Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაინერ ვერნერ ფასბინდერი – 60


31 მაისს კინოს მოყვარულები მთელ მსოფლიოში

ოქროს საუკუნე, 30 მაისი


აღნიშნავენ დიდი გერმანელი რეჟისორის რაინერ ვერნერ ფასბინდერის დაბადების 60 წლის იუბილეს. კინოლექსიკონებში, რომელიც ფასბინდერის გარდაცვალებამდე, ე.ი. 1982 წლამდე, გამოვიდა, აღნიშნული იყო, რომ იგი 1946 წელს დაიბადა. მაგრამ 1983 წელს ფასბინდერის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარებმა ბავარიის ქალაქის, ბად ვიორისჰოფენის, საეკლესიო ჩანაწერებში აღმოაჩინეს ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ პატარა რაინერ ვერნერი 1945 წლის 31 მაისს მოევლინა სამყაროს. იმისთვის, ვინც რაინერ ვერნერ ფასბინდერის ცხოვრება და შემოქმედება იცის, გერმანელი რეჟისორის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. დღეს სწორედ ფასბინდერის ცხოვრება და შემოქმედება მინდა გაგახსენოთ.

[მუსიკა “ბერლინი–ალექსანდრპლაცი”]

ეს სევდიანი, ერთდროულად ბანალური და ლამაზი მუსიკა ჟღერს რაინერ ვერნერ ფასბინდერის მრავალსერიან სატელევიზიო ფილმში “ბერლინი-ალექსანდრპლაცი”, რომელიც ქართველი მკითხველისთვის კარგად ცნობილი ალფრედ დიობლინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია გახლავთ. თავის საყვარელ მწერალს ფასბინდერმა 1979 წელს მიმართა, ე.ი. “მარია ბრაუნის ქორწინების” გადაღების შემდეგ დროებით შეწყვიტა გერმანელი ქალების ტრილოგიაზე მუშაობა და თავისი სახელგანთქმული ფილმები - “ლილი მარლენი” და “ლოლა” - მხოლოდ დიობლინის ეკრანიზაციის დასრულების შემდეგ გადაიღო.

ფასბინდერმა სულ რამდენიმე თვეში დაასრულა “ბერლინი-ალექსანდრპლაცის” 14 სერია... მიუმატეთ ეს 14 სერია კიდევ 5 სერიას ფასბინდერის ადრეული სატელევიზიო ფილმისა “8 საათი – ჯერ დღე არ არის”, მერე მიუმატეთ ამას 40-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც გერმანელმა რეჟისორმა 12 წლის განმავლობაში გადაიღო და დარწმუნდებით, რომ რაინერ ვერნერ ფასბინდერი სამართლიანად შეიყვანეს გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე პროდუქტიული რეჟისორი... დარწმუნდებით ადამიანის, ხელოვანის განუსაზღვრელ შესაძლებლობებში... და თუ იმასაც გაითვალისწინებთ, რომ ფასბინდერის მიერ წელიწადში გადაღებულ 4,5 ფილმს შორის ერთი აუცილებლად შედევრია, დაიჯერებთ, რომ საქმე გვაქვს ლეგენდარულ ფიგურასთან, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა მსოფლიო კინოში.

ახალგაზრდა ქართველი მწერალი, ჟურნალისტი ნესტან კვინიკაძე, რომელიც ფასბინდერის შესახებ წიგნის გამოცემას აპირებს, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ 16 წლის იყო, გერმანელი რეჟისორი როცა შეუყვარდა - მას მერე, რაც ფასბინდერის ფილმი “პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები” ნახა ტელევიზიით... მერე ფასბინდერის ბიოგრაფიას გაეცნო და დღემდე ცდილობს ჩასწვდეს ამ ადამიანის შემოქმედების საიდუმლოს:

[ნესტან კვინიკაძის ხმა] “ჩემთვის, პირველ რიგში, ეს იყო საინტერესო - ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა ჭარბი ნარკოტიკების მიღების შედეგად, დატოვებული აქვს 44 ფილმი, ათზე მეტი პიესა, სადაც როლი თვითონ ითამაშა. ეს მუშაობდა... მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ არის აფექტი – ფასბინდერი რჩება ჩემთვის კვლევის საგნად...აშკარად, აქვს რაღაც საიდუმლო.” (სტილი დაცულია)

