Accessibility links

logo-print

ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების დახურვის კონკრეტული ვადა კვლავ უცნობია

  • ნინო როდონაია

სამშაბათს თბილისში რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი დასრულდა. შედეგი მხოლოდ ის არის,

რომ ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების დახურვის ვადებთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის პოზიციებში საგრძნობი განსხვავება აღარ არის. კონკრეტული დროით გამოხატული სხვაობა მოლაპარაკების მონაწილეებმა არ გაამხილეს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პრეროგატივად გამოაცხადეს.

საქართველოსა და რუსეთის პოზიციები სამხედრო ბაზების გაუქმების ვადასთან დაკავშირებით საგრძნობლად დაახლოვდა და თითქმის სრულადაა შეთანხმებული ერთობლივი განცხადების პროექტი, რომელსაც ხელი პრეზიდენტებმა უნდა მოაწერონ - ზოგადად, ამ ოფიციალური კომენტარით დასრულდა თბილისში ორდღიანი მოლაპარაკება, რომელშიც საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები და სამხედრო ექსპერტები მონაწილეობდნენ. ყველაზე საინტერესო, კერძოდ, ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების დახურვის კონკრეტული ვადა კვლავ უცნობია:

[იგორ სავოლსკის ხმა] ,,რაც შეეხება ვადებს, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ის შეთანხმებულია. შესაბამისად, არ მსურს დავასახელო ის რიცხვები, რომლის გამოც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. თუმცა განსხვავება იმდენად დიდი არ არის, რომ მისი დაძლევა არ შეიძლებოდეს.”

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს იგორ სავოლსკის ეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძეც, რომელიც იმედს პოლიტიკურ კონტაქტებზე ამყარებს:

[მერაბ ანთაძის ხმა] ,,განსხვავება ძალიან დიდი აღარ არის. ჩვენ ძირითადი ნაწილი უკვე შევათანხმეთ და დარჩა ის პრობლემა, რომელიც პოლიტიკური კონტაქტების დონეზე, იმედია, უახლოეს მომავალში გადაწყდება.” (სტილი დაცულია)

არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისი მოითხოვს, რომ ახალქალაქის ბაზა 2007 წლის პირველ ივლისამდე გაუქმდეს, ბათუმის კი - 2008 წლის 1 მარტამდე.
თავის მხრივ, მოსკოვი აცხადებს, რომ მზად არის ახალქალაქის ბაზა 2007 წლის ბოლოს დახუროს, ბათუმის კი - 2008 წლის განმავლობაში.
საქართველოს ხელისუფლებას, საბოლოოდ, წარმატებული მოლაპარაკების იმედი აქვს, განსხვავებით ,,მემარჯვენე ოპოზიციისგან,” რომლის ლიდერის, დავით გამყრელიძის, განცხადებით, სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მოლაპარაკება ან ჩაიშლება, ან თბილისისთვის საზიანო შედეგით დასრულდება. მემარჯვენეების ლიდერი შეშფოთების საფუძვლად ასახელებს პარლამენტის წევრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დახურული შეხვედრისას მიღებულ ინფორმაციას. ხელისუფლების თხოვნის გათვალისწინებით, დავით გამყრელიძე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ მისი ეჭვი უკავშირდება ბაზების ნაცვლად ერთობლივი ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შესაძლო შექმნას, რაც, იურიდიული სტატუსის გამო, ბაზებზე უფრო სერიოზულ პრობლემად იქცევა:

[დავით გამყრელიძის ხმა] ,,ბაზებს დღეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არა აქვთ. ბაზების გაყვანის შემდეგ თუ ჩვენ შევთანხმდით და საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად ხელშეკრულება გააფორმა ამ ანტიტერორისტული ცენტრების შექმნის შესახებ, ეს უკვე იქნება სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა, რუსულმა სამხედრო ძალამ აქ გააგრძელოს, ამ შემთხვევაში, უკვე ლეგიტიმური მოქმედება.” (სტილი დაცულია)

დავით გამყრელიძის ინფორმაციით, ხელისუფლების თხოვნაა, რომ ორი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებასთან დაკავშირებული დეტალები არ გახმაურდეს. ამიტომ ამ ვადის ამოწურვამდე მემარჯვენეები მწვავე განცხადებებისგან თავს შეიკავებენ. ბაზებთან დაკავშირებული მოლაპარაკების დეტალებით სამშაბათს აშშ-ის ელჩიც დაინტერესდა და ინფორმაცია უშუალოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიიღო. ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მაილსმა კვლავ დაადასტურა სამხედრო ბაზების დახურვისადმი აშშ-ის ინტერესი და დასძინა, რომ ამ ეტაპზე ვაშინგტონს რაიმე კონკრეტული რეკომენდაცია არა აქვს. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის სურვილი საჯაროდ მხოლოდ იმით გამოიხატება, რომ საქართველომ და რუსეთმა ბაზების პრობლემა მოლაპარაკების შედეგად უნდა მოაგვარონ. თუკი პარლამენტში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრისას დასახელებულ ორკვირიან ვადას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბაზებთან დაკავშირებული მოლაპარაკება ამ პერიოდის ამოწურვამდე საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით განახლდება.
XS
SM
MD
LG