Accessibility links

logo-print

სავალუტო ფონდი მთავრობას პრივატიზებიდან მიღებული თანხების გეგმაზომიერ ხარჯვას ურჩევს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი დაიწყო, რომლის მსვლელობის დროს ფონდის წარმომადგენლები, ტრადიციულად, საქართველოს

მთავრობასთან ”სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის” მიმდინარეობას განიხილავენ. ფონდის ემისრების ამჟამინდელი სტუმრობა საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან ბიუჯეტში მობილიზებული დიდი თანხების ფონზე მიმდინარეობს. ამ თანხების რაციონალური განკარგვა სწორედ ის ახალი გამოწვევაა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის სამუშაო ვიზიტი საქართველოში, ფაქტობრივად, ახალი ეკონომიკური რეალობის ფონზე მიმდინარეობს. წინა წლებისაგან განსხვავებით, ქვეყნის ბიუჯეტს შესრულების პრობლემა არ უდგას. პირიქით, ამჟამად მთავრობას, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად, აქამდე არნახული შემოსავლების თანმიმდევრული და გეგმაზომიერი ხარჯვის საკითხი უფრო აწუხებს. ”ზეგეგმიური” შემოსავლების საფინანსო ბაზარზე დაწოლის ნეიტრალიზება და ინფლაციური პროცესების რეგულირება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ემისართა სამუშაო შეხვედრების მთავარი თემა იქნება.
ფონდის მისიამ, რომელსაც, ასევე წინა ვიზიტებისაგან განსხვავებით, მაღალი რანგის ჩინოვნიკი, ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჯულიან ბერენგაუტი ხელმძღვანელობს, პრემიერ-მინისტრთან გაცნობითი შეხვედრის შემდეგ თავისი სამუშაო ვიზიტი 2 ივნისს, ტრადიციულად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან აუდიენციით დაიწყო. რომან გოცირიძის განცხადებით, როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაზე ჯულიან ბერენგაუტმა პრივატიზებიდან შემოსული თანხების ხარჯვაზე გაამახვილა ყურადღება და მთავრობას ურჩია ამ თანხების განკარგვა ეროვნულ ბანკთან მკაცრად შეთანხმებული გრაფიკით მოახდინოს:
[რომან გოცირიძის ხმა] ”ძირითადად, ეს შენიშვნები ეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ის უზარმაზარი თანხები, რომელიც შემოდის პრივატიზაციიდან. ამ თანხების სწრაფი ხარჯვა გამოიწვევს გარკვეულ პრობლემებს. ამიტომ მთავრობამ უნდა შეათანხმოს ეროვნულ ბანკთან ის გრაფიკი, რომლითაც უნდა მოხდეს დამატებითი რესურსების ხარჯვა. ანუ პრივატიზაციის თანხები და ბიუჯეტიდან მისი ხარჯვა არის ძირითადი პრიორიტეტი.”
ჯულიან ბერენგაუტი, ეროვნული ბანკის გარდა, მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს შეხვდება. 4-5 ივნისს იგი გუდაურში სავალუტო ფონდის მიერ ქართველი პარლამენტარებისათვის ორგანიზებულ სემინარში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს ერთ კვირაში დატოვებს. სექტემბერში ფონდის მორიგი მისია კიდევ ერთხელ განახორციელებს ”სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის” სამწლიანი პროგრამის მონიტორინგს, რომელშიც მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ პროგრამით გათვალისწინებული პარამეტრების შესრულებას შეაჯამებს. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო საქართველოსათვის მორიგი ტრანშის გამოყოფის საკითხს გადაწყვეტს.
XS
SM
MD
LG