Accessibility links

logo-print

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პრეზიდენტის არჩევნებისთვის ემზადება


როგორც ცნობილია, 20 მაისს ამოიწურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენის ვადა. 11 ივნისისათვის დანიშნულ არჩევნებში, რომელმაც ქართული ფეხბურთის თავკაცი უნდა გამოავლინოს,

კენჭს იყრის სამი კანდიდატი: ნოდარ ახალკაცი-უმცროსი, პარლამენტის წევრი ვლადიმირ გუცაევი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე. კიდევ ერთმა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რევაზ არველაძემ, რომელიც 24 მაისამდე აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა, ყველასათვის მოულოდნელად საკუთარი კანდიდატურა ნოდარ ახალკაცის სასარგებლოდ მოხსნა.

ქართულ ფეხბურთს რომ საუკეთესო დღეები არ უდგას, ამაზე თუნდაც შემდეგი ფაქტები მეტყველებს: ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია წინასწარ პატიმრობაშია აყვანილი; ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მოხვედრის პრაქტიკული შანსი უკვე დაკარგა და, ბოლოს, ეროვნული ჩემპიონატის მატჩები წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, მაყურებლის გარეშე, ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ტარდება. რიგითი გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ ისეთი დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, უკეთეს ხვედრს იმსახურებს:

[მამაკაცის ხმა] „დიღმის მასივში ბაზის გვერდზე ვცხოვრობდი და „დინამოს“ ვარჯიშებს არ ვაცდენდით, ისეთი საყურებელი იყო. „სპარტაკს“, „ტორპედოს“, „ცსკა“-ს გაიფენდნენ ხოლმე ქვეშ. ადრე თბილისის „დინამო“ თურქეთის ნაკრებს სტამბულში მოუგებდა, საბერძნეთსაც. ახლა რა გვიყვეს, ნახეთ. ცოდონი ვართ ქართველები, ჩვენ უკეთესი გვეკუთვნის.“

გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ 11 ივნისისათვის დანიშნულ არჩევნებში პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს, თუმცა, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსი ლევან სალუქვაძე განმარტავს, ყველაფერს რიგგარეშე ყრილობის 26 დელეგატი გადაწყვეტს.

[ლევან სალუქვაძის ხმა] „ხმათა უმრავლესობა, ანუ 14 ხმა, ირჩევს პრეზიდენტს. თუ პირველ ტურში არ დაგროვდა საჭირო რაოდენობა, ყველაზე ნაკლებ ხმას ვინც მიიღებს, ის ვერ გავა შემდეგ ტურში. მაგალითად, თუ ოთხი იყო, დარჩება სამი და ასე შემდეგ. მაგრამ უკვე დარჩა სამი კანდიდატი, ვინაიდან რეზო არველაძემ მოხსნა კანდიდატურა ნოდარ ახალკაცის სასარგებლოდ.“

უცნაურია, მაგრამ რევაზ არველაძემ გადაწყვეტილება 24 მაისს, საარჩევნო შტაბის გახსნიდან ორიოდე დღის შემდეგ, მიიღო. ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ კანდიდატურა ნოდარ ახალკაცის სასარგებლოდ მოხსნა, თუმცა, ვიდრე არველაძე საარჩევნო მარათონს ჩამოშორდებოდა, საყურადღებო განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ყველა, ვინც ციცქნიდა ფეხბურთს, ისევ მიძვრება ფედერაციის თავმჯდომარედ. მე არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ, სიტყვაზე, ვოვა გუცაევს, მაგრამ სხვა ხალხიც არის ისეთი, რომლებიც, აშკარად, მიძვრებიან იქ, სადაც საჭირო არ არის.“

რაც შეეხება ფეხბურთის გულშემატკივრებს, ისინი იმედოვნებენ, რომ არჩევნების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელს ახალი, სუფთა წარსულის მქონე ადამიანი დაიკავებს.

[მამაკაცის ხმა] „ფეხბურთი უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ ბევრი კარგი ახალგაზრდაა საქართველოში, ფეხბურთიც გვქონდა და უკეთესი უნდა გახდეს, გახდეს ტოტალური.“

[მამაკაცის ხმა] „მან მეურნე კაცი უნდა, რომ დაალაგოს საქმე. კარგი ფეხბურთელობა აუცილებელი არ არის, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყოს.”

[მამაკაცის ხმა] „ყველას უნდა, რომ ხვალვე ფეხზე დადგეს ფეხბურთი, მაგრამ ორ წელიწადში შეიძლება რამე შედეგი ვაჩვენოთ, ევროპის საკლუბო დონეზე მაინც რომ გავიდეთ. ხალხი უნდა მოვიდეს გონზე, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას და გადაწყვტილება ისე მიიღოს.“

და ბოლოს - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები 11 ივნისს, 12 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება. ყრილობის დელეგატთა წარდგინების ვადა კი 25 მაისს, საღამოს ექვს საათზე, ამოიწურა.
XS
SM
MD
LG