იდუმალებით მოცულია, პირველ რიგში, ფასბინდერის ბიოგრაფია. რაინერ ვერნერი 1 წლის იყო, როცა მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. დედა მუშაობდა, ბავშვს ვერავის უტოვებდა. ამიტომ, როგორც ფასბინდერი იგონებდა, კინოთეატრში “შეაგდებდა” ხოლმე. კინოს სიყვარულს კიდევ ერთი ვნება დაემატა – ნარკოტიკები. მოგვიანებით, როცა სახელგანთქმული რეჟისორი გახდა, იგი მთელ თავის ჰონორარს კოკაინზე ხარჯავდა. ამ თვალსაზრისით, ქართველი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი ფასბინდერის ბოლოსწინა ნამუშევარი, “ვერონიკა ფოსის სევდა”, რეჟისორის ბიოგრაფიას გაგახსენებთ. ვერონიკა ფოსის მსგავსად, ფასბინდერიც გაორებული იყო კინემატოგრაფიულ და ნარკოტიკულ სამყაროთა შორის. ვერონიკას მსგავსად, ისიც ნარკოტიკების მსხერპლი გახდა – თანაც, უამრავი ხელოვანისთვის კრიტიკულ ასაკში – 37 წლისა.

[ნესტან კვინიკაძის ხმა] “ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო წიგნები ფასბინდერზე, რომელსაც ვღებულობდი ხოლმე საჩუქრად... ერთხელ, მახსოვს, ჩემმა მეგობარმა ჩამომიტანა წიგნი ფასბინდერზე, რომელშიც არა მარტო შესანიშნავი ფოტოები იყო და ტექსტები, არამედ იყო მასალები, რომლითაც იგი კინოაკადემიაში არ მიიღეს – კითხვები და პასუხები. მინდა ეს ვთარგმნო და გამოვაქვეყნო – მოტივი არ არსებობს, რატომაც არ აიყვანეს ფასბინდერი კინოაკადემიაში.” (სტილი დაცულია)

ფასბინდერი კინოაკადემიაში არ მიიღეს. იგი ისე გარდაიცვალა, რომ კინემატოგრაფიული განათლება ვერ მიიღო. მიუხედავად ამისა, მრავალჯერ გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ქართველ მწერალსა და ჟურნალისტს ნესტან კვინიკაძეს უკვირს კიდეც, როგორ აღიარა გერმანიამ რეჟისორი, რომელმაც ერთხელ განაცხადა, გერმანიაში ფილმების გადაღებას სჯობს ქუჩა დაგავო მექსიკაშიო, - რეჟისორი, რომელმაც შექმნა კინემატოგრაფი-სარკე მეშჩანებისა და ფილისტერებისთვის, რათა მათ თავიანთი თავი დაენახათ ამ სარკეში. ამიტომაც თქვა უარი 70-იანი წლების მეორე ნახევარში ინტელექტუალურ, საავტორო კინოზე და, ბერტოლდ ბრეხტის პირდაპირმა მემკვიდრემ, “სამგროშიანი კინოს” დონეზე აიყვანა “ერთგროშიანი”, ეგრეთ წოდებული, მდაბიო ჟანრი – მელოდრამა, საპნის ოპერა.

[ნესტან კვინიკაძის ხმა] “ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც ჩნდება ფასბინდერისნაირი ფიგურა, იმას ყოველთვის იგნორირებას უკეთებენ, პრიზს არ მისცემენ. მაგრამ ფასბინდერის შემთხვევაში ეს არ ყოფილა. ფაქტობრივად, არ დარჩენილა ჯილდო, რომელიც მას არ მიეღოს. უცნაურია, რატომ წავიდა ამ დათმობაზე გერმანია. ფასბინდერი ხომ ყველას წინაშე ინანიებდა იმ სირცხვილს, რაც სჭირდა გერმანიას.”

რაინერ ვერნერ ფასბინდერი ეგრეთ წოდებული “უმამო თაობის” წარმომადგენელი იყო. თავის ფილმებში მან ამხილა გერმანიის ისტორია და ასე გაემიჯნა “გერმანელ მამებს”. ქართველი მაყურებლისთვის კარგად ცნობილ სურათში “ლილი მარლენი” მან ახალი მარლენ დიტრიხი შექმნა ჰანა შიგულას სახით.

[სიმღერა. "ლილი მარლენი"]

ლილი მარლენი ცხოვრობს ფაშისტურ გერმანიაში, მღერის პოპულარულ ნაცისტურ სიმღერას, მაგრამ ნაცისტურ დისკურსს არ აღიარებს, არ ლაპარაკობს “ძალაუფლების ენაზე”. ძალაუფლება კი ფასბინდერის თითქმის ყველა ფილმის მთავარი თემაა. კინოს იგი ძალაუფლების ანთროპოლოგიის შესასწავლად იყენებდა. იკვლევდა ძალაუფლების გამოვლინებას – პოლიტიკაში, აღზრდაში, ოჯახში, ქალისა და მამაკაცის, მამაკაცისა და მამაკაცის, ქალისა და ქალის ურთიერთობაში. შეიძლება ითქვას, იგი თავისი ერის ფსიქოანალიტიკოსი გახდა – სასტიკი, მკაცრი, ულმობელი.. ნესტან კვინიკაძეს ვკითხეთ, შესაძლებელია თუ არა ოდესმე ქართულ კულტურულ სივრცეშიც გაჩნდეს ფასბინდერის მსგავსი ფიგურა.

[ნესტან კვინიკაძის ხმა] “რატომ, შეიძლება ფასბინდერისნაირი პერსონა გაჩნდეს ქართულ რეალობაში, იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ სიმართლეს გვეუბნებიან, მომენტალური იგნორირება ხდება ამისი, ძალიან გვიჭირს მთლიანობაში... მოვლენის დანახვა... მე არ ვიცი მოიძებნება კი ადამიანი, რომელსაც დღე-ღამეში 4 საათი ეძინა, ამდენს მუშაობდა. ჩვენთან დიდი ხანი არსებობს ასეთი ადამიანის გაჩენის მოლოდინი. ისევ უნდა დაველოდოთ.” (სტილი დაცულია)

“ძილს სიკვდილის მერეც მოვასწრებ”, თქვა ერთხელ ფასბინდერმა, როცა ექიმებმა გააფრთხილეს, რომ ასეთი ცხოვრება მას სულ მალე გამოფიტავდა. 1982 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ფასბინდერმა განაცხადა, რომ მუშაობას იწყებს ორ პროექტზე - ფილმზე “როზა ლუქსემბურგი”, რომელშიც მთავარი როლი რომი შნაიდერს უნდა შეესრულებინა. მაგრამ რომი შნაიდერი ფასბინდერის დაღუპვამდე 12 დღით ადრე გარდაიცვალა.. ვერც მეორე პროექტის განხორციელება მოასწრო – ვერ გადაიღო ფილმი, სახელწოდებით “კოკაინი”. თავად გახდა კოკაინის მსხვერპლი.

რაინერ ვერნერ ფასბინდერის ბოლო ფილმი, “კერელი”, ჟან ჟენეს ნაწარმოების ეკრანიზაციაა - იმ ჟენესი, რომელსაც ჟან პოლ სარტრმა “კომედიანტი და წამებული” უწოდა.
გერმანიაში ფასბინდერი არ უწამებიათ. პირიქით, 70-იან წლებში თითქმის ყველა გერმანელმა რეჟისორმა სწორება ფასბინდერზე აიღო, რამაც დასავლეთ გერმანული კინოს აღორძინება განაპირობა. მაგრამ მეოცე საუკუნის მსოფლიო კულტურაში რაინერ ვერნერ ფასბინდერი მაინც ტრაგიკულ ფიგურად რჩება. მით უფრო სიმბოლურად ჟღერს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე წარმოთქმული მისი სიტყვები:

“არ მიყვარს, როცა მე მაწამებენ, - მიყვარს, როცა თავად ვაწამებ საკუთარ თავს.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG