Accessibility links

logo-print

რა ჯდება ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობა


ავლაბარს - ძველი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ და ჟამთასვლისაგან ყველაზე მეტად დაზიანებულ უბანს - ბოლო ერთი წელია, მემაწვნეების შეძახილების ნაცვლად,

ამწეებისა და სხვა მძიმე ტექნიკის ხმაური აღვიძებს. საქმე ის არის, რომ ავლაბარში, იმ ადგილას, სადაც უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისის საგზაო პოლიცია იყო დისლოცირებული, პრეზიდენტის რეზიდეცნცია - უფრო სწორად კი, ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსი - შენდება. წინასწარი ინფორმაციით, მშენებლობა 2005 წლის 1 ივლისისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, თბილისელებს მარტო რეზიდენციის გახსნის თარიღი როდი აინტერესებთ. როგორი იქნება პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია, ჩაეწერება თუ არა იგი ძველი თბილისის არქიტექტურულ კანონიკაში და რა ჯდება მისი მშენებლობა?

შენობა, რომელიც მე-19 საუკუნის 20-იან წლებშია აშენებული და რომლის არქიტექტურული იერსახე, რეზიდენციად ქცევის შემთხვევაში, არ შეიცვლება, პრეზიდენტ სააკაშვილს თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა ირაკლი როსტომაშვილმა შესთავაზა. არქიტექტორის თქმით, რეზიდენციისათვის ადგილი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით შეირჩა:

[ირაკლი როსტომაშვილის ხმა] „რამდენადაც მე ვიყავი ქალაქის არქიტექტორი, ვფიქრობდი მტკვრის მარცხენა სანაპიროს განვითარებაზე, იმიტომ რომ მტკვრის მარჯვენა სანაპირო უფრო ვითარდება და მეტი მშენებლობებია. ავლაბარი კი ჩემთვის ძალიან ძვირფასი უბანია, მიყვარს. ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა, თუ იქ გადაინაცვლებდა აქცენტები და სიმძიმე, რადგანაც ყველა ადმინისტრაციული შენობა განლაგებულია მარჯვენა სანაპიროზე, ძალიან მცირე ფართობზე.“ (სტილი დაცულია)

თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლება მხოლოდ დედაქალაქის პერსპექტიულ განვითარებაზე როდი ფიქრობდა. ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც ჩანს, ერთი წლის წინ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

[გიორგი არველაძის ხმა ] "12-სართულიანი ცეკას შენობა არ არის ის შენობა, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს მოღვაწეობას. მიხეილ სააკაშვილი იმუშავებს თბილისის საგზაო ინსპექციის შენობაში. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიციაც - პრეზიდენტი უნდა მუშაობდეს წმინდა სამების ტაძართან ახლოს." (სტილი დაცულია)


ეს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი გიორგი არველაძეა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან ამტკიცებდა, რომ ავლაბრის რეზიდენცია ბიუჯეტის თანხებით არ აშენდებოდა. თუმცა ხელისუფლებას მეტი სიცხადე ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობის დაფინანსების საკითხში დღემდე არ შეუტანია: ინფორმაცია გაწეული თუ გასაწევი ხარჯების შესახებ დახურულია. არადა, თუ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს დავუჯერებთ, მშენებლობის დასრულებას 60-დან 200 მილიონ დოლარამდე თანხა სჭირდება:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „მე ვთხოვ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, გადაიფიქროს ეს უპასუხისმგებლო, სულელური იდეა. ის თანხა, რომელიც უნდა დახარჯოს, აი, ამ შენობის რესტავრაციაზე, მოახმაროს პენსიონერს, ავადმყოფს, მოხუცებულს, უსახლკაროს, უბინაოს, მიწისძვრით დაზარალებულს." (სტილი დაცულია)


პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ცხადია, შალვა ნათელაშვილის რჩევა არ გაითვალისწინა, თუმცა, ფულის დაზოგვის მიზნით, ხელისუფლებამ კრწანისის რეზიდენცია გაყიდა, ამონაგები თანხა კი - 15 მილიონი დოლარი - ავლაბრის კომპლექსის მშენებლობაზე მიმართა. გარდა ამისა, როგორც თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მოსიძე ამბობს, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 2 მარტის განკარგულებით, რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიიდან ავლაბრელთა გასახლების დაფინანსება დედაქალაქის მერიას დაევალა.

[გიორგი მოსიძის ხმა] „თბილისის ბიუჯეტში ჩადებულია მარტო მიმდებარე ტორიტორიიდან გამოსახლებულთა კომპენსაციის თანხა. სულ 2,5 მლნ ლარი.“

სულ, ჯამში, კომპენსაცია 23-მა ოჯახმა მიიღო. ხელისუფლებამ საცხოვრებელი ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრში 800 დოლარი გადაიხადა, თუმცა, რეზიდენციის მეზობლად მცხოვრები ადამიანების გარდა, მშენებლობის დაწყებით სხვა ავლაბრელებმაც იხეირეს: უძრავი ქონების სააგენტოთა ცნობით, ამ უბანში ბინების ფასმა ლამის ერთიათად მოიმატა. და კიდევ, თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ ავლაბარში სამთავრობო კომპლექსის აგებით არც ძველი თბილისის უცხოელი თუ ადგილობრივი მოყვარულები დაზარალდებიან.

[ირაკლი როსტომაშვილის ხმა] „ერთი ერთზე აღდგენა არ ხდება ხოლმე. ვთქვათ, იყო ორი სართული, ხუთმეტრიანი ჭერებით - იქნება სამი სართული სამმეტრიანი სიმაღლით. კედლებით მეტრანახევრიანი იყო. ამის გამეორებასაც არ ვაპირებთ, მაგრამ მასშტაბის თვალსაზრით და ვიზუალურად არაფერი შეიცვლება.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG