Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვთა და მოზარდთა მუსიკის 34-ე კვირეული


ბავშვთა და მოზარდთა მუსიკის კვირეული საქართველოში უკვე ოცდამეთოთხმეტედ ტარდება და ეს, უპირველეს ყოვლისა, კომპოზიტორ მერი დავითაშვილის დამსახურებაა.

7 ივნისის ჩათვლით, მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა ახალგაზრდა კომპოზიტორებსა თუ შემსრულებლებს კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. კვირეულის პირველი დღე, 1 ივნისი, ბავშვებმა და მოზარდებმა აფხაზეთს მიუძღვნეს, მხარეს, რომელიც ზოგ მათგანს - ბუნდოვნად, ზოგს კი საერთოდ არ ახსოვს. მე რკინიგზელთა კულტურის სასახლეში კვირეულის პირველ კონცერტს დავესწარი.


(ისმის სიმღერა)

გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე შექმნილი ეს რომანსი 17 წლის ლალი საბანაძეს ეკუთვნის. ლალი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო სამუსიკო გიმნაზიაში სწავლობს და მუსიკის სამყაროში გადადგმული ყოველი წარმატებული ნაბიჯისთვის თავის პედაგოგს, კომპოზიტორ მერი დავითაშვილს, ემადლიერება. მას შემდეგ, რაც საბანაძეების ოჯახმა მშობლიური გაგრა დატოვა, ძალიან დიდი ხანი გავიდა:

(ლალი საბანაძის ხმა) ”3-4 წლის ვიყავი, იქიდან რომ წამოვედი, და მახსოვს ზღვა, ლამაზი ბუნება... მე მგონია, რომ დავბრუნდებით, ძალიან დიდი იმედი გამიჩნდა... მე მგონი, მშვიდობით დავბრუნდებით.” (სტილი დაცულია)

თუკი ლალი საბანაძეს აფხაზეთი ბუნდოვნად მაინც ახსოვს, 10 წლის ანა ყიფიანს მშობლიური მხარე მხოლოდ უფროსების ნაამბობის მიხედვით წარმოუდგენია:

(ანა ყიფიანის ხმა) ”მოსკოვში დავიბადე, თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ მშობლები მყავს სოხუმიდან. სოხუმი წარმომიდგენია ლამაზი ქალაქი, სადაც, ბებია როგორც მეუბნება, მაგნოლიები ყვავის, ძალიან ლამაზი ტყე არის, ბამბუკია და ლამაზი ზღვა არის... დარწმუნებული ვარ, რომ ჩავალ, ძალიან ლამაზი იქნება იქაურობა...”. (სტილი დაცულია)

(მუსიკა)

ანა ყიფიანმა ბავშვთა და მოზარდთა მუსიკის 34-ე კვირეულის პირველ კონცერტზე, სახელწოდებით ”ბავშვები აფხაზეთიდან”, ანა გოგავასთან ერთად დუეტში კომპოზიტორ მერი დავითაშვილის ორი პიესა - ”უღრუბლო ცა” და ”აბობოქრებული სტიქია” - შეასრულა. აქვე ვიტყვი, რომ 1 ივნისს აფხაზეთისადმი მიძღვნილ კონცერტზე მერი დავითაშვილის კიდევ არაერთი ნაწარმოები შესრულდა:

(მუსიკა)

და საერთოდ, კომპოზიტორი მერი დავითაშვილი ამ კონცერტის მთავარი პერსონა გახლდათ, თუნდაც იმიტომ, რომ მის გარეშე ბავშვთა და მოზარდთა მუსიკის 34-ე კვირეული საერთოდ ვერ შედგებოდა:

(მერი დავითაშვილის ხმა) ”ამ 34 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ჩაგვიგდია, იმიტომ რომ ბავშვებს სჭირდებათ ასეთი სულიერი საზრდო. იმდენი მსურველია... სულ მირეკავენ: როდის იქნება, როდის იქნება კვირეული... ვფიქრობ, ეს დარბაზები ვეღარ იტევს, იმდენი შემსრულებელი ჰყავს...”. (სტილი დაცულია)

კოლეგის ღვაწლს საგანგებოდ აღნიშნავს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი და ამბობს, რომ მერი დავითაშვილი, ტრადიციული კვირეულების ორგანიზებით, დიდ სამომავლო საქმეს აკეთებს:

(ვაჟა აზარაშვილის ხმა) ”ამ ბავშვებიდან ძალიან ბევრი გახდება, ალბათ, ნიჭიერი მუსიკოსი, ხელოვანი, ყოველ შემთხვევაში - კულტურული ადამიანი, რომელიც გამოადგება თავის მშობლებს, თავის ერს, თავის ქვეყანას და საქართველო იქნება მუდამ თითით საჩვენებელი, როგორც საუკეთესო ქვეყანა.” (სტილი დაცულია)

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ეგიდით ორგანიზებული კვირეულის პირველი დღე აფხაზეთს დევნილი მთავრობის ინიციატივით მიეძღვნა. საღამომ საოცრად კმაყოფილი დატოვა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი სალომე კაპანაძე:

(სალომე კაპანაძის ხმა) ”მოგეხსენებათ, ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს და მე ვფიქრობ, რომ ამ ბავშვებმა უკვე თავისი წილი სისხლი გაიღეს, იცით, იმ ხელოვნების ასაყვავებლად, რომელსაც, ზოგადად, ქართული ხელოვნება ეწოდება და, რასაკვირველია, ჩვენი წილი, იცით, აფხაზეთის კულტურის წილი, აქ უნდა იყოს ძალიან სოლიდური. ეს ბავშვები არიან უკვე იმ გზის დასაწყისში.” (სტილი დაცულია)

1 ივნისის კონცერტით კმაყოფილი დარჩა ყველა. 7 ივნისამდე კი თავის გამოჩენის საშუალება, მერი დავითაშვილის წყალობით, კიდევ არაერთ ნიჭიერ ბავშვსა და მოზარდს მიეცემა. კვირეული ეძღვნება და ელოდება ყველას, ვისაც მუსიკა უყვარს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG