Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიკონურის კოსმოდრომს 50 წელი შეუსრულდა


[ხმა: წამების ათვლა კოსმოსური ხომალდის ძრავის ხმაურის ფონზე] წამების ათვლა წინ უსწრებს ხოლმე კოსმოსური ხომალდის ცაში აჭრას, ჩვენს შემთხვევაში კი სიუჟეტს, რომელიც მსოფლიოს უძველეს და დღემდე ყველაზე აქტიურ კოსმოდრომს ეძღვნება - ბაიკონურის კოსმოდრომს.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ ბაიკონურზე - 50-წლიან იუბილესთან დაკავშირებით, იხსენებენ მასთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებს. ამას ჩვენც გავაკეთებთ...

ბაიკონურის კოსმოდრომზე, რომელიც, მოგეხსენებათ, ყაზახეთში მდებარეობს, ორი ქვეყნის პრეზიდენტებიც კი ჩავიდნენ: რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი და მისი ყაზახი კოლეგა ნურსულთან ნაზარბაევი. თუმცა, ბაიკონურს სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც ახსოვს.
[საარქივო ინგლისურენოვანი ჩანაწერი]

ეს არის 1957 წელს გაკეთებული ჩანაწერი: საბჭოთა საინფორმაციო სააგენტო ინგლისურ ენაზე იუწყება მსოფლიოს ისტორიაში პირველი ხელოვნური თანამგზავრის, საბჭოთა მეცნიერთა კვლევის შედეგად შექმნილი “სპუტნიკის” კოსმოსში, ორბიტაზე გაშვების შესახებ.

ბაიკონურზევე დაიწყო პირველი კოსმონავტის, იური გაგარინის ისტორიული მოგზაურობა 1961 წელს ... [საარქივო ჩანაწერი: იური გაგარინის ხმა]

“წავედითო”, თქვა გაგარინმა. ორ წელიწადში, 1963 წელს ასევე ბაიკონურიდან აიჭრა კოსმოსში ხომალდი, რომელშიც პირველი კოსმონავტი ქალი იმყოფებოდა - ვალენტინა ტერეშკოვა. საბჭოთა მასმედია ამ ამბავსაც ინგლისურად აუწყებდა მსოფლიოს: [საარქივო ინგლისურენოვანი ჩანაწერი].

მაშ ასე, “სპუტნიკის” “გაგარინის”, “ტერეშკოვას” სახელები სამუდამოდ დაუკავშირდა ბაიკონურის ისტორიას - ეს სახელები, ალბათ, ყველასთვის არის ცნობილი. მეორე მხრივ, შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს თვით ბაიკონურის სახელწოდებასთან დაკავშირებული ერთი საყურადღებო დეტალი: ქალაქი ბაიკონური, რომლის სახელიც დაერქვა 1955 წლის 2 ივნისს გახსნილ კოსმოდრომს, ამ ადგილიდან 300-ზე მეტი კილომეტრით არის დაშორებული... როგორც ამბობენ, იმიტომ, რომ ეპოქაში, რომელშიც “ჯაშუში” სატელიტები არ არსებობდა, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა ცდილობდა გზა-კვალი აებნია მტრულად განწყობილი უცხო მთავრობებისათვის.

საბოლოოდ, საბჭოთა კავშირი მაინც დაიშალა - თუმცა, რუსეთი კვლავინდებურად სარგებლობს ყაზახეთის სტეპებში გადაშლილი ვრცელი კომპლექსით. საამისოდ ის (1994 წლიდან მოყოლებული) წელიწადში 115 მილიონ დოლარს იხდის და, ყაზახეთთან ბოლოდროინდელი შეთანხმების საფუძველზე, 2050 წლამდე ისარგებლებს ბაიკონურის კოსმოდრომით.

ასე რომ ბაიკონური დღეს, შესაძლოა, ისტორიულ თარიღს - დაარსების 50-წლიან იუბილეს აღნიშნავდეს, მაგრამ ბაიკონურის ისტორია გრძელდება: ცაში ამ კოსმოდრომიდან აჭრილ 2500-ს კოსმოსურ ხომალდსა და 3 000-ზე მეტ კოსმოსურ ზონდს, ახლებიც დაემატება.
XS
SM
MD
LG