავალ ორშაბათს, 30 აპრილს. შესაძლოა, ხუთდღიანი ვადა საკმარისი არ აღმოჩნდეს.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამწუთას შემოსულია 430-ზე მეტი განცხადება, მათ შორის, ცესკო-ს თავმჯდომარის ადგილის დასაკავებლად - 30-ზე მეტი განცხადება“, - ამბობს ლადო ლომსაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობისა და თავმჯდომარეობის მოსურნეთა შესარჩევი კომისიის სამდივნოს უფროსი. 450-მდე განაცხადის განხილვა, კანდიდატების შერჩევა და პრეზიდენტისთვის წარდგენა საკონკურსო კომისიამ ხუთ დღეში უნდა მოასწროს. საკონკურსო კომისიას ოთხი წევრი ჰყავს. დღეში მათ საშუალოდ 90 განცხადება უნდა განიხილონ. ლადო ლომსაძე ჩამოთვლის რამდენიმე კრიტერიუმს, რომელთა მიხედვით კანდიდატები უნდა შეარჩიონ:

[ლომსაძის ხმა] „ეს არის პიროვნების შრომითი გამოცდილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება, პიროვნების დადებითი რეპუტაცია, მისი პროფესია, განათლება, სამუშაო სტაჟი“...

პრეზიდენტის კანცელარიის საორგანიზაციო სამსახურის უფროსს ლელი ლაბაურს ეჭვი არ ეპარება, რომ ხუთ დღეში ოთხკაციანი კომისია თავს გაართმევს 4 ასეულზე მეტი განაცხადის ობიექტურად განხილვას. ყველა საბუთი მოწესრიგებულია, ორგანიზაციული პრობლემები არ არსებობს, კრიტერიუმები მკაფიოა, - ამბობს ლელი ლაბაური. თან, როგორც ჩანს, კანდიდატურების საგრძნობი ნაწილი თვალშისაცემად არ შეესაბამება სასურველ თანამდებობას:

[ლელი ლაბაურის ხმა] „მე თითქმის ყველა განაცხადი გადავათვალიერე და ნაწილი არის ისეთი, ვინც, უბრალოდ, კარგად ვერ გაიაზრა - დასაქმების პრობლემა აქვს და ჰგონია, რომ ამით თავის მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს. მეორე ნაწილს, შესაძლოა, მართლაც, ასე ვთქვათ, მაღალი იდეები ამოძრავებს, სურს, ემსახუროს ქვეყანას, მაგრამ ბოლომდე არა აქვს გააზრებული, რამდენად გამოდგება ამ ამპლუაში და ა.შ. ასე რომ, ჩემთან თავმოყრილი მასალიდან შერჩევა ძალიან ძნელი არ უნდა იყოს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია.“

მე დავინტერესდი, ფართო საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილ სახეთაგან ვინ შეიტანა განაცხადი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობაზე. შესარჩევი კომისიის მდივანი ლადო ლომსაძე ამბობს, რომ ყველაზე ცნობილად გინესის რეკორდსმენი მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა მიაჩნია.

მე დავუკავშირდი მდიდარი საარჩევნო გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის - „დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების“ - ერთ-ერთ ხელმძღვანელს, თამარ ჟვანიას, ვისგანაც შევიტყვე, რომ არც მას და არც ორგანიზაციის ცენტრალური ოფისის არც ერთ თანამშრომელს არ შეუტანია განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობასა თუ თავმჯდომარეობაზე. თამარ ჟვანია ასეთ პოზიციას იმით ხსნის, რომ ორგანიზაციის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ სადამკვირვებლო მისია და დამკვირვებელთა შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე:

[ჟვანიას ხმა] „ჩვენ ვთვლით, რომ ბოლოს, 28 მარტს, ჩატარებული არჩევნები მაინც არ იყო მაღალი დემოკრატიული სტანდარტების მქონე და ბევრი შეცდომა დაუშვეს. ჯერაც ბევრი საქმეა გასაკეთებელი ამ ქვეყანაში ნეიტრალური თვალით, სანამ პოლიტიკური კულტურა უფრო მაღალ დონეზე არ იქნება. ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ სადამკვირვებლო, ნეიტრალური შეხედულება სჭირდება ამ ქვეყანას.“(სტილი დაცულია)

დასასრულ, დავუბრუნდეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატებს: ფართო საზოგადოებას ორიოდ დღეში ექნება საშუალება გაიგოს, რა ხალხიდან არჩეული ადამიანები დაითვლიან და, საბოლოოდ, დაამტკიცებენ მათ ხმებს არჩევნებში. კანდიდატების სრული სია სწორედ ამ ვადაში გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG