Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიური რჩევები საქართველოსთვის


თბილისიდან ლატვიის პრეზიდენტის გამგზავრების შემდეგ, საქართველოში ვიზიტს ამ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი განაგრძობს. დღეს აიგარს კალვიტისმა და ზურაბ ნოღაიდელმა

ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დეკლარაციას, რომლის თანახმად, რამდენიმე - მათ შორის, ეკონომიკის - სფეროში პარტნიორობის კონკრეტული დოკუმენტები საქართველომ და ლატვიამ ერთი წლის განმავლობაში უნდა მოამზადონ. თბილისში ხელმოწერილი დეკლარაცია ადასტურებს, რომ ლატვია მზად არის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციაში
დაეხმაროს.

საქართველომ და ლატვიამ დამოუკიდებლობა პრაქტიკულად ერთ პერიოდში აღიდგინეს და, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, წარმატებულ სამომავლო მოდელთან ასოცირდებოდნენ. წარმატებული ბალტიისპირული მოდელი აღმოჩნდა და დღეს საქართველოს ამ გამოცდილების გაზიარება სჭირდება. ლატვიის პრეზიდენტმა, რომელიც თბილისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა, საქართველოს უძველესი ისტორია, კულტურა და გამოჩენილი მოღვაწეები შეუქო, თანამედროვე ქართველებს კი ის შეახსენა, რომ ქვეყნის თავისუფალი და წარმატებული მომავალი თავად უნდა შექმნან. მიზანი, რომლის მიღწევა საქართველოში ჯერჯერობით კვლავ სურვილად რჩება, გასული წლის გაზაფხულიდან ლატვიაში რეალობაა:

[ვაირა ვიკე-ფრაიბერგას ხმა] ,,გზა იყო საკმაოდ გრძელი და რთული, მაგრამ, საბოლოოდ, მივაღწიეთ მიზანს, რომლისთვისაც ვიბრძოდით. ეს გზა ჩვენ დავძლიეთ იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც უკვე იყვნენ ევროკავშირის წევრები. ამჟამად კი ლატვიას სურს დაგეხმაროთ ამ მიმართულებით, თუმცა საქართველო თავად თქვენს ხელშია და სწორედ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მისი მომავალი ისტორია.”

პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრაიბერგა, რომლის ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 14 წელიწადში შეძლო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, თანამედროვე საქართველოს წარმატებად ,,ვარდების რევოლუციას” მიიჩნევს. სხვა მიღწევები კი ლატვიის პრეზიდენტის მიმართვისას, ძირითადად, მომავალი დროით გამოიხატებოდა. საქართველოს, რომელმაც იმედის მომცემი მოდელის სტატუსი აღიდგინა, ლატვია ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას, ჭეშმარიტი თავისუფლების დამკვიდრებას, დასავლეთთან ურთიერობის გამოყენებას და რუსეთთან არსებული პრობლემების მოგვარებისას მოთმინებას ურჩევს.
თავად ლატვია კი, ბალტიისპირეთის კიდევ ორ სახელმწიფოსთან ერთად, ახალი და უკეთესი ევროპის მშენებლობის სრულფასოვანი მონაწილეა.
ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმატების ერთ-ერთ მიზეზად პოლიტოლოგი გიორგი ხელაშვილი ასახელებს ამ სახელმწიფოთა პოლიტიკურ კულტურას, რომელიც 90-იან წლებიდან საკმაოდ მაღალი იყო. გარდა ამისა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რეალურად შეძლეს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიღებული უცხოური დახმარების გამოყენება და თავიდან აიცილეს სამოქალაქო და ეთნიკური კონფლიქტები. საქართველოს მიერ ამ რეგიონის გამოცდილების გამოყენებას გიორგი ხელაშვილი აუცილებლად მიიჩნევს:

[გიორგი ხელაშვილის ხმა] ,,სწორი გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო და კავკასია - პირველ რიგში, საქართველო - ,,მიაბან” ბალტიისპირეთს, როგორც ნატოში გაწევრიანების, ასევე ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. მათ ბრწყინვალედ იციან, რა პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს ამ გზაზე ნებისმიერი მიმართულებით და როგორ შეიძლება ამ პრობლემების თავიდან აცილება. ისინი გაცილებით უკეთესი მრჩევლები იქნებიან, ვიდრე ამერიკელები, ვიდრე დასავლეთევროპელები, ვინაიდან მათ უკეთესად ესმით ეს პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს. მათ დაძლიეს თითქმის ყველა ის პუნქტი, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ დასაძლევი გვაქვს.” (სტილი დაცულია)

თბილისში ვიზიტისას ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც ევროპის სტანდარტებს მოერგება. თავად ვაირა ვიკე-ფრაიბერგა უკვე ცხოვრობს სახელმწიფოში, სადაც, თუნდაც არაეფექტური მუშაობის გამო, პარლამენტს მთავრობა უკვე არაერთხელ დაუთხოვია და ეს შიშის და საყოველთაო აჟიოტაჟის მიზეზად არ ქცეულა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG