Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის მოქალაქეთა უმეტესობას არ სურს საერთო ევროპული კონსტიტუციის კანონებით იცხოვროს


საფრანგეთის 42 მილიონი მოქალაქე უფლებამოსილი იყო, ხმა მიეცა ევროპის კავშირის კონსტიტუციისთვის. რეფერენდუმი შაბათ-კვირას გაიმართა. ოფიციალურად რეფერენდუმი 29 მაისს,

კვირას, იყო დანიშნული, მაგრამ ამ სახელმწიფოს თავისი ტერიტორიები აქვს დედამიწის იმ არეალებშიც, სადაც 29 მაისი უკვე შაბათს დადგა და ამიტომ პირველები ევროპიდან ათასობით კილომეტრით დაშორებული სან-პიერ-ე-მიკელონელი ფრანგები, კანადის სანაპიროსთან მცხოვრები კუნძულელები, მივიდნენ ურნებთან. სულ, საფრანგეთის მოსახლეობის რეფერენდუმში მონაწილეთა 55 პროცენტმა უთხრა უარი ევროპის კავშირის კონსტიტუციას.
მოკლედ გეტყვით, რას ემსახურება ახალი კონსტიტუცია. მან ევროპის კავშირის შიგნით გადაწყვეტილებების მიღება უნდა გააიოლოს, კავშირის საერთო საგარეო პოლიტიკური გეზი განამტკიცოს, ამასთან, ევროპარლამენტს მეტი უფლებები მიანიჭოს. მათ, ვინც ხმა არ მისცა კონსტიტუციას, ასეთი არგუმენტები მოჰყავთ: ძირითადი კანონი ზედმეტ უფლებებს ანიჭებს ბრიუსელს, ის საფრთხეს უქმნის საფრანგეთის სოციალური დახმარების სტრუქტურას; ხმის მიმცემნი კი -მათი რიცხვი განსაკუთრებით მაღალია იმ ფენებში, ვისაც სოციალურად არ უჭირს - წევრი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის მომხრენი არიან; მათ სურთ, რომ კავშირმა უფრო აქტიურად მიიღოს გლობალურ თამაშში მონაწილეობა. ევროკავშირის ახალ კონსტიტუციას წევრი ქვენებიდან 9 - მათ შორის, უდიდესი წევრი, გერმანია, - უკვე მიემხრო. ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ფრანგების უარი კონსტიტუციაზე ერთობ დამაღონებელი გამოდგა. ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ თქვა, რომ კავშირს სერიოზული პრობლემები აქვს:
(ბაროზუს ხმა) “ეს იმას ნიშნავს, რომ გვაქვს პრობლემები, სერიოზული პრობლემები. საფრანგეთი ევროპის კავშირის ძალიან მნიშვნელოვანი, კავშირის დამაარსებელი წევრია; მის გარეშე ევროპა წარმოუდგენელია. ახლა გასააზრებლად დრო გვჭირდება.”
16-17 ივნისს ევროკავშირის სამიტია დაგეგმილი და მასზე ამ თემის ირგვლივ საგანგებოდ იმსჯელებენ.
ბაროზუ და კავშირის სხვა ლიდერები ფიქრობენ, რომ საფრანგეთის უარმა არ უნდა შეუშალოს ხელი სხვა სახელმწიფოებს, თავიანთი ნება გამოხატონ. ევროპის პარლამენტის სამი უდიდესი პოლიტიკური ჯგუფის - კონსერვატორების, სოციალისტებისა და ლიბერალების - წარმომადგენლებმა უკვე გამოხატეს თავიანთი პოზიცია. ევროპის კომისიის ჰუმანიტარულ საქმეთა კომისარმა - ადრე ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა - ლუი მიშელმა თქვა, რომ, კომისიის აზრით, კონსტიტუციის რატიფიცირების პროცესი უნდა გაგრძელდეს:
(მიშელის ხმა) “ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს კონსტიტუციის ან ხელშეკრულების დასასრულს. რა თქმა უნდა, საქმე გართულდა, მომხდარი უნდა გავიაზროთ. მაგრამ, პირველ რიგში, როგორც ეს ფრანგების მიმართ მოხდა, ევროპის სხვა ქვეყნებსაც, მათი უფლების თანახმად, უნდა მიეცეთ საშუალება თავიანით პოზიცია გამოხატონ.”
არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირის ახალ კონტიტუციას უარით შეეგებონ ჰოლანდიაში, სადაც რეფერენდუმი ზეგისთვის, ოთხშაბათისთვის, არის დანიშნული.
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ჟან-კლოდ იუნკერი - ის ახლა ევროპის კავშირს თავმჯდომარეობს - შეეცადა მაგრად დამდგარიყო:
(იუნკერის ხმა) “ვფიქრობ, რომ - ვიცნობ რა ჰოლანდიელებს - ისინი თავიანთ აზრს იტყვიან. ცხადია, ისინი ყურს უგდებდნენ ფრანგების არგუმენტებს, მაგრამ არა მხოლოდ უარის მთქმელთა არგუმენტებს, არამედ ასევე მომხრეთა მოსაზრებებსაც. ამდენად, არა მგონია, რომ ჰოლანდიელები იმის გავლენის ქვეშ მოექცნენ, რაც საფრანგეთში მოხდა.”
2005 წელს დაგეგმილია რეფერენდუმი ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მათ შორისაა ევროპის კავშირის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი დანია, ტრადიციულად ამავე განწყობლების ბრიტანეთი; მათ კი მოჰყვებიან ახალი წევრები, პოლონეთი და ჩეხეთი, რომლებიც ასევე ბევრი რამის გამო არიან უკმაყოფილონი. ჩეხეთის პრეზიდენტმა, ცნობილმა “ევროსკეპტიკოსმა” ვაცლავ კლაუსმა საფრანგეთის უარის შემდეგ კონსტიტუციის რატიფიცირების შეწყვეტა მოითხოვა. კლაუსმა თქვა, რომ ამ პროცესის გაგრძელება ზედმეტია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG