Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარისკაცები სამხედრო ნაწილებში ჩაგვრას გაურბიან


დავით პაიჭაძე, თბილისი ბოლო დღეებში საქართველოს შეიარაღებული ძალები თვითნებურად დატოვა ჩვიდმეტმა ჯარისკაცმა. ოთხი ლაგოდეხის ნაწილიდან გაიქცა, ცამეტი - ახალციხეში

განლაგებული 31-ე ბატალიონიდან. მინდა გაქცევის მიზეზებსა და ჯარისკაცების ახლანდელ მდგომარეობაზე მოგითხროთ.

სამხედრო ნაწილიდან გაქცევას თითქმის ყოველთვის ერთი მიზეზი აქვს: ჯარისკაცები ვერ უძლებენ ცუდ მოპყრობას. ცუდად კი მათ ოფიცრებიც ეპყრობიან და სხვა ჯარისკაცებიც. ლაგოდეხის ნაწილიდან გაქცეული ოთხივე ჯარისკაცი აჭარის მკვიდრია. ისინი ამტკიცებენ, რომ სამხედრო ნაწილში ცუდად ეპყრობოდნენ, სცემდნენ, ჩაგრავდნენ, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. თავის დროზე ჯარისკაცებმა ეს ნაწილის უფროსს, პოლკოვნიკ ბესო ზურაბიშვილს, მოახსენეს, რომელმაც, მათი თქმით, არაფერი იღონა. აი, თავად ზურაბიშვილის კომენტარი:

[ზურაბიშვილის ხმა] “ყველაზე კარგი თავდაცვა თავდასხმაა, არა? 4 მარტიდან წასული კაცი მაისში ალაპარაკდა, რაღაც მომიხდაო? ეს ხომ სიცრუეა! თუ ასეთი ფაქტი მოხდა და შვებულებაში გაგიშვეს, მაშინ აგეტეხა ამბავი! როცა ჩვენ პროკურატურას გადავეცით მათი მასალები და ერთზე სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს, ახლა გვეუბნებიან, ცუდად გვექცეოდნენო? მანამდე რატომ არა თქვეს?”

ნაწილის უფროსი ირწმუნება, რომ ჯარისკაცებს შვებულება მისცეს, მათ კი ის თვითნებურად გაიხანგრძლივეს. შვებულება კი, ერთ-ერთი ჯარისკაცის მშობლის თქმით, მისმა შვილმა თვითონ ითხოვა მას შემდეგ, რაც მშობელს შველის სათხოვნელად წერილი გაუგზავნა.

ჯარისკაცებმა სამხედრო სამსახურის გავლა სხვა ნაწილში მოითხოვეს, რის გამოც ჯერ ნაწილის ოფიცრებმა სცემეს, შემდეგ კი ჯარისკაცებსაც მოუწოდეს ფიზიკურად გასწორებოდნენ მათ. დაზარალებულებს, მრავლობითი გარეგანი დაზიანებების გარდა, ტვინის შერყევაც აღენიშნებოდათ, რასაც მათი სამედიცინო ცნობებიც ადასტურებს. ერთი მათგანი, რიგითი კურცხალაძე, ნაწილში დაბრუნდა. აღძრულია სისხლის სამართლის ორი საქმე: ერთი - ჯარისკაცების წინააღმდეგ, მეორე - ნაწილის ხელმძღვანელობის სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

ახალციხის 31-ე ბატალიონიდან გაქცეული ცამეტივე ჯარისკაცი ახალქალაქის მკვიდრია. ისინი საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხები არიან. პირველი შემთხვევა იყო, როცა ახალქალაქელმა სომხებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახური ისურვეს. სახალხო დამცველის აპარატის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხთა სამმართველოს უფროსი ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ ახალციხის სამხედრო ნაწილში მათ სწორედ ეთნიკური ნიშნით უწევდნენ დისკრიმინაციას:

[მინდიაშვილის ხმა] “ამ სომეხ ჯარისკაცებს ქართული საერთოდ არ ესმოდათ. მათ მუდმივად, ასე ვთქვათ, “აჩმორებდნენ”. თუმცა თავად ამბობენ, რომ ამას არა ოფიცრები, არამედ ჯარისკაცები აკეთებდნენ.” შეკითხვა: ოფიცრები არაფერს აკეთებდნენ ამის აღსაკვეთად?
“ოფიცრები, როგორც ჩანს, რაღაცას აკეთებდნენ, მაგრამ როგორც კი უმეთვალყურეოდ დატოვებდნენ, კანონდარღვევა ხდებოდა, განსაკუთრებით შუაღამის შემდეგ.”(სტილი დაცულია)

ბექა მინდიაშვილი დასძენს, რომ ჯარისკაცების გაქცევას კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა: გაწვევისას მათ ოფიციალურად დაჰპირდნენ, რომ ახალქალაქში, სასაზღვრო ჯარში, იმსახურებდნენ, მაგრამ შემდეგ ახალციხეში გაამწესეს. ნაწილის დატოვების შემდეგ ახალქალაქში სახალხო დამცველი ჩავიდა, რომელიც ჯარისკაცებსა და მათ მშობლებს შეხვდა.

[მინდიაშვილის ხმა] “მაგრამ ვითარება ცოტა გართულდა, რადგან ორგანიზაციები “ვირქი” და “ჯავახკი” აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ ბიჭების დაბრუნებას. თუმცა შვიდი ჯარისკაცი მაინც დაბრუნდა.”

6 ჯარისკაცი ჯერაც არ დაბრუნებულა და ახალქალაქში რჩება, სადაც ორ დღეში იმართება ევროკავშირის უმცირესობათა კომისიის შეხვედრა. შეხვედრა სწორედ ეთნიკურ უმცირესობათა სამხედრო სამსახურის პრობლემებს მიეძღვნება. ახალქალაქელი ჯარისკაცების ამბავს შედეგად მოჰყვა ის, რომ პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო და ახალციხის 31-ე ბატალიონის რამდენიმე ოფიცერს სამსახური დაატოვებინეს.
XS
SM
MD
LG