Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ფიქრობს, რომ ჯორჯ სოროსი საფრთხეს უქმნის საქართველოს


დავით პაიჭაძე, თბილისი 30 მაისს, ორშაბათს, საქართველოს ლეიბორისტები ორნაირად გამოეხმაურნენ საქართველოში ჯორჯ სოროსის ყოფნას. ნაშუადღევს ახალგაზრდა ლეიბორისტების ჯგუფმა მცირე

საპროტესტო აქცია გამართა ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” შენობასთან, თბილისში. მოგვიანებით კი საზოგადოებას თავად ლეიბორისტთა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, მიმართა. რა იციან ლეიბორისტებმა საქართველოში ჯორჯ სოროსის საქმიანობის შესახებ?

“წადი და თან გაიყოლე!” - ამ ლოზუნგით გამართეს ახალგაზრდა ლეიბორისტებმა აქცია ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” შენობასთან. მე წარვუდექი მათ და შევეცადე გამეგო, თუ იციან ზუსტად რა ჰქვია სოროსის ფონდს საქართველოში. ახალგაზრდა ლეიბორისტმა ქალბატონმა მომიგო:

[ლეიბორისტი გოგონას ხმა] “ამ ფონდს? თავისუფლება ღია საზოგადოებისთვის.”

ჩვენი რადიოსა და სოროსის ფონდის სახელთა უნებლიე შენივთებამ ახალგაზრდა ლეიბორისტის ცნობიერებაში მიბიძგა, გამომეკვლია ლეიბორისტთა სხვა მიმართებებიც ჯორჯ სოროსისა და მისი საქმიანობისადმი საქართველოში. დავიწყეთ უზოგადესი შეფასებით:

[ზურაბ ლომიას ხმა] “სოროსის ფონდით დაფინანსდა სუყველაფერი. რევოლუცია სოროსის ფონდით დაფინანსდა და ბაპტისტური წიგნებიც, რაც შემოვიდა. ეს ყველაფერი სოროსის ფონდითაა დაფინანსებული, მოდი, რა, გადავხედოთ რეალობას… შემოდის! შემოდის! მაგით შემოდის ყველაფერი, რაც არის გახრწნილება და რაც ქართულ მენტალიტეტს ანგრევს, ყველაფერი ეს შემოდის.”(სტილი დაცულია)

ეს ზურაბ ლომიაა, ლეიბორისტების ახალგაზრდული ფრაქციის წევრი. დადგა ჯერი, გაგვერკვია, რა არის ქართული მენტალიტეტი, ანუ რას ანგრევს ჯორჯ სოროსი, ქართველი ლეიბორისტების აზრით?

[ზურაბ ლომიას ხმა] “შენ შემოგევლე, ძაან ცუდია, ქართველმა კაცმა ქართული მენტალიტეტი თუ არ ვიცით, თუ არ ვიცით მშობლების პატივისცემა, აქ რომ გასწავლიან… უნარ-ჩვევები ავიღოთ, ელემენტარულად, რომ გასწავლის, რომ ბილეთი შენია… ჩაშვების ინსტიტუტი, უფროსის მიმართ პატივისცემა, ელემენტარულად, ადამიანს ადგილი, მეტროში რომ შემოვა, რაც არ უნდა ბილეთი აიღო, იმას ადგილი უნდა დაუთმო, ხანშიშესულ ადამიანს.” (სტილი დაცულია)

ქართული მენტალიტეტის ნგრევადი კომპონენტის გამოკვეთამდე კი ჩვენ ვისაუბრეთ იმ საშუალებებზე, რითაც ჯორჯ სოროსი აღწევს ამ მიზანს (ცხადია, ლეიბორისტთა აზრით):

[ზურაბ ლომიას ხმა]
- “დაფინანსება მან ჩადო ამათ მოსაყვანად იმიტომ, რომ მთლიანად ქართული მენტალიტეტი, ქართული სული დაენგრია და დაეშალა.
-შეკითხვა: ”როდის მიხვდით ამას?”
- “ეს რევოლუციის წინაც ვიცოდით და ვიცოდით კაი ხნით ადრე.”
შეკითხვა: “რევოლუციამდე იცოდით, რომ რევოლუცია მოხდებოდა?”
- “დაახლოებით.”(სტილი დაცულია)

ახალგაზრდა ლეიბორისტებს მიაჩნიათ, რომ გახრწნილება საქართველოში სოროსის ფონდის საგამომცემლო აქტივობითაც შემოდის. ლეიბორისტები ამტკიცებენ, რომ გამომცემლობა “დიოგენეს” წიგნი “მხიარული საუბრები სექსის, ჰიგიენისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ”, აგრეთვე იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურა (ვერ აკონკრეტებენ, სახელდობრ, რომელი) სწორედ ჯორჯ სოროსმა დააფინანსა. მე შევამოწმე განცხადების სისწორე და ის მართალი არ აღმოჩნდა. ლეიბორისტები ირწმუნებიან, რომ სოროსი წაახდენს უმაღლესი განათლების სისტემასაც. ორ ლეიბორისტთან ერთად მე შევედი ფონდის ვესტიბიულში, სადაც ქართველი მეცნიერების დაწერილი ან თარგმნილი, ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” დაფინანსებით გამოცემული, რამდენიმე ათეული დასახელების წიგნია გამოფენილი. ლეიბორისტებმა დაადასტურეს, რომ ეს, მართლაც, ასეა, მაგრამ დასძინეს, რომ ყველაფერი კეთდება ფარული ძირგამომთხრელი მიზნებისათვის.

ორაქტიანი წარმოდგენის მეორე ნაწილში ახალგაზრდა ლეიბორისტების მიდგომები განავრცო და მწყობრად გადმოსცა თვით პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. ლაპარაკის დროს ის ტროპებითაც აზროვნებდა:

[ნათელაშვილის ხმა] “შეიძლება ითქვას, რომ ბატონი სოროსი გახლავთ ტროცკი, ოღონდ 21-ე საუკუნეში. ტროცკიც ოცნებობდა პერმანენტულ რევოლუციებზე, სადაც იქნებოდა პროლეტარული გლობალიზმი. სოროსიც არა მარტო ოცნებობს, არამედ აკეთებს ფინანსურ გლობალიზმს.”(სტილი დაცულია)

უნდა ითქვას, რომ მსოფლმხედველობრივი სიმაღლეებიდან სოროსის კრიტიკისას ლეიბორისტთა ლიდერი უფრო თანმიმდევრულია, ვიდრე მისი უმრწემესი პარტიული ამხანაგები.
XS
SM
MD
LG