Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტის სასამართლო პროცესი და ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გადაღებული ფილმის ჩვენება ბათუმში


ორშაბათს ბათუმის სასამართლოში აჭარის ტელერადიომაუწყებლობის ყოფილი ხელმძღვანელის თამაზ ბაკურიძის სასამართლო პროცესი განახლდა. ბაკურიძეს

ტელევიზიის კუთვნილი თანხის არამიზნობრივ ხარჯვასა და გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ.
განსასჯელის მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ თამაზ ბაკურიძის დევნას, რომელიც ასლან აბაშიძის მმართველობისას დაიწყო, ამჟამინდელი ხელისუფლება ინერციით განაგრძობს.
ხელისუფლებისადმი - კერძოდ, პროკურატურისადმი - გარკვეული პრეტენზიები აქვს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესაც. მისი ფილმი ,,ტყვიის გარეშე,” რომელიც ზურაბ ჟვანიას დაღუპვის გარემოებებს შეეხება, ბათუმში ღია ცის ქვეშ უჩვენეს.

აჭარის პროკურატურა ადგილობრივი ტელერადიომაუწყებლობის ყოფილი ხელმძღვანელის თამაზ ბაკურიძის დასჯას შვიდწლიანი პატიმრობით მოითხოვს. საბიუჯეტო თანხების მითვისების გამო, ბაკურიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ აბაშიძის მმართველობისას აღიძრა, რის შემდეგაც აჭარის ტელევიზიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბათუმი დატოვა და თბილისში იმყოფებოდა. მიუხედავად ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებული იმედისა, თამაზ ბაკურიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა. ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ თავს დღეს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, გასული წლის სექტემბერში დააკავეს. ბაკურიძის ადვოკატები აცხადებენ, რომ განსასჯელის დანაშაულის დამამტკიცებელ მასალებს გამოძიება არ ფლობს. ბათუმის სასამართლო აჭარის ტელევიზიის ყოფილ ხელმძღვანელს განაჩენს, სავარაუდოდ, ათ დღეში გამოუტანს.
თამაზ ბაკურიძისგან განსხვავებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. 2003 წელს მას საპატიმროებში არსებულ მექრთამეობასთან დაკავშირებული ჟურნალისტური გამოძიების გამო უჩიოდნენ.
ვახტანგ კომახიძის ამჟამინდელი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გადაღებული ფილმი ,,ტყვიის გარეშე,” რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაღუპვის გარემოებებს შეეხება, პირველად ტელეკომპანია
,,202”-ის ეთერით თბილისში უჩვენეს, შემდეგ კი - ბათუმში, ღია ცის ქვეშ.

[ვახტანგ კომახიძის ხმა] ,,ელექტრონული მედია ძალიან აქტიურად პასიურობდა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. ძალიან აქტიურად წაუყრუა ამ თემას და გამოჩნდა ისიც, რომ ამ წაყრუების, ტაბუირებული თემების და, საერთოდ, ცენზურის გარღვევა შესაძლებელია. მთელი ელექტრონული მედია იძულებული გახდა, რომ სოლიდური დრო დაეთმო ამ თემისთვის.” (სტილი დაცულია)

ვახტანგ კომახიძე ამბობს, რომ ფილმის საჯაროდ ჩვენებას თავადაც გეგმავდა, თუკი ტელევიზიები უარს ეტყოდნენ, თუმცა ბათუმში ფილმის დემონსტრირების ინიციატორები ადგილობრივი ჟურნალისტები იყვნენ. ზურაბ ჟვანიას დაღუპვის გარემოებებთან დაკავშირებული ფილმის საჯარო ჩვენება სხვაგანაცაა დაგეგმილი, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ვახტანგ კომახიძე არ საუბრობს, რადგან, მისივე თქმით, ამ პროცესისთვის ხელის შეშლა არ სურს. ჟურნალისტი ამბობს, რომ პროკურატურას, რომელიც პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმის გამოძიებისას საკმაოდ პასიურობს, ფილმის ჩვენების შემდეგ პირადად მისთვის არანაირი შეკითხვით არ მიუმართავს:

[ვახტანგ კომახიძის ხმა] ,,ჩემი მისამართით არ ყოფილა მუქარები. მუქარები არის დაკავშირებული იმ საკითხებთან, რომელიც უნდა იქნეს განხილული ჩემს მეორე ფილმში, რომელიც ასევე ეხება ზურაბ ჟვანიას მკვლელობას. აი, ამ მასალებზე მუშაობის დროს უკვე ადამიანები, რომლებიც წყაროებს წარმოადგენენ, ადამიანები, რომლებიც არიან გარკვეული ინფორმაციის მატარებელი, ამ ადამიანებზე ხდება ზეწოლა.” (სტილი დაცულია)

ვახტანგ კომახიძე, რომელსაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვს, ფილმის მეორე ნაწილზე მუშაობის დასრულებას და მის ჩვენებას შეძლებისდაგვარად სწრაფად აპირებს. კომახიძე ამბობს, რომ მისი მიზანი პროფესიულ ჩარჩოებს არ სცდება, რადგან ჟურნალისტს მისთვის საინტერესო თემებზე შეუზღუდავად საუბარი
უნდა შეეძლოს.
ზურაბ ჟვანიაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას ხელისუფლებაც აპირებს, რომელმაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკვე გასცა მის დასაფინანსებლად 20 ათასი ლარი. სახელისუფლებო ფილმი, რომლის რეჟისორიც სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა იქნება, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ცხოვრებას და მოღვაწეობას მიეძღვნება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG