Accessibility links

logo-print

ავღანეთის ომის ვეტერანებმა რუსლან აუშევს უმასპინძლეს


თხუთმეტ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ავღანეთიდან საბჭოთა არმიის შენაერთები იქნა გამოყვანილი. 1988 წლის 15 თებერვალს საბჭოთა კავშირის მაშინდელმა

ხელმძღვანელობამ საზოგადოებას ოფიციალურად ამცნო ომის დასრულება, თუმცა მდინარე ამუდარიაზე გადებული ხიდით ავღანეთის ტერიტორია წითელი არმიის უკანასკნელმა შენაერთებმა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ - 1989 წლის 15 თებერვალს - დატოვეს. შინ დაბრუნებულთა შორის იყვნენ ეროვნებით ქართველი ჯარისკაცები, რომლებმაც დემობილიზაციის შემდეგ, 1990 წელს, ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირი დააფუძნეს. სწორედ ამ ორგანიზაციას სტუმრობდა 2 ივნისს დსთ-ს ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე და ინგუშეთის ექს-პრეზიდენტი რუსლან აუშევი.

ომმა, რომელიც 1979 წლის 27 დეკემბერს ამინის სასახლის შტურმით დაიწყო და მთელი ათი წელიწადი გაგრძელდა, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ბესო ბერიანიძემ მითხრა, რომ საქართველოდან გაწვეული 5 ათასი ჯარისკაციდან 125 დაიღუპა, ხოლო ოთხი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ქართველი ვეტერანები ეჭვობენ, რომ მათი რამდენიმე თანამებრძოლი დღემდე ტყვეობაში იმყოფება.

[ბესო ბერიანიძის ხმა] „ხუთი ტყვე გვყავდა. ერთი ჩამოვიყვანეთ, ოთხის ამბავი კი დღემდე გაურკვეველია. ბატონი აუშევია ჩამოსული და ამ საკითხით დაინტერესდა. შეიძლება რამე ძვრები ამ მიმართულებითაც იყოს. იმათ უფრო მიუწვდებათ ხელი, ფინანსურადაც მეტი შესაძლებლობები აქვთ. ამიტომ იმედს არ ვკარგავთ... ბოლოს და ბოლოს, ცოცხლები თუ არ არიან, იქნებ გვამების ჩამოსვენება მაინც მოვახერხოთ. ოჯახებისთვის ესეც შეღავათია.“

რუსლან აუშევი, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირს დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს, მართლაც, დაინტერესებულია ტყვეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებით, თუმცა თბილისს იგი ამჯერად სულ სხვა მიზნით ეწვია. ინგუშეთის ექს-პრეზიდენტმა და ავღანეთის ომის გმირმა „ქართველ ავღანელებს“ საბრძოლო მოქმედებების დასრულების 15 წლისთავთან დაკავშირებით ორდენები გადასცა.

[ისმის ხმები] „ პირველი ორდენით დაჯილდოვდება ავღანელთა კავშირის აქტიური წევრი ბესო ბერიანიძე...”

„საბრძოლო მოქმედებათა ვეტერანის“ ორდენი რუსლან აუშევმა 15 ვეტერანს გადასცა. დაჯილდოებულთა შორის იყო ზურაბ ცოცხალაშვილი, რომელიც საბჭოთა არმიის რიგებში 1986 წელს გაიწვიეს, თუმცა ავღანეთის მიწაზე მხოლოდ ექვსთვიანი საბრძოლო და ფსიქოლოგიური წვრთნის შემდეგ მოხვდა.

[ზურაბ ცოცხალაშვილის ხმა] „ის, რომ ისინი მტრები არიან, ის, რომ ისინი ცუდები არიან... ექვსი თვე ერთსა და იმავეს გელაპარაკებიან... ყურებში შედის და თავში რჩება. იქ რომ ჩავედით, უკვე მომზადებული ვიყავით: ეს არის ჩემი მტერი და მორჩა. გლობალურად რა იყო, რა ხდებოდა - არც არავის აინტერესებდა.“(სტილი დაცულია)

ომს საშინელებად და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის შეცდომად მიიჩნევს თავად რუსლან აუშევიც. თუმცა ინგუშეთის რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტი რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობასაც აკრიტიკებს. მისი თქმით, რუსეთის მთავრობა ავღანეთის გაკვეთილებს კავკასიაში არ ითვალისწინებს:

[რუსლან აუშევის ხმა] „ჭკვიანური ნაციონალური პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ხალხების ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ ტრადიციებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ რამეს რუსეთის ფედერაციაში დღემდე არ აქცევენ ყურადღებას, შედეგად კი გვაქვს: დაღესტანში - დაძაბულობა და ჩეჩნეთში - ორი ომი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ანუ ჩვენ უახლოესი წარსულის გაკვეთილებმაც კი ვერაფერი გვარგო ვერც პოლიტიკური და ვერც სამხედრო და ადამიანური თვალსაზრისით.“

რუსლან აუშევმა ქართველ ვეტერანებს, ორდენების გარდა, ავღანეთის ომის თემაზე შექმნილი სიმღერების კრებული და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სიმბოლიკიანი კედლის საათი გადასცა. ვიდრე ჩვენ ერთად ვართ, თანამეგობრობის საათი არ გაჩერდებაო, იმედი გამოთქვა ავღანეთის ომის ყველაზე ცნობილმა ვეტერანმა.
XS
SM
MD
LG