Accessibility links

logo-print

დაეხმარება თუ არა აშშ უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ოპოზიციას


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ოთხწლიანი პერიოდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება დემოკრატიული

პროცესების გაფართოება მსოფლიოს მასშტაბით და რომ ამერიკამ თავისი წვლილი შეიტანა საქართველოსა და უკრაინის დემოკრატიულ მოძრაობებში. მაგრამ რაც შეეხება, სულ მცირე, ორ ქვეყანას, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს, ვაშინგტონი იძულებულია ფრთხილი ბალანსი შეინარჩუნოს, ერთი მხრივ, საკუთარი ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესებისა და, მეორე მხრივ, დემოკრატიისადმი ხალხის მისწრაფებების გათვალისწინებით. სწორედ ამ ბალანსის შესახებ მინდა უფრო ვრცლად გესაუბროთ.

სამი კვირის წინ, თბილისში ქართველი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მხარს უჭერს ახლად აღმოცენებულ დემოკრატიებს:

[ჯორჯ ბუშის ხმა] ” დღევანდელ დღეს, კავკასიიდან ვიდრე ცენტრალურ აზიამდე და ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ ვხედავთ თავისუფლების სურვილით გულანთებულ ახალგაზრდა ადამიანებს. ისინი ითხოვენ თავისუფლებას და ისინი მიიღებენ მას.”

ამგვარმა სულისკვეთებამ მალე იჩინა თავი აზერბაიჯანსა და უზბეკეთში. თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთეს განცხადებები უზბეკეთის თავისუფლების სასარგებლოდ მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციების შემდეგ ქალაქ ანდიჟანში ასობით ადამიანი დაიღუპა. მცირე ხნის წინ აზერბაიჯანში ოპოზიციის 30 წარმომადგენელი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ითხოვდნენ გარანტიებს მომავალი არჩევნების დემოკრატიულად და თავისუფლად ჩატარებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის მთლად მკაფიო, თუ როგორ დაეხმარება ბუშის ადმინისტრაცია აზერბაიჯანის დემოკრატიულ მოძრაობას, უკვე დაიწყო აზერბაიჯანში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება. მაგალითისათვის, ევრაზიის ფონდმა, რომელიც ნაწილობრივ ამერიკის მთავრობის მიერ ფინანსდება, ამ კვირაში გამოყო 90 ათასი დოლარის ოდენობის გრანტი აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დასაფინანსებლად.

ვაშინგტონში არსებული კარნეგის ფონდის წამყვანი სპეციალისტი მარინა ოტოუეი ამბობს, რომ აზერბაიჯანსა და უზბეკეთში მეორე გარდამავალი პერიოდია. პირველი იყო ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის პერიოდი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, მეორეა - კომუნისტური ეპოქის ლიდერებისაგან გათავისუფლებისა.

მარინა ოტოუეის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ორად არის გაყოფილი იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ დაეხმაროს პოსტკომუნისტურ ქვეყნებს დემოკრატიის გზაზე:

[მარინა ოტოუეის ხმა] ”სახელმწიფო დეპარტამენტში ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ რას გვასწავლის გარდამავალი დემოკრატიული პერიოდი პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. და ხაზი ესმება შემდეგს: ”რა გვაწავლა ჩვენ მეორე ეტაპის გარდამავალმა პერიოდმა, მილოშევიჩის დამხობამ სერბიაში, უკრაინამ და ასე შემდეგ, რაც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სხვა ქვეყნებთან მიმართებით?” (სტილი დაცულია)

მარინა ოტოუეი ვარაუდობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ძალისხმევას იმ ქვეყნისკენ წარმართავს, სადაც ეს ნაყოფს გამოიღებს. მაგრამ ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, მიიღებენ თუ არა ამერიკიდან დახმარებას აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციები. თანაც, აზერბაიჯანის დემოკრატიულ მოძრაობაში გარდატეხის დრო დგება. ამასთან, თუ სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებს სურთ დაეხმარონ საკუთარ თავს, მათ უნდა შეძლონ ერთად მუშაობა.
ნიუ-იორკში არსებული ადამიანის უფლებათდამცველი ორგანიზაციის, ”ფრიდომ ჰაუსის”, დასკვნით, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს ფართო რეფორმები სჭირდებათ. ორივე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ მცირედით გაუმჯობესდა - მას შემდეგ, რაც ისინი დამოუკიდებელნი გახდნენ. თუმცა ფაქტია ისიც, რომ აზერბაიჯანიც და უზბეკეთიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ვაშინგტონს ტაშკენტთან ახლოს საკუთარი სამხედრო ბაზაც ჰყავს, რომელიც ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ზურგს უზრუნველყოფს. ამერიკა დაინტერესებულია იმ ნავთობით, რომლის გადაქაჩვაც ოთხშაბათიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით დაიწყო.

ზემოხსენებული “ფრიდომ ჰაუსის” ანალიტიკოსი კრისტოფერ უოლკერი ამბობს, რომ ბუშის ადმინისტრაცია უნდა იყოს ფრთხილად, რათა საკუთარი ინტერესებიც დააკმაყოფილოს და არც აზერბაიაჯანელი და უზბეკი ხალხის მოთხოვნების იგნორირება მოხდეს. მით უფრო, რომ ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის:

[ქრისტოფერ უოლკერის ხმა] ”რეალურად ყალიბდება გაცილებით უფრო სრულყოფილი დიპლომატიური მიდგომა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ, ამერიკის მთავრობას, ველაპარაკოთ ამ ქვეყნების ხელისუფლებას, სადაც ჩვენ ინტერესები გვაქვს. მაგრამ ასევე განუხრელად და მტკიცედ უნდა ველაპარაკოთ ამ მთავრობებს აუცილებლობაზე, ცხოვრებაში დაამკვიდრონ დემოკრატიული პრინციპები. ასევე უნდა ველაპარაკოთ ამ ქვეყნების ხალხს, რათა იცოდნენ, რომ მხარს ვუჭერთ მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს.”

ექსპერტის თქმით, სწორედ ასეთ პოლიტიკას განასახიერებდა კოლინ პაუერი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პირველ პერიოდში. და ის მოელის, რომ ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, სწორედ ასეთი პოლიტიკის მიმდევარი იქნება თანამდებობაზე ყოფნის დროს.
XS
SM
MD
LG