Accessibility links

logo-print

ქართველი ქალები ბავშვთა უფლებებისათვის


„ყველა ბავშვს აქვს უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი თუ სოციალური

განვითარებისათვის“ - ეს არის ამონარიდი გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციიდან, რომელსაც საქართველო თერთმეტი წლის წინ, 1994 წელს, მიუერთდა. თუმცა, ბავშვის უფლებათა აღიარების მიუხედავად, ქართველი მოზარდების სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობა დღემდე ეწირება ოჯახურ თუ სხვა სახის ძალადობას, რომლის მსხვერპლადაც, არანაკლები ინტენსივობით, ზრდასრული ქალბატონებიც გვევლინებიან. ქალები და ბავშვები - რამდენად არის დაცული მათი უფლებები საქართველოში და რა კეთდება ვითარების შესაცვლელად?

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომელიც 80-მდე სუბიექტს აერთიანებს, აკადემიურ ვითარებაში, სასტუმრო მეტეხის საკონფერენციო დარბაზში, აღნიშნა. ბავშვთა უფლებებზე, ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის პრობლემებზე მთელი დღის განმავლობაში, მესამე სექტორის გარდა, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მსჯელობდნენ. კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ქეთევან დადუნაშვილის, თქმით, საქართველოში ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვა ერთმანეთში ლამის ორგანულადაა გადახლართული.

[ქეთევან დადუნაშვილის ხმა] „ყველაფრის გამიჯვნა შეიძლება, მაგრამ ძალიან ძირეულად არის საქართველოში ქალთა და ბავშვთა უფლებები გადაჯაჭვული, იმიტომ რომ ბავშთა საკითხებთან ძირეულად არის დაკავშირებული ტრეფიკინგი, რომლის მსხვერპლიც, ძირითადად, ქალები არიან და ოჯახური ძალადობა, რომლის მსხვერპლი ბავშვები და ქალები არიან.“


მართლაც, სტატისტიკის თანახმად, ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლის როლში ყველაზე ხშირად ქალები და ბავშვები გვევლინებიან. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის წევრის ნანა ნაზაროვას განცხადებით, ბავშვთა ტრეფიკინგის მასშტაბებს ყველაზე მეტად ახალშობილთა სამოქალაქო რეგისტრაციის სფეროში არსებული ქაოსი ზრდის, თუმცა, ჩემი რესპონდენტის თქმით, ტრეფიკინგის სტანდარტულ შემთხვევებზე საუბარი შეუძლებელია.

[ნანა ნაზაროვას ხმა] „აჭარის უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებისგან ვიცი შემთხვევა, როცა 12 წლის გოგონა სარფიდან ჩანთით კი არ გადაიყვანეს, არამედ გადაიტანეს. ბავშვებით ვაჭრობაში არ არსებობს სტანდარტული სიტუაცია. ვის როგორც შეუძლია, ისე ეზიდება!“

მაგრამ საქართველოში იმ ბავშვების უფლებებიც ირღვევა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ოჯახებში ცხოვრობენ. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ბავშვებთან ერთად ოჯახურ ძალადობას მათი დედები, ზრდასრული ქალბატონებიც, ეწირებიან. ნატო შავლაყაძე, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარე, ამბობს, რომ საქართველოში ოჯახური დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ძალზე რთულია. მსხვერპლი, როგორც წესი, დუმილს ამჯობინებს:

[ნატო შავლაყაძის ხმა] „ეს ისევ და ისევ ტრადიციებთან, ჩვენს მენტალობასთან არის დაკავშირებული. დღესაც კი საკმაოდ პროგრესულ ოჯახებში ითვლება, რომ ოჯახური პრობლემა უნდა დარჩეს ოჯახში და სირცხვილია კარსმიღმა ამ თემაზე საუბარი. ეს არის უზარმაზარი პრობლემა. ძალიან ბევრი ადამიანი სახიჩრდება. ჩვენი კრიმინალური სამყარო მდიდრდება სწორედ ასეთი ოჯახებიდან გამოსული ბავშვებით.“ (სტილი დაცულია)

ცალკე საუბრის თემაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, რომელთა უფლებებს სახელმწიფო ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევს და რომელთა ყოფითაც საზოგადოება, როგორც წესი, მხოლოდ პირველ ივნისს ინტერესდება.
XS
SM
MD
LG