Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებულ შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მიღწევად აფასებს


მეორე დღეა ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებმა დანიშნულებისამებრ საქმიანობა შეწყვიტეს და დახურვის რეჟიმს ექვემდებარებიან.

ამას ითვალისწინებს პოლიტიკური შეთანხმება, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი ორშაბათს მოსკოვში მოაწერეს. ამ ფაქტს თბილისში ისტორიულ მოვლენად აფასებენ.

მაგრამ, მიუხედავად ამგვარი განწყობისა, საქართველოს ხელისუფლება შეთანხმების პირობათა დაცვის შემდგომი კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობს, ოპოზიცია კი - რუსეთის სამხედრო ბაზების შემცვლელ საფრთხეზე.

ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზების დახურვის ეტაპობრივ პროცესს რუსეთი 2008 წლის განმავლობაში დაასრულებს, პარლამენტის სხდომაზე მილოცვის საბაბად იქცა.
ნინო ბურჯანაძემ, მისივე განცხადებით, ,,ისტორიული და წარმატებული” მოლაპარაკებით მიღწეულ შეთანხმებას ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი უწოდა. პრეზიდენტის მსგავსად, პარლამენტის თავმჯდომარეც დარწმუნებულია, რომ ბაზების პრობლემის მოგვარების შემდეგ საქართველოში ახალი ეტაპი დაიწყება:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,რუსული სამხედრო ბაზები იყო ის ფაქტორი, რომელიც პრინციპულად უშლიდა ხელს საქართველოს ნორმალურ განვითარებას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალურ კალაპოტში გადაყვანას და, მე ვფიქრობ, რომ ეს პრეზიდენტის, ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი მიღწევაა, რომ მოხერხდა, მართლაც, კონსტრუქციული მოლაპარაკების მიღწევა და ბაზები გავა საქართველოდან.” (სტილი დაცულია)

ზურაბიშვილისა და ლავროვის მიერ ხელმოწერილი განცხადების მიხედვით, მიღწევა, ზოგადად, ასე გამოიყურება: პირველ სექტემბრამდე ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებს მინიმუმ 40 ერთეული ჯავშანტექნიკა დატოვებს; ამავე ხანებში რუსეთი საქართველოს გადმოსცემს რამდენიმე სამხედრო ობიექტს, მათ შორის, გონიოს პოლიგონს. მძიმე ტექნიკა ახალქალაქის ბაზას 2006 წლის ბოლომდე დატოვებს, არაუგვიანეს 2007 წლის ბოლოს კი ეს ბაზა სრულად დაიხურება. რაც შეეხება ბათუმის სამხედრო ბაზას, მისი გაუქმების პროცესი 2008 წლის განმავლობაში დასრულდება. მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ პოლიტიკური განცხადების ხელმოწერას ისტორიულ ფაქტს უწოდებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] ,,ორასწლიანი რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში მთავრდება. 2008 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ბოლო რუსი ჯარისკაცი გავა საქართველოდან. რა თქმა უნდა, შეთანხმება არის შეთანხმება და ის წარმოადგენს მხოლოდ ქაღალდს და მეტს არაფერს. მაგრამ არსებობს კეთილი ნება ორივე ქვეყნის პრეზიდენტების მხრიდან, ორივე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. თუმცა ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ ყურადღებიანები და მაინც უნდა ვიყოთ მომთხოვნები, რომ რაიმე ვალდებულებების დარღვევას ადგილი არ ჰქონდეს.” (სტილი დაცულია)

სამხედრო ბაზებთან დაკავშირებულ შეთანხმებას მნიშვნელოვან ფაქტს უწოდებს ოპოზიციაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მისი წარმომადგენლები ახალი საფრთხის შესაძლებლობას ხედავენ. საუბარია ერთობლივ ანტიტერორისტულ ცენტრებზე, რომელთა შექმნის ინიციატორი საქართველოს ხელისუფლებაა. ,,მემარჯვენე ოპოზიციის” წევრის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ბაზების ნაცვლად ანტიტერორისტული ცენტრების ამოქმედება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას ნიშნავს:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ,,არ მოხდეს ისე, რომ ჩვენთვის ასევე არანაკლებ და შეიძლება ბევრად უფრო სახიფათო ანტიტერორისტული ცენტრების იდეით იქნას ჩანაცვლებული.” (სტილი დაცულია)

ამგვარი პერსპექტივით შეწუხებულ კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ შეახსენა ბიუროს ამასწინანდელი დახურული სხდომა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებული ინფორმაცია. თუმცა საგულისხმოა, რომ ოპოზიციამ საკუთარი შეშფოთება სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გამოხატა. მით უმეტეს, რომ მოსკოვის შეთანხმება ითვალისწინებს ბათუმის ბაზის პირადი შემადგენლობის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის შეთანხმებული ნაწილის გამოყენებას ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის ინტერესებისთვის:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 17 წლის თავზე თუ ჩვენ მოვახერხებთ საბოლოოდ რუსეთის ბაზების გაყვანას და ამის შემდეგ კიდევ რუსული სპეცსამსახურები თუ დაგვრჩება ჩვენ აქ, ჩვენთან ერთად და ჩვენი პასუხისმგებლობით, მე ვერაფრით ვერ წარმომიდგენია, რატომ იქნება ეს რაიმე სერიოზული წარმატება.” (სტილი დაცულია)

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილის განმარტებით, პარლამენტის მიერ მარტში დამტკიცებული დადგენილება არ ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ
ბაზები ანტიტერორისტული ცენტრებით შეიცვალოს. თუმცა საგულისხმოა, რომ, მოსკოვში შეთანხმების ხელმოწერის გამო, პარლამენტის დადგენილება შეჩერდება. იმისათვის, რომ რუსეთის ბაზების საკითხი საბოლოოდ ამოიწუროს, მიღწეულმა პოლიტიკურმა შეთანხმებამ იურიდიული დოკუმენტის სახე უნდა მიიღოს. რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის დაწყებისა და ძველი წყენის დავიწყების პერსპექტივა, რომელზეც პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობდა, მეტ-ნაკლებად რეალურ ფორმას ამის შემდეგ მიიღებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG