Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში განათლებისა და დასაქმების პირველი ფორუმი დასრულდა


კვირას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა განათლებისა და დასაქმების პირველი ფორუმი. მისი ორგანიზატორები მიზნად საგანმანათლებლო პროექტების

თაობაზე სტუდენტების ინფორმირებას და მათი დასაქმებისთვის ხელშეწყობას ასახელებდნენ.
ორდღიანი ფორუმისადმი, რომელსაც მხარდაჭერა არაერთმა ადგილობრივმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოუცხადა, თავად სტუდენტების ინტერესი საკმაოდ დიდი, რეაქცია კი არაერთგვაროვანი იყო.



მიუხედავად იმისა, რომ ფორუმების მეშვეობით სამსახურის შოვნის პრაქტიკულად არავის სჯერა, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების მოძიება კი ინტერნეტითაც შეიძლება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებისა და დასაქმების ორდღიან ფორუმს საკმაოდ ბევრი სტუდენტი დაესწრო. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი ,,კავკასია”, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერაა დაარსებული და, როგორც თავად ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, სტუდენტებზე დაფუძნებული ბიზნესის პირველ მოდელს წარმოადგენს:

[სერგო ბარამიძის ხმა] ,,სტუდენტებმა ისეთი პოტენციალი გამოამჟღავნეს, რომ სწორედ ამან მოგვცა ეს ინიციატივა, რომ ესეთი ფორუმი გაგვეკეთებინა და რეალურად გამოგვეცხადებინა პირდაპირ, რომ ჩვენს ქართველ სტუდენტ ახალგაზრდობას აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ ძალიან სწრაფად გაიაროს ადაპტაცია ნებისმიერ სამსახურში. სწორედ ეს იყო საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ.” (სტილი დაცულია)

ბიზნესის განვითარების ცენტრ ,,კავკასიის” დირექტორი სერგო ბარამიძე ამბობს, რომ ცენტრში გაერთიანებულმა სტუდენტებმა, რომლებიც ბიზნეს-გეგმებსა და მარკეტინგულ კვლევებზე მუშაობენ, მიაღწიეს იმას, რომ მათ ორგანიზაციას საერთაშორისო გრანტები აღარ სჭირდება.
ფორუმის პირველ დღეს სტუდენტების ინფორმირებაზე ზრუნავდნენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებენ. განსაკუთრებული ხალხმრავლობა განათლების საერთაშორისო საკონსულტაციო სამსახურის სტენდთან შეინიშნებოდა. ამ ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენლობას საქართველოში სტივენ გასტენი ხელმძღვანელობს.

[სტივენ გასტენის ხმა] ,,ჩვენ ოფისს უახლოეს ორ კვირაში თბილისშიც გავხსნით და სტუდენტებს სპეციალურ პროგრამებს შევთავაზებთ. ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის უნივერსიტეტებში. ჩვენი პროგრამები ქმნის იმის საშუალებას, რომ სწავლის საფასური საგრძნობლად ნაკლები იყოს და, ამასთან, სტუდენტებს მუშაობის უფლებაც ჰქონდეთ. ამ პროგრამას 30-ზე მეტ ქვეყანაში ვახორციელებთ და ოფისის გახსნა აქაც გადავწყვიტეთ, რადგან თბილისი მშვენიერი ქალაქია.”

ფორუმის მეორე დღეს სტუდენტები ბიზნესისა და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს, ანუ პოტენციურ დამსაქმებლებს, შეახვედრეს. ბიზნესის განვითარების ცენტრის დირექტორს სერგო ბარამიძეს მიაჩნია, რომ სტუდენტური პოტენციალი აუცილებლად გამოსაყენებელია:

[სერგო ბარამიძის ხმა] ,,დღეს საქართველოში ისევ გრძელდება ის ცუდი ტრადიცია, როდესაც ხალხი საქმდება ან ნათესაური, ან ახლობლური ნიშნით და სამსახურის გარეშე რჩებიან ისეთი ნიჭიერი ადამიანები, ისეთი პოტენციალის მქონე, რომლებსაც გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ.” (სტილი დაცულია)

ფორუმის მონაწილე სტუდენტთა ოპტიმისტურმა ნაწილმა, სამსახურის შოვნის იმედით, საკუთარი მონაცემებიც ჩააბარა. როდის იქნება შედეგი და, საერთოდ, იქნება თუ არა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბიზნესის განვითარების ცენტრი შემდგომი პროცესის გაკონტროლებას აპირებს:

[სერგო ბარამიძის ხმა] ,,ფორუმიდან ფორუმამდე იქნება კიდევ ბევრი აქციები და ღონისძიებები, რომლებიც უკვე გამოააშკარავებენ რეალურ შედეგებს. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ფორუმმა ფუჭად ჩაიაროს. ჩვენ ამას ყურადღებას მივაქცევთ, როგორი მიმდინარეობა იქნება, რამდენად მართლა დასაქმდებიან სტუდენტები და ამ შედეგებზე ჩვენ წლის განმავლობაში მუდმივად გვექნება აქციები.” (სტილი დაცულია)

ფორუმის რეალურ შედეგებში ეჭვი ეპარება ლევან ლობჟანიძეს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია:

[ლევან ლობჟანიძის ხმა] ,,შესაძლებელია, ეს პროექტი და პროგრამები კი განხორციელდეს, მაგრამ გრანდიოზული მასშტაბები არ ექნება. ალბათ, უფრო კონკრეტული პიროვნებებისთვის იქნება ისევ, როგორც მანამდე იყო. ასეთი ფორუმები კი კარგია და რაც უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება საზღვარგარეთ განათლებული, უკეთესი, მაგრამ მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჯერ ვერა.” (სტილი დაცულია)

სტუდენტები ამბობენ, რომ საზღვარგარეთ განათლების მიღების საშუალება საკმაოდ მცირე ნაწილს აქვს, და წუხან იმაზე, რომ ხელისუფლებას ერთგვარ პრიორიტეტად სწორედ უცხოეთში ნასწავლი ადამიანების დასაქმება აქვს გამოცხადებული. ფორუმის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ დღეს უშუალოდ საქართველოშიც არსებობს საგანმანათლებლო პროგრამები და ცენტრები, რომელთა განვითარებას ხელი სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს. სტუდენტები აცხადებენ, რომ ამას ხელისუფლებას ხშირად შეახსენებენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG