Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი მართალია, გასული კვირა არაერთი საზეიმო მოვლენით აღინიშნა, მაგრამ ქართული გაზეთები მხოლოდ ზეიმებს არ აჰყოლიან. ისინი აშუქებდნენ პოლიტიკურ პრობლემებს

და ადგილს უთმობდნენ მოქალაქეთა სხვადასხვა სოციალურ წუხილს. მაში ქართული პრესის დღევანდელი მიმოხილვა დაგარწმუნებთ.

დავიწყოთ კრიტიკული პათოსით: სწორედ კრიტიკულად გამოეხმაურა ბეჭდური მედია პარლამენტში შესულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ ბიუჯეტებს ართმევს უფლებას, მოგების გადასახადი დაიტოვონ. დემოკრატია თვითმმართველობის გარეშე ბლეფია. მიღწევებით გადიდგულებული ხელისუფლება თავგამოდებით უშლის ხელს დეცენტრალიზაციას, – აუწყებს მკითხველს გაზეთი “ხვალინდელი დღე”. იმის გამო, რომ საქართველოს ცენტრსა და რეგიონებს შორის არ არსებობდა ფინანსური და ქონებრივი გამიჯვნა, ქვეყანაში თვითმმართველობა მხოლოდ ფორმალურად არსებობს. კანონპროექტი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თვითმმართველობის მკვლელობად შეაფასა. პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ფინანსთა სამინისტროს პოზიციების შერყევა მოახერხეს და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ქონების შესახებ კანონპროექტები მოამზადეს. პროექტები, რომლებიც რაიონების ცენტრისგან დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, არსებობს, მაგრამ, ექსპერტთა ნაწილის აზრით, რადგან ჯერ ისევ გაურკვეველია ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხები, შესაძლოა, თვითმმართველობის ახალი საბიუჯეტო მოდელის დამტკიცებას შესაბამისი ეფექტი ვერც მოჰყვეს, – ასკვნის გაზეთი “ხვალინდელი დღე”.

“მთავრობის დაუდევრობას შეწირული ბავშვები” – ამგვარად ასათაურებს წერილს გაზეთი “ახალი ვერსია”. პუბლიკაცია ქვეყანაში ლეიშმანიოზით დასნებოვნების შემთხვევათა გახშირებას ეხება. მოვლენის მიზეზების ახსნისას გაზეთი აღნიშნავს: “ლეიშმანიოზის გადამტანი მწერები, ფლიბოტომუსები, მზის ჩასვლამდე 40 წუთით ადრე გამოფრინდებიან და მთელი ღამე დაფრინავენ. მწერი კბენს ძაღლს და შემდეგ ადამიანს, რის შედეგადაც იგი ავადდება. ეს პარაზიტი თბილისის ყველა რაიონში გვხვდება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, დაავადება უფრო აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. თბილისში დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მერიამ დღემდე ვერ მოახერხა მაწანწალა ძაღლების პრობლემის აღმოფხვრა, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ პროექტები უკვე შემუშავებულია და მათი განხორციელებაც იმ თანხაზე მეტი ჯდება, რასაც ახლა ძაღლების განადგურებაზე უშედეგოდ ხარჯავენ. როგორც ჩანს, ქალაქის მერიაში ძაღლები არავის ახსოვს, ეს საკითხი მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ,”– წერს “ახალი ვერსია”.

რატომ დუმს გამოძიება ჟვანიას დაღუპვასთან დაკავშირებულ კითხვებზე?! – თავად კითხულობს გაზეთი “რეზონანსი” და მოჰყავს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმის, გიორგი ჟვანიას, სიტყვები: “თუ ამის თაობაზე ადრე მხოლოდ ეჭვები მქონდა, ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ზურაბ ჟვანია მკვლელობის მსხვერპლი გახდა. ყველაფერი გაირკვევა და დარწმუნებული ვარ, თუ პროფესიონალურად გამოიძიებენ, საქმე გაიხსნება. გიორგი ჟვანია პრემიერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას უსაფუძვლოს უწოდებს. ზურაბ ჟვანიას ძმამ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. “ის, რომ ჩემ მიერ გამოთქმული და კიდევ უამრავი ეჭვი და კითხვა დღემდე უპასუხოდ რჩება, ჯერჯერობით გამოძიების არაპროფესიონალიზმს ვაბრალებ. მე თავად გადავუგზავნე გამოძიებას ყველა მონაცემი, რაც ხელთ მქონდა. მათ არც ამაზე ჰქონიათ რაიმე რეაქცია, რაც ცოტა უცნაურია,” – ამბობს გოგა ჟვანია. “რეზონანსი” კომენტარს სთხოვს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, გიგა ბოკერიას, რომლის აზრით, “საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე გამოძიების პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაზე ლაპარაკი არ ღირს. ფედერალური ბიუროს დასკვნის შესახებ გაკეთდა კომენტარი, თითქოს ტესტირებამ დაადასტურა, რომ ჟვანია და უსუპოვი ამ ვითარებაში ვერ გარდაიცვლებოდნენ, რადგან არ იყო სიცოცხლისათვის საშიში გარემო. ეს მტკნარი ტყუილია. სპეციალურად გადავიკითხე ეს დასკვნა, რომელშიც დაწვრილებით წერია, რომ ქართული გამოძიების დასკვნის საწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ. ყველას მოვუწოდებ, როცა რაიმე დოკუმენტზე ვსაუბრობთ, ეს დოკუმენტი ბოლომდე წავიკითხოთ. თუ თარგმანის დროს რაღაც შეცდომა იყო დაშვებული, ეს არ ცვლის მთლიანად დოკუმენტის არსს,” – ასრულებს “რეზონანსი” ბოკერიას ციტირებას.

ევროპაში ბენზინის ფასი 3,15 (სამი მთელი თხუთმეტი მეასედი) ცენტით დაეცა. რატომ არ აკლებენ ფასს ჩვენი ნავთობიმპორტიორები? – ამ საკითხის გარკვევას ცდილობს გაზეთი “ალია”. “ალიას” მოჰყავს ბოლო სამი თვის მანძილზე საქართველოში ფასების განუხრელი ზრდის დინამიკა და აქვეყნებს ინფორმაციას, თუ როგორ შემცირდა მაისში ბენზინის ფასი ევროპაში. 5 აპრილს ბენზინის ფასმა კულმინაციას მიაღწია: ერთი ტონა 559 დოლარად იყიდებოდა, მაგრამ მაისის თვის პირველ რიცხვებში გენუის პლაცზე 1 ტონა ბენზინი უკვე 473 დოლარი ღირდა, 24 მაისს კი ტონას 441 დოლარად ყიდდნენ. ანუ გამოდის, რომ, ლარზე გადაანგარიშებით, ერთი ლიტრი ბენზინის ფასი დაახლოებით 6 თეთრით შემცირდა. როცა ფასების მომატებას იმით გვიხსნიან, რომ საერთაშორისო პლაცზე იზრდება ფასები, მაშინ ისიც უნდა განუმარტონ მომხმარებელს, რატომ არ აკლებენ ფასს, როცა ბენზინი უფრო იაფად შემოაქვთ. გაზეთ “ალიას” კომენტარს აძლევს კომპანია “კანარგოს” დირექტორი ვასილ ხორავა: “მართალია, ფასმა დაიწია, მაგრამ ეს ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოხდა. ჩვენ ჯერჯერობით ძველი პარტიის რეალიზაციას ვეწევით, რომელიც ძვირად გვაქვს შემოტანილი. ახლა საერთაშორისო ბაზარზე ფასი დახლოებით 5 პროცენტით შემცირდა, მაგრამ არაერთბაშად - ფასები სულ მერყეობდა. ასეთი პრაქტიკა გვაქვს: თუ ფასი 2-3 პროცენტით იცვლება, ფასებს არ ვცვლით, იმიტომ რომ რისკია. როდესაც ფასი 5 პროცენტზე მეტად იცვლება, უკვე რეაგირებას ვახდენთ და ფასს, შესაბამისად, ჩვენც ვამცირებთ. თუ საერთაშორისო ბაზარზე დღევანდელი ფასები შენარჩუნდება და არ აიწევს, მაშინ დავაკლებთ,” – აცხადებს გაზეთ “ალიაში” ბენზინის ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანიის დირექტორი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა გასული კვირის პრესაში. ჩვენ ყურადღებას “ახალი 7 დღის” ერთ წერილზე შევაჩერებთ, რომელიც, აი, რას ეუბნება მკითხველს: “როდესაც ქვეყანას სულიერად ასე უჭირს, ეკლესიამ აღარ უნდა თქვას, რომ საერო ცხოვრება ამაოებაა. პარლამენტში ოთხი ადგილი მღვდლებისა უნდა იყოს. ევროპის ქვეყნებში ბუშს პროტესტით ხვდებიან და საქართველო, ბუშის ასეთი დახვედრით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ევროპელთა თვალში როგორც სახელგატეხილი სახელმწიფო.”

საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შემდეგ აქ ანტიტერორისტული ცენტრების შექმნას ეძღვნება პუბლიკაცია გაზეთ “ახალ თაობაში”. “ოპოზიცია ეჭვს გამოთქვამს, რომ, შესაძლოა, რუსული სამხედრო ბაზების ადგილზე ჩამოყალიბდეს ანტიტერორისტული ცენტრები და მხოლოდ აბრის გამოცვლა მოხდეს. დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის აზრით, ბაზების გაყვანა არის ერთი საკითხი, ანტიტერორისტული ცენტრები არის მეორე საკითხი. ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესაძლებელია არა მხოლოდ რუსებთან ერთად, არამედ ამერიკელებთან, აზერბაიჯანელებთან და სხვებთან, მაგრამ უნდა ითქვას მყარად, რამდენი იქნება, რა შეიარაღება აქვთ. მე ვერასოდეს შევეგუები იმას, რომ ბათუმიდან ბაზა გავიდეს და ეს ადგილი ჩვენთვის კვლავ მიუწვდომელი აღმოჩნდეს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე კი აცხადებს, რომ არ არსებობს შეთანხმება ბაზების ადგილას ანტიტერორისტული ცენტრების ჩამოყალიბების შესახებ. ეს უნდა გაირკვეს მოლაპრაკებისას, რომელიც სპეცსამსახურებს შორის მიმდინარეობს. ჯერ არაფერია გასაპროტესტებელი,” – წაიკითხავთ “ახალ თაობაში”.

“ეთნოკონფლიქტების დარეგულირების მარტივი გზა არ არსებობს” – შეახსენებს მკითხველს გაზეთი “24 საათი”. გაზეთი რამდენიმე კითხვას სვამს, რომლის დასაბუთებული პასუხი, ავტორის თქმით, არა აქვთ აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის არც ერთი – არც სამხედრო და არც სამშვიდობო - გზის ადეპტებს: “თუ გავითვალისწინებთ, რომ აფხაზური მოსახლეობისათვის ცხოვრების დონის კრიტერიუმის განსაზღვრისას მაგალითს მოსკოვი და სოჭი წარმოადგენს და არა, ვთქვათ, ვოლგისპირეთი, რამდენი წელი დაგვჭირდება საიმისოდ, რომ ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისათვის საქართველო ეკონომიკურად რუსეთზე მიმზიდველი გახდეს? რას ვაკეთებთ, თუ მოლაპარაკებამ 3-5-10 წლის შემდეგაც არ მოიტანა შედეგი? არსებული საერთაშორისო ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, რამდენი წელი და რა მატერიალური რესურსები დაგვჭირდება ისეთი არმიის შესაქმნელად, რომელიც, ანტიტერორისტული ოპერაციის შემთხვევაში, გარანტირებულ დადებით შედეგს მიაღწევს? რამდენი წლის შემდეგ შეიცვლება გეოპოლიტიკური ვითარება ისე, რომ რუსეთი იძულებული გახდეს, საქართველოს საქმეებში აღარ ან ვეღარ ჩაერიოს?” – წერს გაზეთი “24 საათი”.
XS
SM
MD
LG