Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეიშნელის" წლიური ანგარიში


ოთხშაბათს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშნელის" წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე.

ანგარიშის ყურადღების ცენტრშია ტერორიზმის წინააღმდეგ ომი, რომელმაც, "ამნესტის" თანახმად, ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრას უფრო შეუწყო ხელი, ვიდრე მსოფლიოში ძალადობის აღკვეთას. ანგარიშში გასაკუთრებით მწვავე კრიტიკა არის გამოთქმული შეერთებული შტატების მისამართით, რომელმაც "აბუჩად აიგდო კანონის უზენაესობა" აბუ ღრაიბისა და გუანტანამოს საპატიმროებში და ავღანეთში, ბაღრამის ბაზაზე პატიმართა უფლებების დარღვევით. ანგარიშის მიხედვით, 2004 წელს ადამიანის უფლებების სფეროში ცუდი ვითარება იყო ირანში, რუსეთში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.

"ამნესტი ინტერნეიშნელის" გენერალური მდივნის, ირენე ხანის აზრით, გასულ წელს მთავრობებმა არა მარტო ვერ შეასრულეს ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრი ვალდებულებები, არამედ ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, გუანტანამოში, ერაყში, ავღანეთში, ჩეჩნეთში და სუდანის დარფურის რეგიონში, აშკარად უღალატეს კიდეც ამ პრინციპებს.

[ხანის ხმა] "ავიღოთ ვითარება დარფურში, სადაც გაეროს უშიშროების საბჭომ არაფერი იღონა მიუხედავად ადამიანის უფლებების მზარდი დარღვევებისა. ჩინეთის მთავრობამ არაფერი იღონა, ვინაიდან მას ნავთობის სფეროში ინტერესები აქვს ამ რეგიონში. რუსეთმა არაფერი იღონა, ვინაიდან იგი იარაღით ვაჭრობს სუდანის მთავრობასთან. და შეერთებულმა შტატებმა დარფურს გენოციდი უწოდა, მაგრამ არავითარი ეფექტიანი ზომა არ მიუღია. ანდა ავიღოთ უსაფრთხოების თაობაზე მთავრობების დაპირებები, რომლებიც საქმედ არ ქცეულა ერაყსა და ავღანეთში."

ხანის თქმით, შეერთებულმა შტატებმა, როგორც ერთპიროვნულმა ზესახელმწიფომ, ვერ შეასრულა თავისი როლი ადამიანის უფლებების სფეროში ნორმების დაწესების საქმეში. პირიქით, "ამნესტი ინტერნეიშნელი" გუანტანამოს "ჩვენი დროის გულაგს" უწოდებს.

ამ აზრს არ ეთანხმება ჰერიტიჯის ფონდის სპეციალისტი ჯეიმს ფილიპსი, რომელმაც ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ გუანტანამოს პატიმართა მიმართ მკაცრი მოპყრობა უსაფრთხოების მოსაზრებებით არის გამართლებული.

ისევე, როგორც წინა წლებში 2004 წლის ანგარიშის კრიტიკის საგანია რუსეთის პოლიტიკა ჩეჩნეთში. აქვე აღნიშნულია ჩეჩენ მეამბოხეთა მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ჩადენილი დარღვევები.

ცენტრალური აზიიდან აღნიშვნის ღირსია უზბეკეთი, სადაც კვლავაც ირღვევა ადამიანის უფლებები. ამასთან "ამნესტი" შეშეფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მსოფლიო თანამეგობრობა, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, გასულ წელს სათანადო ზეწოლას არ ახორციელებდა ტაშკენტზე, ვინაიდან ორი ქვეყნის მთავრობა ტერორიზმის წინააღმდეგ ომში თანამშრომლობს.

რაც შეეხება კავკასიას, სომხეთი და საქართველო ძირითადად გაკრიტიკებულია სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების, აზერბაიჯანი კი წამების გახშირებული შემთხვევების გამო.

წლიურ ანგარიშში საქართველოს დაახლოებით ორგვერდნახევარი ეთმობა. ანგარიშის დაახლოებით მესამედი ეძღვნება საქართველოში გასული წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების აღწერას.

სამართალდამცავ ორგანოთა მიერ ძალის გადამეტებული გამოყენება კვლავაც პრობლემად რჩება საქართველოში. ანგარიშის ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა წაახალისებდა და იწონებდა კიდეც მათ ამგვარ ქმედებას. ერთ-ერთ მაგალითად მოტანილია იმერეთის რეგიონში მომხდარი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები პოლიციამ სასტიკად სცემა. "მეორე დღეს ტელეკომპანია 'იმედის' გადაცემაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოიწონა პოლიციის ქმედება და განაცხადა, "კბილებს ჩავუმსხვრევთ ყველას, ვინც კრიმინალებს დაიცავსო," ვკითხულობთ ანგარიშში.

"ამნესტი ინტერნეიშნელის" თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დარღვევად კვლავაც რჩება პატიმართა წამება წინასწარი პატიმრობის ადგილებში. სულ მცირე ორ შემთხვევაში ამგვარი მოპყრობა პატიმართა სიკვდილით დამთავრდა.

ანგარიშში ამგვარ დარღევათა მაგალითად მოტანილია გასული წლის სექტემბერში ზუგდიდში დაპატიმრებული გენო ყულავასა და ლევან ძაძუას საქმე. ამნესტის ინფორმაციით, ყულავა ხობის პოლიციის განყოფილებაში აწამეს, ძაძუა კი ზუგდიდის პოლიციაში. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, ანუ 2004 წლის დეკემბერში ორივე ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიციის მუშაკების წინააღმდეგ ზომები არ მიუღიათ.

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მარტში პოლიციამ დააკავა რელიგიური ექსტრემიზმით ცნობილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი და მისი რვა თანამონაწილე, "ამნესტის" აზრით, ეს არ იყო იმის საკმარისი ნიშანი, რომ ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, ვინაიდან, ანგარიშის თანახმად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უშუალოდ პოლიციის ოპერაციის შემდეგ განაცხადა, რომ "სახელმწიფო და არა ექსტრემისტები უნდა იცავდნენ საქართველოს მავნე უცხო გავლენისგან."

ჩეჩენთა ექსტრადიციის თემა კვლავაც რჩება ადამიანის უფლებების დამცველთა კრიტიკის საგანი. როგორც ევროპის საბჭოს წევრი და გაეროს ლტოლვილთა შესახებ კონვენციის ხელმომწერი, საქართველო ვალდებულია თავი შეიკავოს დეპორტაციებისგან, რომლებმაც შესაძლოა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის საფრთხე შექმნას, აღნიშნულია ანგარიშში.

ბოლო ორი ნაკვეთი ეხება აჭარას. ერთში საუბარია ასლან აბაშიძის მომხრეების, მერაბ მიქელაძისა და ლაშა ჩახვაძის საქმეზე. ანგარიშის ავტორთა აზრით, მათ შეთითხნილი ბრალდებები წაუყენეს და 27 თებერვალს საპატიმროდან მათი გამოშვებისას, შესაძლოა, მიღწეულ იქნა გარიგება ამის სანაცვლოდ აჭარაში დაკავებული "კმარას" ორი წევრის გათავისუფლების თაობაზე.

ბოლოს საუბარია თავად "კმარას" ამ ორი წევრის, გოჩა ხვიჩიასა და იმედა თავდგირიძის საქმეზე. ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის გაკრიტიკებული არიან აჭარის მაშინდელი ლიდერი ასლან აბაშიძე და მისი მომხრეები.

ანგარიშის საქართველოს ნაწილის დასკვნა, რომელშიც რამდენიმე ძირითად დარღვევაზეა ყურადღება გამახვილებული, ასე ჟღერს: "პოლიცია გადამეტებულად იყენებდა ძალას რიგ შემთხვევებში. რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმების ასობით მონაწილე დაუსჯელი დარჩა. ჩეჩნებს, რომელთა გადაცემას რუსეთის ფედერაცია ითხოვს, კვლავაც ექსტრადიციის საფრთხე ემუქრება."

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ გარდა კრიტიკისა, "ამნესტი ინტერნეიშნელი" კმაყოფილებასაც გამოთქვამს ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეული წარმატებების გამო. ამ მხრივ უნდა გამოიყოს უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი.
XS
SM
MD
LG