Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დსთ-ის რეფორმირების აუცილებლობის ერთი არგუმენტი


თბილისში იკრიბებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურები, რომელთა საბჭოს სხდომა პარასკევს გაიმართება.

საქართველოს ხელისუფლებასთან სხდომის დღის წესრიგის შესათანხმებლად თბილისში იმყოფება თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი ვლადიმირ რუშაილოც.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურები განიხილავენ 30-ზე მეტ საკითხს, რომელთაგან საქართველოსთვის ყველაზე საინტერესო, კონფლიქტების მოგვარება, სხდომის ოფიციალურ დღის წესრიგში არ არის.



დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეფორმირებას აუცილებლად მიიჩნევს ამ ორგანიზაციის არაერთი წევრი ქვეყნის ხელისუფლება, რომელთა შესაბამის არგუმენტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოთხშაბათს კიდევ ერთი დაუმატა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ამ შეხვედრის ფარგლებში 34 საკითხი განიხილება. თუმცა, იმავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ამ 34 საკითხიდან ჩვენ ვმონაწილეობთ მხოლოდ 9 საკითხის განხილვაში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დსთ-ის რეფორმირება არის აუცილებელი.” (სტილი დაცულია)

მნიშვნელოვან შეხვედრაში ზურაბ ნოღაიდელი გულისხმობდა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომას, რომელიც თბილისში პარასკევს გაიმართება. სხდომამდე მისი მონაწილეები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ და საქართველოში ვიზიტს რამდენიმე, ძირითადად, ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტის ხელმოწერით დაასრულებენ. მაისის ბოლოს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი სხდომის მოსამზადებელ პროცესზე საუბრობდა, პასუხს შეკითხვაზე, ტოვებს თუ არა საქართველო დსთ-ს, მან თავი აარიდა. ოთხშაბათს ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია წევრი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ინტერესთა რეალიზაციის საშუალებას უნდა იძლეოდეს:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ,,საქართველოსთვის, უპირველეს ყოვლისა, ეს კვლავ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ეს არის არა მარტო დსთ-ში, არამედ ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩვენი საგარეო პოლიტიკური ძალისხმევის მთავარი მიმართულება.” (სტილი დაცულია)

კონკრეტული საკითხით გამოხატული მთავარი მიმართულება თანამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების სხდომის ოფიციალურ დღის წესრიგში არ ფიგურირებს. თუმცა, სავარაუდოა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონფლიქტების მოგვარების პრობლემას დასვამს. პარლამენტის კონსერვატორი დეპუტატის კახა კუკავასთვის, რომლის პარტიაც დსთ-დან საქართველოს გამოსვლას მოითხოვს, გაუგებარია თბილისში ამ ორგანიზაციის ეგიდით მასშტაბური შეხვედრის აზრი, მით უმეტეს, რომ სხდომაზე საქართველოს მიერ ინიცირებული არც ერთი საკითხი არ განიხილება:

[კახა კუკავას ხმა] ,,ჩვენთვის, მართლაც, გაუგებარია, რა არის ჩვენი სნგ-ში დარჩენის ინტერესი, თუკი ჩვენ აქ არასდროს არ დავსვამთ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას, ცხინვალში არსებულ მდგომარეობას. ვერანაირ სარგებელს ამ სტრუქტურიდან ვერ ვნახულობთ და ვნახულობთ ზარალს. ჩვენ იმიტომ კი არ ვითხოვთ სნგ-დან გამოსვლას, რომ, აი, ანტიპათია გვაქვს, უბრალოდ, ვერ ვხედავთ დასაბუთებას, რა სარგებლობა მოაქვს სნგ-ს საქართველოსათვის. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამაც ისევე ვერ დაასაბუთა ეს საკითხი, როგორც წინამ.” (სტილი დაცულია)

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში, გარკვეული პოლიტიკური მიზნებით, შესაძლოა,მართლაც, დაისვას დსთ-დან საქართველოს გამოსვლის საკითხი, თუმცა ამჟამად, კონკრეტული გარემოებების გამო, ეს მიზანშეუწონელია:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ,,ის, რომ დსთ სულისმღაფველ მდგომარეობაშია, ეს ყველამ ვიცით; ის, რომ არანაირ მოვალეობას და ვალდებულებას ის არ გვადებს, ესეც ვიცით, მაგრამ მშვიდობისმყოფელები აფხაზეთში გაეროს მანდატით დგანან და მანდატი გაერომ მისცა დსთ-ს.” (სტილი დაცულია)

კოტე გაბაშვილის განმარტებით, აფხაზეთში მყოფ რუსეთის სამშვიდობო ძალებთან სამართლებრივი ურთიერთობის საშუალება ამ ეტაპზე სწორედ დსთ-ის ფორმატია. ამასთან, არსებობს თანამეგობრობის სხვა წევრი ქვეყნების სამხედროებით სამშვიდობო კონტინგენტის გამრავალფეროვნების შანსიც, რომელიც, გაბაშვილის განცხადებით, საქართველომ არ უნდა დაკარგოს.
თანამეგობრობის ლიდერთა ბოლო სამიტს, რომელიც მაისში მოსკოვში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი იმ მიზეზით არ დაესწრო, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ არსებობდა. ჩავა თუ არა მიხეილ სააკაშვილი აგვისტოში ყაზანში, სადაც მომავალი სამიტია დაგეგმილი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ყაზანის სამიტის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს თბილისში თანამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების სხდომა, რომლის ორგანიზებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ 350 ათასი ლარი დახარჯა და რომლის მონაწილეებს ამჯერად არა ღია ცის ქვეშ, არამედ ფილარმონიაში უცეკვებენ და უმღერებენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG