Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


593-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 593-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატივაზე; მოგითხრობთ ქართველი დიდოსტატის წარმატებაზე მინეაპოლისის საჭადრაკო ტურნირში; გავიხსენებთ საქართველოს ისტორიის ერთ მნიშვნელოვან, მაგრამ მივიწყებულ მოვლენას; გაგაცნობთ ერთი ფასდაუდებელი ხელნაწერის დრამატულ თავგადასავალს; გადაცემას დავასრულებთ მასალით კანის კინოფესტივალისა და ევროვიზიის კონკურსის შესახებ.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


რა არის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატივა

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოში დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმით აღნიშნეს. სახელმწიფოს უმაღლესი რანგის მოხელეები ხშირად ლაპარაკობენ არმიის გაძლიერების სიკეთეზე. არაერთ სოციალურ რეკლამაში ჩნდებიან სამხედრო ფორმით შემოსილი პირები. ცალკე რეკლამას უწევენ შეიარაღებული ძალების აღმშენებლობას. ჯარში სამსახურის მოსურნეებს ჰპირდებიან საუკეთესო პირობებს. მოქალაქეებს რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას არმიის ახალ აღჭურვილობაზე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების თანამშრომლობაზე სამხედრო სფეროში. სწორედ ასეთი ფონი შევარჩიეთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატიული, შრომითი სამსახურის შესახებ თხრობისთვის, რომლის კანონი საქართველოში, დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ, პრაქტიკულად, არ მოქმედებს. რა მომავალი აქვს ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს, ამაზე დავით პაიჭაძე ილაპარაკებს.

ალტერნატიული სამსახურის არსებობა თავის სასარგებლოდ პირველად ამ ექვსიოდე წლის წინ გამოიყენა იმხანად სრულიად უცნობმა ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა ახალციხიდან. თავის კოლეგასთან ერთად მან გამოაქვეყნა წერილი ჰომოსექსუალისტური კავშირების შესახებ ახალციხის სამხედრო ნაწილში, რის გამოც სასწრაფოდ დაუპირეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწესება. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მოითხოვს ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლას და სასამართლოს მიმართა. სასამართლომ, რაკიღა საქართველოში უკვე არსებობდა კანონი ასეთი სამსახურის შესახებ, სამხედროებს არ მისცა უფლება, ჟურნალისტი მაინცდამაინც ჯარში გაეწვიათ.

დღეს დიდი მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდეს, რომ ეს ჟურნალისტი ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამირან მესხელია, ხოლო მისი ხსენებული კოლეგა, ამავე უწყების პრეს სამსახურის უფროსი, გურამ დონაძე. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სამხედრო სამსახურის სრულფასოვან ალტერნატივად სამოქალაქო შრომითი სამსახური ამ ხნის მანძილზე ვერ იქცა. ამირან მესხელი მაშინ ვერც ალტერნატიულ სამსახურში გაიწვიეს, რადგან კანონი არსებობდა, სამსახური კი - არა.

ალტერნატიულ შრომით სამსახურში მსურველთა განაწილება დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის სამინისტროს საქვეუწყებო დეპარტამენტს ევალება, რომლის უფროსია თადარიგის პოლკოვნიკი იოსებ ბარნაბიშვილი. შეკითხვას, ვინ შეადგენს დღეს ალტერნატიული შრომითი სამსახურის მცირერიცხოვან კონტინგენტს, ბარნაბიშვილი ასე უპასუხებს:

[ბარნაბიშვილის ხმა] “ესენი არიან, ძირითადად, ძალიან დაბალი ფენის წარმომადგენლები, გაჭირვებულები, განათლების დაბალი ცენზით, რომლებმაც გამონახეს რაღაც რელიგიური კუთხით… ესენი აირიან იეღოველები, ორმოცდაათიანელები და ა.შ. ესენი არიან დაახლოებით 75%. მაგრამ არის 25%, საკმაოდ განათლებული, რომელიც სინდისის მოტივით არიდებს თავს და ამბობს: მე არ მინდა!”

ალტერნატიული სამსახურის კანონი, გაირკვა, რომ ბევრ ხარვეზს შეიცავს. მაგალითად, სახელმწფო ძალიან რბილად სთხოვს პასუხს პირს, ვინც აირჩევს და შემდეგ თავს აარიდებს ალტერნატიულ სამსახურს. სადღეისოდ მზადაა ახალი კანონპროექტი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ. პროექტზე საქართველოს სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ის მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს “სამოქალაქო დეზეტირებისათვის” - თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 5 წელს აღწევს. სახალხო დამცველი აღწერს ახალი კანონპროექტის ძირეულ პრინციპს:

[სუბარის ხმა] “სამხედრო სამსახურისა და ალტერნატიული სამსახურის გათანაბრება. სავალდებულო სამოქალაქო სამსახურგავლილსა და სავალდებულო სამხედრო სამსახურგავლილს აქვთ თანაბარი სტატუსი და თანაბარი უფლებები ცხოვრებაში და ითვლებიან თანაბარ სამსახურგავლილად.”

სოზარ სუბარი ჩამოთვლის სფეროებს, რომელშიც შეიძლება დასაქმდეს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის ამრჩევი პირი და იქვე მიანიშნებს ერთ საფრთხეზეც:

[სუბარის ხმა] “სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, კომუნალური მომსახურება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალურად დაუცველი პირების მოვლა-პატრონობა. ემატება სოციალური მომსახურება, გარემოს დაცვა, ჰუმანიტარული საქმიანობა და ქველმოქმედება. სფერო ძალიან ფართოა და თუ არ გააკონტროლეს, არსებობს სრული კორუფციის საფრთხე.”

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის საქვეუწყებო დეპარტამენტის უფროსი, იოსებ ბარნაბიშვილი ამბობს, რომ მას შეუძლია დააკამყოფილოს სამსახურის გავლის მოსურნეთა არჩევანი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ძალიან ცოტანი არიან. სულ საქართველოში ეს სამსახური სამასამდე კაცს თუ ექნება გავლილი. საკმარისია, ბევრმა გამოთქვას კანონიერი სურვილი, იმსახუროს ალტერნატიულად, სახელმწიფო ვერაფერს შეძლებს. თუმცა, პარლამენტის წევრი, თემურ ნერგაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ალტერნატიული სამსახურის კანონის ამოქმედებას ეწინააღმდეგება, მიზეზს კი ასე აყალიბებს:

[ნერგაძის ხმა] “ეს არის ახლანდელი მილიტარიზაციის პროგრამა, რომელსაც არ შეესაბამება ალტერნატიული სამსახურის პროექტის განხორციელება. მეტიც, არათუ პროექტზე, დღეს არსებულ სამსახურსა და მოქმედ კანონზე რომ დაიწყოს ვინმემ ლაპარაკი, ხიშტებით შეხვდებიან ხელოსუფლების ყველა ეშელონში. ეს სამსახური არსებობს, არ მუშაობს და ამის აფიშირებაც არ უნდათ. ეს არის ძირიტადი მიზეზი და არა ის, რომ 20 ათასი კაცი მიაწყდება და სამსახურის პარაკიზება მოხდება”.

არასამთავრობო ორგანიზაციის, “სამართალი და თავისუფლება” დირექტორს, დავით კიკალეიშვილსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლებაში, თავდაცვის სამინისტროშიც და პარლამენტშიც არ სურთ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის ამოქმედება. არადა, ალტერნატიული სამსახური, მისი აზრით, საზოგადოიებრივად სასარგებლო ფუნქციაა:

[კიკალეიშვილის ხმა] “ჩემი აზრით, ალტერნატიული სამსახური არის ძალიან ძლიერი მექანიზმი სახელმწიფოს ხელში. ერთი მაგალითი: მოხდა წყალდიდობა. ჩვენს ახალ კანონპროექტში შეტანილი გაქვს მუხლი არასამხერდო ალტერნატიული სამსახურის დაჯგუფებათა შექმნის შესახებ. ადამიანები ამ სამსახურის ფარგლებში სადღაც მუშაობენ. ჩვენ მათ ვაერთიანებთ და ვეუბნებით: როცა სდადმე მოხდება სტიქიური უბედურება, ჩვენ გადაგისვრით იმ ადგილას და თქვენ მოახდენთ მისი შედეგების ლიკვიდაციას. მილიონებიც აღარ დაიხარჯება და ეფექტს მივაღწევღ გაციებით სწრაფად და იაფად, ვიდრე ეს დღეს მოვახერხეთ”.

რესპონდენტები იზიარებენ აზრს, რომ ალტერნატიულ სამსახურს ასევე სჭირდება სოციალური რეკლამა და ადეკვატური პოპულარიზაცია. საქართველოს სახალხო დამცველი კი ამბობს, რომ, შესაძლოა, ასეთ კამპანიას მალე დასაბამი მისცეს.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ქართველი დიდოსტატის წარმატება მინეაპოლისის საჭადრაკო ტურნირში

ბიძინა რამიშვილი:
24 მაისის საღამოს გადაცემებიდან ჩვენმა მსმენელებმა უკვე შეიტყვეს, რომ ახალგაზრდა ქართველმა საერთაშორისო დიდოსტატმა, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, ზვიად იზორიამ დიდ წარმატებას მიაღწია აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში გამართულ ძირითად “ოპენ” ტურნირში, სადაც 50-მდე დიდოსტატი თამაშობდა. იზორიამ 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად გაიმარჯვა 268 მონაწილეს შორის და გამარჯვებისთვის დაწესებული ფულადი პრიზი - 50 000 დოლარიც მოიგო.

საინტერესოა, რომ ძირითადი ტურნირის გარდა მინეაპოლისში კიდევ ექვსი ტურნირი გაიმართა და მათში მონაწილე მოჭადრაკეთა საერთო რაოდენობამ ათასს გადააჭარბა.

აშშ-ში მყოფ ქართველ დიდოსტატს ტელეფონით ჩვენი თბილისელი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

მინეაპოლისის საერთაშორისო ღია ტურნირი პირველად ჩატარდა, საუკეთესოდ იყო ორგანიზებული და, სავარაუდოდ, მომავალშიც ჩატარდება.

როგორ აფასებდა თავის შანსებს ზვიად იზორია ტურნირის დაწყებამდე. მისი თქმით, დაახლებით 30 დიდოსტატს გამარჯვების თანაბარი შანსები ჰქონდა.

[იზორიას ხმა]”მე ვთვლიდი, რომ ამ ტურნირში ხუთეულში მოხვედრა ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა”.

-შეჯიბრების დაწყებამდე პირველობაზე არ ფიქრობდით?

[იზორიას ხმა]”როგორ არ ვფიქრობდი”.

-თქვენ არ დაგისახელებიათ ფავორიტები. ალბათ, ესენი არიან სმირინი, კამსკი, ბელიავსკი და კიდევ, ვთქვატ, ნაკამურა, ვან ველი. დაუმატებდით კიდევ ვინმეს?

[იზორიას ხმა]”კი, დავუმატებდი: მოტილევს და ხარიკრიშნანს”.

-ტურნირის რეგლამენტი მძიმე იყო თუ არა?

[იზორიას ხმა]”საკმაოდ მძიმე რეგლამენტი იყო, დღეში ორ-ორ პარტიას ვთამაშობდი და ეს ძალიან დიდი დატვირთვა იყო”.

-იქნებ, უფრო დაწვრილებით გვითხრათ, თუ როგორ წარიმართა ტურნირი?

[იზორიას ხმა]”ვითამაშეთ ე.წ. სამდღიანი ვარიანტი: პირველი ხუთი პარტია სწრაფ ჭადრაკს თამაშობ, 45-წუთიან პარტიებს და ამის შემდეგ უერთდები მთავარ ტურნირს. სწრაფი ჭადრაკი ძალიან კარგად ვითამაშე: 5-დან 4,5 ქულა დავაგროვე და მერე მთავარ ტურნირში, რა თქმა უნდა, ლიდერების ჯგუფში მოვხვდი. შემდეგ ერთი ყაიმი გავაკეთე და მე-7 და მე-8 პარტიები იყო გადამწყვეტი - ისრაელის წარმომადგენელ მიხალევსკისთან და ბელიავსკისთან. მე-8 ტურში ბელიავსკისთან ძალიან მძიმე პარტია მქონდა, შავებით ვიყავი და გავიმარჯვე. ამის შემდეგ ფაქტიურად გავინაღდე პირველი ადგილი, ბოლო ტურში ყაიმიც მყოფნიდა თეთრებით”.

ბოლო მე-9 ტურში იზორიამ ყაიმით დაასრულა პარტია ამერიკის წარმომდგენელ ილდარ იბრაგიმოვთან.

დავინტერესდი, ჰყავდა თუ არა ზვიად იზორიას მწვრთნელი მინეაპოლისში?

[იზორიას ხმა]”მწვრთნელი არ მყავს”.

-და, ალბათ, ძნელია მომზადება?

[იზორიას ხმა]”პრინციპში არც ისე რთულია, კომპიუტერი მაქვს და საჭადრაკო ბაზები”.

-რას გვეტყოდით გიორგი ყაჭეიშვილის გამოსვლაზე?

[იზორიას ხმა]”საკმაოდ კარგად მიდიოდა ბოლო ტურამდე. მოგების შემთხვევაში მეორე ადგილს გაიყოფდა, ბოლო ტურში შეხვდა თეთრებით სმირინს და მოგებულ პოზიციაში დამარცხდა”.

-მოუგია თუ არა აქამდე რომელიმე ქართველ მოჭადრაკე ვაჟს ესოდენ მასშტაბური ტურნირი?

[იზორიას ხმა]”არ ვიცი.საერთოდ ასეთი მასშტაბის ღია ტურნირი ორია სულ: აეროფლოტ-ოპენი, რომელიც მოსკოვში იმართება და, მე მგონი, სიძლიერით მეორე ეს ტურნირია”.

-და ბოლოს თქვენი სამომავლო გეგმები?

[იზორიას ხმა]”ორ დღეში ვაპირებ ჩიკაგო-ოპენში თამაშს, საკმაოდ სოლიდური ტურნირია ესეც და შემდგომ ვარშავაში ვაპირებ თამაშს ევროპის ჩემპიონატზე”.

როგორც ჩანს, ჩიკაგოს ოპენში მინეაპოლისის ტურნირის არაერთი მონაწილეც ითამაშებს, რაც ერთგვარ ინტრიგას შესძენს ამ ასაპარეზობას. ჩვენ კი წარმატებები ვუსურვოთ ქართველ მოჭადრაკეებს.

გიორგი კაკაბაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


იოსებ ლაღიაშვილი - დიდი მოვლენების პატარა გმირის ისტორია

ბიძინა რამიშვილი:
დღეს ბევრი საუბრობს, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა თურქეთის ზეწოლისა და გერმანიის მხარდაჭერის შედეგად გამოაცხადა და რომ იმ დროს საქართველოში არსებული პარტიები დამოუკიდებლობას არც გეგმავდნენ. ნაწილი ამ აზრს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ რუსეთის იმპერიისადმი უკმაყოფილება და შესაბამისად სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეა ქართულ საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში მწიფდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეროვნული გამოსვლა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 40-იოდე წლით ადრე მოხდა, უფრო კონკრეტულად კი 1886 წლის 24 მაისს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ტფლისის სასულიერო სემინარიის ერთმა უწყინარმა სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა მოულოდნელად ხანჯლით მოკლა სემინარიის რექტორი ჩუდეცკი. ეს კრიმინალური შემთხვევა მოგვიანებით სერიოზული პოლიტიკური მოვლენების დასაწყისად იქცა. ამ მივიწყებულ ფაქტს და მისი მთავარი მოქმედი პირების ბედს ეძღვნება ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მომზადებული მასალა.

[აკაკი წერეთლი კითხულობს ”განთიადს] ”მთაწმინდა ჩაფიქრებულა, უსმენს დუდუნსა მტკვრისასა..."

ალექსანდრე ელისაშვილი:
მსმენელებს შევახსენებ, რომ აკაკი წერეთელმა ეს შესანიშნავი ლექსი დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლიდან გადმოსვენებას მიუძღვნა. ამ ლექსში აკაკი დიმიტრი ყიფიანს ”მტრის ურჩ რაინდად” მოიხსენიებს. არადა დიმიტრი ყიფიანი უდავოდ დიდი ეროვნული მოღვაწე იყო, თუმცა რუსული რეჟიმის მტერი იგი არასოდეს ყოფილა. დიმიტრი ყიფიანი ყოველთვის რუსეთის სანიმუშო მოხელე იყო. იმპერიის მტრად იგი ერთმა შემთხვევამ აქცია. ეს შემთხვევა 1886 წლის 24 მაისს მოხდა. სასულიერო სემინარიაში შუადღისით თხელ პალტოში გამოწყობილი სემინარისტი იოსებ ლაღიაშვილი რექტორთან, დეკანოზ პავლე ჩუდეცკისთან მივიდა. სასწავლებელში აღდგენის მორიგ თხოვნაზე უარის მიღების შემდეგ ლაღიაშვილმა პალტოდან ხანჯალი იშიშვლა და რექტორს რამდენიმე დარტყმა მიაყენა. ჭრილობებისგან ჩუდეცკი რამდენიმე საათში დაიღუპა. თავადაც დაჭრილი და გულწასული ლაღიაშვილი სემინარიაშივე დააპატიმრეს.

”ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ტფილისის სემინარიის რექტორის, დეკანოზ ჩუდეცკის საზარელი მკვლელობის მომწყობ სტუდენტს, გორის მაზრის სოფელ ხურვალეთის ეკლესიის წინამძღვრის იაკობის ვაჟს, იოსებ ლაგიევს კავკასიის სამხედრო სასამართლო განიხილავს”.

ამის შესახებ იუწყებოდა გაზეთი ”ივერია”, რომელიც შემდგომში დაწვრილებით აშუქებდა ლაღიაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობას. პროცესზე გაირკვა, რომ 20 წლის უდედმამო იოსებ ლაღიაშვილისათვის სემინარიის ზედამხედველს მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე აღმოუჩენია ხელნაწერი, სადაც მარქსიზმისადმი სიმპათია იყო დაფიქსირებული. ამის გამო ლაღიაშვილი რექტორმა სასწავლებლიდან დაითხოვა. მოგვიანებით დეკანოზმა ჩუდეცკიმ პირადი გავლენის წყალობით აიძულა ერთ-ერთი რუსი მოხელე უარი ეთქვა მისი შვილის ლაღიაშვილთან მომზადებაზე, რითაც შემოსავლის ერთადერთი წყარო დაუკარგა ობოლ და მგლის ბილეთით გარიცხულ სტუდენტს. ჩუდეცკიმ და თავად საქართველოს ეგზარქოსმა პავლემაც არაერთხელ უთხრეს უარი ლაღიაშვილს სემინარიაში აღდგენაზე. ყოველივე ამან კი, ისტორიკოს დიმიტრი შველიძის აზრით, იოსებ ლაღიაშვილი ქართული საზოგადოების თვალში მკვლელიდან წამებულ გმირად გადაიქცა:

[დიმიტრი შველიძის ხმა] ატმოსფერო ძალიან მძიმე იყო მაშინდელ სემინარიებში. თუ წარმოვიდგენთ ეს ყველაფერი რუსიფიკაციის ნიშნით მიმდინარეობდა, აი მაშინ ჩვენ მივიღებთ ძაან არასასურველ სურათს, რამაც აღფშოთება გამოიწვია მაშინდელი საზოგადოების და რამაც იოსე ლაღიაშვილი წამებულ გმირად წარმოაჩინა მაშინდელი საზოგადოების თვალში.

როგორც ცნობილია მკვლელობის შემდეგ მოვნელები ერთობ უცნაურად განვითარდა. ეგზარქოსმა პავლემ, რომელიც თანამედროვეების, მათ შორის თედო სახოკიას ცნობით ჩუდეცკის ახალგაზრდა ცოლის ოფიციალური საყვარელი იყო, დაკრძალვაზე მკვლელი და მასთან ერთად ის ერი დასწყევლა, რომელმაც ლაღიაშვილი შვა. ამან აღაფშოთა ქართული საზოგადოება. ქართველთა წინამძღოლმა დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოსს მოსწერა წერილი, სადაც იგი შეურაცხყოფისათვის ბოდიშის მოხდას და საქართველოს ტერიტორიის დატოვებას მოუწოდებდა:

[დიმიტრი შველიძის ხმა] დიმიტრი ყიფიანის წინაშე აი ესეთი დილემა აღმოჩნდა - ოფიციალური ხელისუფლება, თუ ჩემი სამშობლო. და მან უყოყმანოდ აირჩია თავისი სამშობლო. შეებრძოლა ის ოფიციალურ ხელისუფლებას. იმიტომ, რომ ეგზარქოსი მაშინდელი იერარქიით მეორე კაცი იყო კავკასიაში. ის შეებრძოლა მეფის ხელისუფლებას და სწორედ ეს არ აპატიეს მას.

დიმიტრი ყიფიანს სითამამე არ აპატიეს და სტავროპოლში გადაასახლეს. ერთი წლის თავზე იგი თავში წერაქვჩარტყმული იპოვეს. დღემდე ბოლომდე შეუსწავლელი ამ მკვლელობის მოტივებზე ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი საუბრობს:

[სიმონ მასხარაშვილის ხმა] მათ ეშინოდათ რეალური საფრთხე დიმიტრი ყიფიანისა, რომელიც რა თქმა უნდა ავტორიტეტი იყო, თუნდაც ამ ჩუდეცკი-ლაღიაშვილის ინცინდენტი გამო. ამ დროს კაცს კლავ ის ხომ ეროვნულ გმირად იქცევა, მაგრამ რუსებს მკვდარი ეროვნული გმირი ერჩია ცოცხალ ერის წინამძღოლს

[აკაკი კითხულობს "განთიადს"] "ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს, ზე კალთა დამაფარეო..."

დიმიტრი ყიფიანის ნეშტის ჩამოსვენება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართული საზოგადოების პირველ მასშტაბურ საპროტესტო აქციად გადაიქცა. ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად სამგლოვიარო პროცესიამ გოლოვინზე, მთავარმართელის სასახლის წინ ჩაიარა, შემდეგ კი ნეშტი მთაწმინდას მიაბარეს. რუსული რეჟიმი იძულებული გახდა აღელვებული ქართველებისათვის დაეთმო. რაც შეეხება ყველაფრის მოთავეს იოსებ ლაღიაშვილს. მაშინდელმა ქართველობამ შეიბრალა ობოლი ახალგაზრდა და ყველაფერი გააკეთა მისთვის სასჯელის შესამსუბუქებლად. კონსტანტინე მუხრან-ბატონმა მას იმ დროის საუკეთესო ვექილი - ტურკევიჩი დაუქირავა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარმართებელი დონდუკოვ-კორსაკოვი და ეგზარქოსი პავლე ლაღიაშვილის სიკვდილით დასჯას მითხოვდნენ, სამხედრო სასამართლომ არასრულწლოვან დამნაშავეს ჩამოხრჩობის ნაცვლად 20 წლით კატორღა მიუსაჯა.

[სიმონ მასხარაშვილის ხმა] პარადოქსული რამ მოხდა. ის გადაასახლეს აღმოსავლეთ ციმბირში, შემდეგ მოხვდა სახალინზე. შემდეგ ცნობილია, რომ ის გაიქცა იაპონიაში და ბოლოს თავი ამოყო ამერიკაში. 1913 წელს მისი კვალი იკარგება. არის ერთი ვარაუდი, რომ იგი მაშინ გარდაიცვალა, შესაძლებელია, რომ მან გაცილებით დიდ ხანს იცოცხლა.

თედო სახოკია იხსენებს, რომ სან-ფრანცისკოში იოსებ ლაღიაშვილი 1913 წელს უნახავს მეზღვაურ ჭავჭავაძეს. მანამდე კი სახალინზე ლაღიაშვილი ჩეხოვს შეხვედრია. რუსი მწერალი თავის მოგონებებში წერს, რომ კუნძულზე ყოფნისას კავკასიაში გახმაურებული მკვლელელობის მონაწილე ქართველი ლაგიევი უნახავს. თითქმის საუკუნეა ლაღიაშვილის ბედით არავინ დაინტერესებულა. სად და როდის დაიღუპა მეამბოხე სემინარისტი უცნობია. ეს ალბათ ცალკე საგულდაგულო კვლევის საგანია. ჩვენ კი უბრალოდ 119 წლის წლის წინ საქართველოში მომხდარი ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტის და მისი მოქმედი პირების გახსენება გვსურდა.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო თავისუფლებისათვის, თბილისი


ახალი ტექნოლოგია არქიმედეს ჩანაწერების გაშიფვრის საშუალებას იძლევა

ბიძინა რამიშვილი:
დაახლოებით ათასი წლის წინ ერთმა უცნობმა სწავლულმა ტექნოლოგიის მამად წოდებული ძველი ბერძნის, არქიმედეს ნაწერები პერგამენტზე გადაიტანა. ტექსტი, რომელიც მან გადაწერა, უკვე მაშინ იყო დაახლოებით 1300 წლის. მის ამ კეთილ საქმეს შეეძლო წარმოუდგენელი სამსახური გაეწია მომდევნო ხანის მეცნიერთათვის, მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე შუა საუკუნეებში, ერთმა ბერმა მე-12 საუკუნეში, საწერი მასალის დეფიციტის გამო არქიმედეს ნააზრევი პერგამენტიდან გადაფხიკა და ზედ ლოცვანი გადააწერა. ამგვარ გადაფხეკილ და ხელახლა გამოყენებულ პერგამენტს პალიმფსესტს უწოდებენ. არაერთმა ასეთმა პალიმფსესტმა შემოინახა, მაგალითად, შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურული ძეგლები.

მოკლედ, ყველა დროის უდიდესი მათემატიკოსის, არქიმედეს თავდაპირველი ტექსტი შთამომავლობისთვის დაიკარგა. ბერის მიერ გადაწერილი ლოცვანი ხელიდან ხელში გადადიოდა და ბოლოს იგი ერთმა კერძო პირმა 1998 წელს აუქციონზე შეიძინა 2 მილიონ დოლარად. ამ ფაქტმა მიიპყრო შეერთებული შტატების ქალაქ ბალტიმორში მდებარე უოლტერსის ხელოვნების მუზეუმის კურატორის, უილიამ ნოელის ყურადღება. ნოელმა იპოვა ანონიმი კოლექციონერი და დაარწმუნა ის, რომ ხელნაწერი მუზეუმისთვის ეთხოვებინა არქიმედეს ნააზრევის შესასწავლად.

[ნოელის ხმა] „არქიმედე იმდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ისტორიისთვის, რომ მათემატიკოსებს ძალიან აინტერესებთ იგი. ყველასთვის მნიშვნელოვანია, ვისაც კი ფართო ინტერესები აქვს დასავლური ცივილიზაციის ისტორიის მიმართ. არქიმედე ერთგვარად დამფუძნებელი ფიგურაა თანამედროვე კულტურისთვის. იგი ერთ-ერთი საფუძველთაგანია, რომელზეც ჩვენ, ადამიანებმა, შევძელით ჩვენი დღევანდელი კულტურისა და საზოგადოების აშენება. არქიმედეს შემთხვევაში - ჩვენი ტექნოლოგიის შექმნა.”

ნოელმა სამი რამ დაისახა მიზნად: პალიმფსესტის ქვედა ფენაზე დაფარული არქიმედეს ტექსტის გაშიფრვა; ტექსტის შინაარსის გაგება და დოკუმენტის შენახვა-კონსერვაცია. მისი აზრით, პირველ რიგში სწორდე მესამე ამოცანაა უმთავრესი, ვინაიდან პერგამენტი ძალზე იოლად შეიძლება დაზიანდეს.

რაც შეეხება ტექსტის გაშიფრვა-შესწავლას, მეცნიერები თვეების მანძილზე ცდილობდნენ სხვადასხვა თანამედროვე საშუალებით - ულტრაიისფერი სხივებით თუ სხვა ტექნიკით ამის გაკეთებას, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

და აი, ამ სფეროში გარღვევა მოხდა მას მერე, რაც პალიმფსესტით დაინტერესდა ამერიკაში მოღვაწე გერმანელი ფიზიკოსი უვე ბერგმანი, რომელიც სტენფორდის უნივერსისტეტის ხაზოვანი აქსელერაციის ცენტრში მუშაობს. იგი რენტგენის სხივების სფეროში საქმიანობს და ცდილობს, ეს ტექნიკა ბიოლოგიური და სხვა სისტემების შესასწავლად გამოიყენოს.

არქიმედეს ტექსტის შემცველი პალიმფსესტის შესახებ ბერგმანმა გერმანულ ჟურნალ „გეო”-დან შეიტყო. სტატიაში მითითებული იყო, რომ პირველადი ტექსტი რკინის შემცველი მელნით იყო დაწერილი და მას მაშინვე გაუჩნდა აზრი, რომ დაფარული ტექსტის წასაკითხად რენტგენის სხივების ის ნაირსახეობა შეიძლება გამომდგარიყო, რომელსაც მისი ლაბორატორია იკვლევდა.

როგორც სამეცნიერო ჟურნალი „ნეიჩური” იტყობინება, გასულ კვირაში სტენფორდში უოლტერის მუზეუმის სპეციალისტებმა ბერგმანთან ერთად მოაწყვეს მისი მეთოდის გამოცდა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - მათ არქიმედეს ნააზრევის აქმდე ცნობილი ერთადერთი ძველი ბერძნული ტექსტის მკაფიო გამოსახულება მიიღეს.

აღმოჩენის შემდეგ ბერგმანი ემოციებს ვერ მალავს.

[ბერგმანის ხმა] „გამაოგნებელია, რომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის წყალობით, - რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ყველაფრის მამად, რასაც კი ჩვენ დღეს ვაკეთებთ - მოგვეპოვება ტექნოლოგია, რომლითაც შეგვიძლია ვცადოთ გავიგოთ, როგორ აზროვნებდა, როგორ მუშაობდა თავად მისი გონება. სრულიად გამაოგნებელია. კაცმა რომ თქვას, ეს დიდი ნახტომია წინ.”

საქმე ერთგვარ ჩაკეტილ წრესთან გვაქვს: თავად არქიმედეს ნააზრევმა ჩაუყარა საფუძველი იმ ტექნოლოგიას, რომლითაც მისი ნააზრევის შემცველი ტექსტის გაშიფრვა ხერხდება.

არქიმედე 2300 წლის წინ დაიბადა სირაკუზში, კუნძულ სიცილიაზე, რომელიც მაშინ საბერძნეთს ეკუთვნოდა. მის ცხოვრებაში მისი ნაშრომები განსაკუთრებულ ყურადღებას არ იქცევდა, მაგრამ დღეისთვის ცნობილია, რომ არქიმედეს ნააზრევმა უზარმაზარი - შეიძლება ითქვას, ფასდაუდებელი გავლენა მოახდინა მეცნიერების განვითარებაზე.

ბერძენი მოაზროვნე 75 წლის ასაკში დაიღუპა, როცა სირაკუზი რომაელებმა დაიპყრეს. გადმოცემის თანახმად, რომაელმა ჯარისკაცმა, რომლის ხელითაც მოკვდა არქიმედე, არც კი უწყოდა, თუ ვის ასალმებდა სიცოცხლეს.


უფერული კინოფესტივალი კანში და ბრჭყვიალა კონცერტი კიევში

ბიძინა რამიშვილი:
დღეს გამოვეხმაურებით ორ ფესტივალს, რომლებიც გასულ კვირაში იპყრობდა კულტურით დაინტერესებულთა ყურადღებას: ორივე დასრულდა და დღეს მათ მიმოხილვას შემოგთავაზებთ.

ჯერ საფრანგეთს მივაშუროთ - კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული კინოფორუმების რიგში დგას, წელს 11-22 მაისს და, როგორც იუწყებიან, საკმაოდ უღიმღამოდ. რატომ დაიმსახურა წელს კანის ფესტივალმა კრიტიკული შეფასებები- ამ საკითხით იწყებს თხრობას მარიამ ჭიაურელი.

მარიამ ჭიაურელი:
კანის ფესტივალს წელს სუსტ პროგრამას უწუნებდნენ. ფილმების დონით უკმაყოფილება ჟიურის პრეზიდენტმა, კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამაც კი გამოთქვა. კანში არც ის მოსწონდათ, რომ ფესტივალის 11 დღე მსოფლიო ვარსკვლავების სიმრავლით არ გამოირჩეოდა. ამან გული დაწყვიტა სანახაობის მოყვარულებს, უწინარეს ყოვლისა, ბუნებრივია, ვარსკვლავების ფტოსურათებზე მონადირე ჟურნალისტებს - პაპარაცის რომ უწოდებენ.

თუმცა, ვარსკვლავები კანს მაინც არ აკლდა - კინოფილმ “ვარსკვლავთა ომის სახით”... ფესტივალზე, კონკურსგარეშე პროგრამის ფარგლებში გაიმართა ჯორჯ ლუკასის ლეგენდარული ქმნილების ბოლო, მეექვსე ფილმის პრემიერა ...

[ხმა: ვარსკვლავთა ომის მელოდია]
ფილმის “ვარსკვლავთა ომი - ეპიზოდი მესამე” პრემიერასთან დაკავშირებით კანს ჯორჯ ლუკასი და მისი კინო-გუნდი ეწვიენ. ეს იყო, სანახაობრივი თვალსაზრისით, ფესტივალის კულმინაცია. რაც შეეხება საკონკურსო პროგრამას, მთავარი პრემია - საუკეთესო ფილმისთვის განკუთვნილი “ოქროს პალმა” - ერგო ბელგიელი რეჟსიორების, ძმებ დარდენების ნამუშევარს “ბავშვი”.

[დარბაზის ხმაური, ტაში, მელოდია “ოქროს პალმით” დაჯილდოვებული ფილმიდან]
გასულ წელს კანს გაცილებით მეტი ყურადღება ერგო: შეერთებულ შტატებში არჩევნების წელი იყო და კანის ჟიური, ბევრის შეფასებით, აშკარა პროვოკაციაზე წავიდა, როცა კანის მთავარი პრემია მიანიჭა ამერიკელ რეჟისორ მაიკლ მურის ნამუშევარს “ფარენჰაიტი 9- 11” - დოკუმენტურ ფილმს, რომელიც დაუნდობლად აკრიტიკებს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციასა და ერაყის ომს.

წელს პროვოკაციები არავის შეუმჩნევია, მაგრამ ერაყის ომი და, ზოგადად, პოლიტიკა არც ამჯერად დავიწყებიათ.

[ლუკ დარდენის ხმა]
“მე და ჩემს ძმას გვსურს, პრემია მივუძღვნათ ფლორანს ობენასსა და მის მძღოლსა და გიდს, ჰუსეინ ჰანუნ საადის, რომლებიც ერაყში არიან დატყვევებული”, - ეს სიტყვები ოქროს პალმით დაჯილდოვებული ფილმის თანაავტორმა ლუკ დარდენმა წარმოთქვა. ფლორანს ობენასი, რომელიც მან ახსენა, ფრანგი ჟურნალისტია. ის და მისი ერაყელი გიდი ერაყში იანვარში გაიტაცეს. ამით კანში ერაყის ომის თემა არ ამოწურულა.

საკონკურსო პროგრამაში აჩვენეს კინოფილმი “კილომეტრი ნული”, რომლის ავტორის - ერაყელი ქურთი რეჟისორის ჰინერ სალიმის - თვალში, ამერიკელებმა ერაყი გაათავისუფლეს და სამხედრო ინტერვენციის შედეგები პოზიტიურია. მცირე ნაწყვეტი სალიმის ფილმიდან. [ნაწყვეტი ფილმიდან “ბავშვი]

რაც შეეხება ისევ გამარჯვებულ ფილმს, “ბავშვი”, მასში პოლიტიკურ სტეიტმენტებს ვერ მოისმენთ: ის მოგვითხრობს სოციალური პრობლემებით დაღდასმულ ნაცრისფერ სამრეწველო ქალაქზე, მის მკვიდრთა ბედზე. მთავარი პერსონაჟი - ახალგაზრდა კაცი - ფულის გულისთვის ახალშობილ პირმშოს ჰყიდის, მაგრამ ამას სულ მალე ინანებს და ცდილობს, ბავშვი ისევ დაიბრუნოს.

კანის ფესტივალის მეორე პრემია კი ამერიკელ რეჟისორ ჯიმ ჯარმუშს მიენიჭა ფილმისთვის “გათელილი ყვავილები” ცნობილი მსახიობების ბილ მარეის, შარონ სტოუნის, ჯესიკა ლანგის მონაწილეობით. თუმცა, საუკეთესო მსახიობებისათვის განკუთვნილი პრემიები მათ არ რგებიათ - მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს ამერიკელი კინოვარსკვლავი ტომი ლი ჯოუნზი. აი, ქალის საუკეთესო როლისათვის დაჯილდოვებული მსახიობი კი, საეჭვოა, ჩვენი მსმენელისათვის იყოს ცნობილი - ეს გახლავთ ისრაელი ჰანა ლასლო.

გასულ კვირაში მსოფლიოში ალაპარაკდნენ კიდევ ერთ ქალზე, რომელზეც მანამდე უცხოეთში ბევრი არაფერი იცოდნენ...
[მუსიკა: მღერის ჰელენა პაპარიზუ]

ეს სიმღერა - “My Number One” (“ჩემი ნომერი პირველი”) გასულ კვირაში, შაბათს საღამოს კიევში შეასრულა ბერძენმა მომღერალმა ჰელენა პაპარიზუმ - დიდი წარმატებით: მან გამარჯვება მოიპოვა სიმღერის კონკურსში “ევროვიზია 2005”. ჩვენი მსმენელებიდან ბევრისთვის, ალბათ, ცნობილია, რომ ევროვიზიის კონკურსი ევროპის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს: ყოველ წელს მილიონობით მაყურებელი ჰყავს ტელეტრანსლაციას კონცერტისა, რომელიც, გარკვეულწილ, ოლიმპიური პრინციპითაა ორგანიზებული: მასში არა, უბრალოდ, მომღერლები, არამედ ქვეყნების წარმომადგენელი მომღერლები მონაწილეობენ. მონაწილეების სიაში მუსიკოსების სახელები კი არა, მათი ქვეყნებია ჩამოწერილი.

შარშან უკრაინამ გაიმარჯვა - რუსლანამ, რომელმაც, როგორც ცნობილია, თავისი ხელოვნება წელს 26 მაისს თბილისშიც აჩვენა. და რახან შარშან ევროვიზიის კონკურსზე მისი და, შესაბამისად, უკრაინის ტრიუმფის წელი იყო, წელს კონკურსი უკრაინაში გაიმართა. ამას ევროვიზიის კონკურსის ტრადიცია მოითხოვს. გამარჯვებულ ბერძენ მომღერალს ჯილდო უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გადასცა.
[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა]

ამის შემდეგ ბერძენმა მომღერალმა უკრაინელი რუსლანას შარშანდელი წარმატება გაიხსენა და მადლობა გადაუხადა სიმღერის “My Number One” ავტორებს.

[ჰელენა პაპარიზუს ხმა]

ევროვიზიის კონკურსში გამარჯვებულს ამ სიტყვების წარმოთქმისას ათასობით ადამიანი უსმენდა კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე. კონკურსის ტელემაყურებლების რიცხვი კი, როგორც იუწყებიან, 120 მილიონს აღწევდა.

ესტრადის მოყვარულებმა, ალბათ, ყველგან ისიამოვნეს, გამარჯვებული ჰელენა პაპარიზუს მშობლიურ საბერძნეთს კი ნამდვილი სახალხო ზეიმი მოედო: ხალხი არა მარტო შინ, ქუჩებშიც, გიგანტურ ეკრანებზე უყურებდა ევროვიზიის კონცერტს და როცა გამარჯვებულის ვინაობა გამომჟღავნდა - ბერძნებს არ გაჭირვებიათ სპონტანურ დღესასწაულში ჩაბმა...

[მუსიკა: მღერის ჰელენა პაპარიზუ]

ბიძინა რამიშვილი:
გასული კვირის ორი საერთაშორისო კულტურული მოვლენა მარიამ ჭიაურელმა მიმოიხილა. მე კი დავამატებ, რომ ევროვიზიის კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა მალტის წარმომადგენელი, მესამეზე კი - რუმინელი მომღერალი. საქართველოს ამ კონკურსში მონაწილეობა აქამდე არ მიუღია, მაგრამ გეგმა უკვე არსებობს და თუ ის განხორციელდა, ალბათ, უფრო თამამად შევძლებთ ქართველობის - ევროპელობისთვის მითვლას.


ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.

მომავალ პარასკევამდე.

XS
SM
MD
LG