Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უოტერგეიტის სკანდალის უკანასკნელი საიდუმლო


მრავალი ამერიკელისთვის უოტერგეიტის სკანდალი, რომელმაც პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის გადადგომა გამოიწვია, საუკეთესო მაგალითია იმისა,

თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდეს დემოკრატიული საზოგადოება კორუფციას ხელისუფლების უმაღლეს დონეზე. 70-იანი წლების დამდეგს "ვაშინგტონ პოსტის" ორმა ჟურნალისტმა მთელი რიგი წყაროების საშუალებით შეძლო გამოემზეურებინა უოტერგეიტის სკანდალი. განსაკუთრეით დიდი დახმარება გაუწია მათ წყარომ, ზედმეტსახელად "ღრმა ხახამ", რომელიც 30 წელზე მეტ ხანს ანონიმად რჩებოდა. მაგრამ სამშაბათს საბოლოოდ გაიხსნა შეერთებული შტატების ჟურნალისტიკის ისტრიის ყველაზე დიდი საიდუმლო.

კინოს მოყვარულებს ალბათ ახსოვთ გახმაურებული ამერიკული ფილმი "პრეზიდენტის მთელი ამალა", რომელმაც 1976 წელს ოსკარი მოიპოვა და რომელშიც ნაჩვენებია, როგორ გამოააშკარავებს ორი ახალგაზრდა ჟურნალისტი, ბობ ვუდვორდი და კარლ ბერნსტაინი - მათ როლებს რობერტ რედფორდი და დასტინ ჰოფმანი ასრულებენ - უოტერგეიტის სკანდალთან დაკავშირებულ გარემოებებს.

რაც უნდა კარგი იყოს ეს ფილმი, მისი შედარებაც არ შეიძლება რეალურ ამბავთან, რომლის მთავარი აზრი ისაა, თუ როგორ შეძლო ამერიკის სისტემამ - მედიამ, კონგრესმა და სასამართლომ - მთავრობის დონეზე კორუფციის გამოაშკარავება და აღკვეთა.

სამშაბათს უოტერგეიტის სკანდალის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი საიდუმლო გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ ვუდვორდისა და ბერნსტაინის მთავარი ინფორმატორი, ზედმეტ სახელად "ღრმა ხახა", იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის მოადგილე.

იგი უოტერგეიტის სკანდალის მთელი პერიოდის მანძილზე საიდუმლო ადგილებზე ხვდებოდა ჟურნალისტებს და ფასდაუდებელი ინფორმაციით ამარაგებდა მათ.

კარლ ბერნსტაინი 2002 წელს ამგვარად აფასებდა საიდუმლო წყაროს როლს:

[ბერნსტაინის ხმა] "ძნელია იმ შიშის გადმოცემა, რაც გვეუფლებოდა, როცა ამ ინფორმაციას ვიღებდით. ისე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ან მისი გარემოცვა შეიძლება ჩართული ყოფილიყო ამ კონსპირაციაში, რომელიც ძირს გამოუთხრიდა შეერთებული შტატების კონსტიტუციას და პრეზიდენტის ძალაუფლებას ამ უკანონობაზე დაამკვიდრებდა."

ორი რეპორტიორი და მათი გაზეთის რედაქტორი ბობ ბრედლი ყოველთვის იმეორებდნენ, რომ "ღრმა ხახის" ვინაობას მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოაცხადებდნენ.

მაგრამ სამშაბათს ჟურნალმა "ვენიტი ფეარმა" გამოაქვეყნა "ღრმა ხახის" ვინაობა. ეს გახლდათ FBI-ს ყოფილი დირექტორის მოადგილე მარკ ფელტი. ზედმეტი სახელი "ღრმა ხახა" იმ პერიოდის პოპულარული პორნოფილმიდანაა აღებული.

თავად ფელტი მანამდე ყოველთვის უარყოფდა, რომ ის იყო "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტების ინფორმატორი. წლების მანძილზე ეჭვი სხვა მაღალი რანგის პირებზეც ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ ნიქსონის კანცელარიის უფროსი ალექსანდერ ჰეიგი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, ნიქსონის ყოფილი ასისტენტი პატრიკ ბიუკენანი და თავად ჯორჯ ბუში უფროსიც.

თავად სკანდალი დაიწყო იმით, რომ 1972 წელს სასტუმრო "უოტერგეიტში" დემოკრატიული პარტიის ოფისში სატელეფონო საუბრების მოსასმენი აპარატურის დაყენების მცდელობისას დააკავეს რამდენიმე ადამიანი. ჟურნალსტური გამოძიებით აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაცია პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ ჯაშუშობდა. ყველაზე შემაძრწუნებელი კი აღმოჩნდა თავად პრეზიდენტ ნიქსონის როლი ყოველივე ამაში.

ნიქსონმა, რომელიც იმპიჩმენტის საფრთხის წინაშე იდგა და გადადგა, უარყო რაიმე კავშირი ამ დანაშაულთან:

[ნიქსონის ხმა] "მე წინასწარ არაფერი ვიცოდი "უოტერგეიტის" სასტუმროში შეღწევის შესახებ. მონაწილეობა არ მიმიღია და არც არაფერი ვიცოდი მოგვიანებით ამის მიჩქმალვისკენ მიმართული მოქმედებების შესახებ."

სამშაბათს ვუდვორდმა და ბერნსტაინმა დაადასტურეს, რომ ფელტი იყო მათი საიდუმლო ინფორმატორი. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს ხაზგასმით, რომ მიუხედავად მრავალი სხვა წყაროსი, "ღრმა ხახის" გარეშე ისინი ვერ შეძლებდნენ მიზნის მიღწევას.

მაგრამ "ღრმა ხახას" ყველა არ მიიჩნევს გმირად. ბიუკენანმა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო, სამშაბათს თქვა, რომ ფელტი განაწყენებული იყო, რომ იგი FBI-ის დირექტორად არ დანიშნეს.

[ბიუკენანის ხმა] "მან ეს ბოროტი განზრახვით გააკეთა, ვინაიდან მას გვერდი აუარეს. ნუ ფიქრობთ, რომ "ღრმა ხახა" გმირია. ჩემის აზრით, "ღრმა ხახა" გველია."

გორდონ ლიდიმ, "უოტერგეიტში" შეღწევის ორგანიზატორმა, ასევე გააკრიტიკა ფელტი და განაცხადა, რომ მან დაარღვია იურისტების ეთიკა და საიდუმლო ინფორმაცია გარე სამყაროს მიაწოდა.

ნიქსონის ყოფილი გარემოცვის სხვა წარმომადგენლებიც აკრიტიკებენ ფელტს. მათი თქმით, მას თავისი საქციელი უღირსად მიაჩნდა და ამდენ ხანს იმიტომ დუმდა.

ასეა თუ ისე, მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ უოტერგეიტის სკანდალმა ნათელყო, რომ ჯანსაღ დემოკრატიას უნარი შესწევს გაუმკლავდეს კანონის დარღვევას ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. მაგრამ "ღრმა ხახის" გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.
XS
SM
MD
LG