Accessibility links

logo-print

რას შეცვლის პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო გზავნილები ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში?


26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამხედრო აღლუმის ბევრ მნახველს გაუჩნდა კითხვა, თუ ვის დასანახად ახდენს ძალის დემონსტრირებას საქართველო.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო აღლუმში მონაწილეობა მიიღო კარგად აღჭურვილმა 11 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მათ არ სურდათ სამხედრო აღლუმი სეპარატისტულ რეგიონებს მუქარად მიეღოთ, ამიტომ თავი შეიკავეს აღლუმზე მძიმე ტექნიკის დემონსტრირებისაგან. როგორ აღიქვეს 26 მაისის აღლუმი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში?

26 მაისს, სამხედრო აღლუმის დაწყებამდე და მის შემდეგაც, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე ახსენა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები. მან აფხაზ და ოს ხალხს მიმართა და თქვა, რომ რუსთაველზე გამოყვანილი ჯარები საქართველოს გარე აგრესიისგან დასაცავადაა გამიზნული:

[სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ კიდევ ერთხელ გიწვდით ხელს. გათიშულობის დრო უნდა დამთავრდეს, გაყოფის დრო უნდა დამთავრდეს. მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას ერთიანობისკენ. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ათინჩრა - ეს არის აფხაზურად. და ჩვენ გვინდა მშვიდობა ოსებისთვის, საბძინარ - ეს არის ოსურად. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ მშვიდობის პირობებშიც.”

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს 2004 წლის 26 მაისსაც გაუწოდა ხელი და სამშვიდობო ინიციატივებით მიმართა, თუმცა შემდეგ ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ამას ძალიან მწარედ იხსენებენ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. ცხინვალის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის ბორის ჩოჩიევის კომენტარი:

[ბორის ჩოჩიევის ხმა] ”ჩვენ სააკაშვილის მიმართ ნდობა არ გვაქვს. იმიტომ რომ გასულ წელს მან არანაკლებ სასიამოვნო სიტყვები თქვა მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით. შემდეგ კი აქ თავისი შეიარაღებული ძალები შემოიყვანა და დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. მისი გამონათქვამები მის გუნება-განწყობაზეა დამოკიდებული. მათ არ აქვთ მკაფიო პოლიტიკური ხაზი და საერთოდ არავითარი ორიენტირი - დღეს ერთი აქვთ, ხვალ მეორე.”

ჩოჩიევისაგან განსხვავებით, უფრო დიპლომატიური აღმოჩნდა ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა:

[სერგეი შამბას ხმა] ”დარწმუნებული ვარ და ყველასათვის ნათელია, რომ ნებისმიერი საომარი ხასიათის განცხადებები ქვეყნის ხელმძღვანელისგან იწვევს მხოლოდ ურთიერთობების გართულებას. ასეთი სამშვიდობო სიტყვები კი ხელს შეუწყობს უფრო მეტ ურთიერთგაგებას მხარეებს შორის. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას. შესაძლოა, ამან დადებითად იმოქმედოს მოლაპარაკებათა პროცესზეც.”

ისევე როგორც სერგეი შამბა, ბორის ჩოჩიევიც ვერ ხედავს სამხედრო მუქარას გაზრდილი და აღჭურვილი ქართული არმიის დემონსტრირებაში, რადგან, წინა წლების გამოცდილებით, კარგად იციან, რომ ქართველებთან სამხედრო კონფლიქტში გადამწყვეტი არა ცოცხალი ძალის რაოდენობაა, არამედ ჩრდილოელი მეზობლის განწყობა. თუმცა კი როგორც ერთი, ასევე მეორე სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლებს მაინც უჩნდებათ კითხვა, რომელი მტრისგან დასაცავად სჭირდება საქართველოს 26 მაისის სამხედრო აღლუმზე ნაჩვენები ქართული არმიის ცოცხალი ძალა.
XS
SM
MD
LG