Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის მდგომარეობა სტაბილურია


ერაყში დაჭრილი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქუთათელაძის, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. შავნაბადას ბატალიონის ოცეულის მეთაური, რომელიც სამშაბათს ბაღდადის მახლობლად ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა,

მაჯის ამპუტირების შემდეგ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. აფეთქების მომენტში მიხეილ ქუთათელაძესთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა სამი ამერიკელი ჯარისკაცი. სამივე დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მომხდარის დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, ავტომობილი წინასწარ დაუზვერავ ტერიტორიაზე მოძრაობდა.

სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული, საჩხერელი მიხეილ ქუთათელაძე ერაყში ორი თვის წინ გაემგზავრა. შავნაბადას ბატალიონის ოცეულის მეთაური ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებლის, ბესიკ ქუთათელაძის, ძმისშვილია. ამჟამად ერაყში გვარდიის ყოფილი სარდლის ვაჟი თენგიზ ქუთათელაძეც იმყოფება. სპარსეთის ყურეში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ორი წლის წინ მიიღო. 2003 წლის აგვისტოდან დღემდე ერაყში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 70-დან 850-მდე გაიზარდა. მიხეილ ქუთათელაძე ერაყში დაშავებულ ქართველთაგან პირველი არ არის: 2 წლის წინ ქალაქ ტიკრიტთან, აფეთქებით გამოწვეული ხანძრის ლიკვიდაციისას, 4 ქართველი ჯარისკაცი დაშავდა. თუმცა, მათთან შედარებით, მიხეილ ქუთათელაძის ჭრილობები და მდგომარეობა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა. ,,რაც უფრო მეტი იქნება ერაყში მყოფ ქართველ სამხედროთა რაოდენობა, მით უფრო დიდი იქნება საფრთხეც,” - ამბობს გაზეთ ,,კვირის პალიტრის” მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ,,სიმართლე გითხრათ, მთელი ეს პერიოდი, რაც ჩვენი ქართველები არიან ერაყში, მუდამ რაღაც ცუდს ველი. საბედნიეროდ, დაღუპვა დღემდე არ მომხდარა და ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ უნდა ჩვენ გავითვითცნობიეროთ, რომ თუ ჯარისკაცებს ჩვენსას ვაგზავნით იქ, სადაც ფრონტის ხაზის გარეშე მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები, ანუ პარტიზანული ომია, წინასწარ მზად უნდა ვიყოთ, რომ რაღაც ამგვარი შეგვემთხვევა.” (სტილი დაცულია)

სამხედრო საკითხთა ექსპერტს მიაჩნია, რომ, თუ საქართველო საერთაშორისო კოალიციაში მონაწილეობით აშშ-ისადმი სიმბოლურ მხარდაჭერას გამოხატავს, ერაყში ერთი ასეულის ყოფნაც საკმარისი იქნებოდა.
,,ამ საკითხს წყვეტს სახელმწიფო, რომელსაც აშშ-თან გარკვეული სამოკავშირეო ვალდებულება აქვს,” - ამბობს ,,ტრადიციონალისტთა კავშირის” თავმჯდომარე აკაკი ასათიანი, რომლის ვაჟი, თორნიკე, ამჟამად ერაყში იმყოფება:

[აკაკი ასათიანის ხმა] ,,ყველა შემთხვევაში ეს იქნებოდა სანერვიულო თემა - ჩვენი ჯარისკაცები ერაყში. ჩემთვის - იმ შემთხვევაშიც, თუ ჩემი ვაჟი არ იქნებოდა. მანამდეც ვადევნებდი თვალს და მაწუხებდა ეს საკითხი. მაგრამ, მე მგონი, უნდა ვიფიქროთ იმავე ამერიკელებთან ერთად, რომ ერაყის პრობლემა ისე მოგვარდეს, რომ ეს პრობლემები არ იყოს.” (სტილი დაცულია)

აკაკი ასათიანს მიაჩნია, რომ ერაყიდან ქართველი სამხედროების სრულად გამოყვანის საკითხი საფრთხილო თემაა, თუმცა ხელისუფლებამ მისიის ფორმატსა და კონტინგენტის გაზრდის მიზანშეწონილობაზე უნდა იფიქროს.
ერაყში მიხეილ ქუთათელაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ოთხშაბათს პრეს-კონფერენცია გამართა სახალხო დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ, რომელიც გასული წლიდან მოითხოვს ერაყიდან ქართველ სამხედროთა გამოყვანას. მას ეჭვი აქვს, რომ ერაყში მყოფ ჯარისკაცებთან დაკავშირებული სხვა შემთხვევები იმალება:

[ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ხმა] ,,არავინ არ იცის, სინამდვილეში რა ხდება კიდევ იქ და საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ მოარული ხმები გვესმის, საკმაოდ შემაშფოთებელი. საუბარია ბოლო ნაკადზე, რომელიც გაეროს შტაბბინის დაცვაში წაიყვანეს. ანუ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია ერაყში.” (სტილი დაცულია)

ირინა სარიშვილი-ჭანტურია მიიჩნევს, რომ ერაყში ქართველ სამხედროთა ყოფნა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ პირადად ჯარისკაცებს, არამედ სახელმწიფოსაც. ერთი თვის წინ სახალხო დაცვის ლიგამ, 34 ათას 200 მოქალაქის ხელმოწერით, საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად უნდა აიკრძალოს უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე საომარ ოპერაციებში საქართველოს საჯარისო ფორმირებების მონაწილეობა. ლიგას მიაჩნია, რომ ამჟამად ერაყში არა სამშვიდობო, არამედ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. თუ პარლამენტი უარს იტყვის მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაზე, სახალხო დაცვის ლიგა ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას გეგმავს და მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიებისგან ითხოვს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG