Accessibility links

logo-print

ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი - სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ბატონობის ერის დასასრული


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდროინდელმა პრესამ ვრცელი პუბლიკაციები მიუძღვნა საქართველოს ენერგომომარაგების საკითხს, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენის ამოქმედებას,

რომლის საზეიმო ცერემონია ხვალ, 25 მაისს, გაიმართება აზერბაიჯანში. ამ თემასთან ერთად დღევანდელ მიმოხილვაში შევეხებით რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებულ წერილებს.

20 მაისის გაზეთ ”მოსკოვსკიე ნოვოსტის” თქმით, ”ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის ამოქმედება ნიშნავს ამიერკავკასიაში რუსეთის ბატონობის ერის დასასრულს.” ”მილის ტექნიკური და ეკონომიკური პრობლემები არაფერია პროექტის პოლიტიკურ სარგებლობასთან შედარებით”, - წერს გაზეთი.

”მოსკოვსკიე ნოვოსტის” კიდევ ერთ წერილში კი ნათქვამია, რომ ”საქართველოსთვის გაცილებით სერიოზული პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს ბაქო-თბილისი-ერზერუმის მშენებარე საექსპორტო გაზსადენს, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პარალელურად გაჰყავთ.”

გაზეთი აღნიშნავს: ”ამჟამად საქართველოს ბაზარზე გაზის ერთადერთი მიმწოდებლები რუსეთის კომპანიები ”გაზპრომი” და ”იტერა” არიან, მაგრამ სააკაშვილმა ქვეყნის მთავრობის წინაშე დასვა ამოცანა: დივერსიფიცირებულ იქნეს ენერგომატარებლების მიწოდების წყაროები. ეს ეხება არა მხოლოდ ბუნებრივ აირს, არამედ ელექტროენერგიასაც.

საქართველოს სურს, რომ გათავისუფლდეს რუსეთზე სრული ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან და გაზის მიღების ალტერნატიულ გზებს ეძებს. საქართველოსთვის ყველაზე რეალურია გაზის მიღება აზერბაიჯანის
შაჰ-დენიზის საბადოდან. ”

რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ბაზების პრობლემატიკას, 19 მაისის გაზეთ ”როსიაში” ჟურნალისტი ვლადიმირ ჩესნოკოვი წერს: ”გულახდილად რომ ვთქვა, აუტანელია იმის ცქერა, თუ რაოდენ უთავბოლოდ და უსუსურად ეკინკლავება საქართველოს რუსეთი თავისი სამხედრო ბაზების გამო. თანაც, ეს უთავბოლობა და უსუსურობა არსებითად ყველაფერში ვლინდება - ჩვენი იქ ყოფნის გეოპოლიტიკურ საჭიროებაზე ბუნდოვანი განმარტებებით დაწყებული და საქართველოს ხელისუფლებასთან ყოველდღიური კონტაქტებით დამთავრებული.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ბაზები რუსეთს მაინცდამაინც არც სჭირდება, ვინაიდან ისინი მაშინ ახსენდებათ, როცა თბილისი მორიგ ჯერზე მათ უსწრაფეს გაყვანას ითხოვს.”

23 მაისის გაზეთ ”კომერსანტის” წერილი ეძღვნება ბათუმში მომხდარ ინციდენტს, როცა საქართველოს პოლიციამ დააკავა რუსეთის 4 ჯარისკაცი, რომლებიც ხულიგნობაში დაადანაშაულეს. გაზეთი აღნიშნავს, რომ შაბათს ინციდენტს გამოეხმაურა რუსეთის საელჩო თბილისში და განაცხადა, რომ ”სამხედრო მოსამსახურეები სრულიად უმიზეზოდ დააკავეს; ამასთან, სრულიად აშკარაა, რომ ამ აქციის შესახებ წინასწარ შეატყობინეს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.”

გაზეთის თქმით, ”დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მოქმედება მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გართულდეს სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების ატმოსფერო. საელჩოს განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია: ”საქართველოში რუსეთის საელჩო იძულებულია განიხილოს საკითხი იმის თაობაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს ურჩიოს, თავი შეიკავონ ნებისმიერი გამგზავრებისგან ბათუმში და, საერთოდ, აჭარაში, და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს რუსეთის იმიგრაციულ და სასაზღვრო სამსახურებს.”

ამ განცხადებამ საკურორტო სეზონის მოახლოების გამო აურზაური გამოიწვია საქართველოში. მაგრამ ქვეყნის პრემიერის აპარატის წამყვანმა სპეციალისტმა ნიკა ლაღიძემ ”კომერსანტს” განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მოწოდება, თავისთავად, სერიოზულად ვერ იმოქმედებს დამსვენებელთა რაოდენობაზე.”
XS
SM
MD
LG