Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დსთ - ქიმერა, რომელსაც საბოლოოდ ჯერჯერობით ვერავინ ელევა


ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არსებობას არანაირი აზრი არა აქვს.

მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები მისი რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ და სხვადასხვა სახის დოკუმენტების ხელმოწერას განაგრძობენ.
საქართველოში, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას ყველაზე ბოლოს შეუერთდა, მიიჩნევენ, რომ თავის სასარგებლოდ ამ ორგანიზაციის გამოყენების შანსი ქვეყანას პრაქტიკულად მხოლოდ ერთხელ ჰქონდა.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაცვლად, 1991 წელს აღმოცენებულ დსთ-ს ფორმალურად სხვადასხვა სტრუქტურები, შიდა კავშირები და არაერთი ხელმოწერილი დოკუმენტი აერთიანებს. ამ ორგანიზაციას ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების საკუთარი კონვენცია, კინოფესტივალი და საფეხბურთო ტურნირიც კი აქვს. რეალურად დსთ განსხვავებული ინტერესებისა და ერთმანეთთან არაერთგვაროვანი ურთიერთობის, მათ შორის, საომარი მდგომარეობის მქონე ქვეყნების გაერთიანებას წარმოადგენს. ამ სივრცეს საქართველო ყველაზე ბოლოს შეუერთდა და მას შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება თუ ოპოზიცია თანამეგობრობიდან გამოსვლის თაობაზე გარკვეული პერიოდულობით საუბრობს. ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი, რომელიც დსთ-ის დაარსებისას საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის წევრობაზე უარი დიდი ხნის წინ უნდა გვეთქვა:

[აკაკი ასათიანის ხმა] ,,იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულება არ არის საქართველოსა და რუსეთს შორის და ყველაფერი სნგ-ს მეშვეობით რეგულირდება, რუსეთისთვის იქნებოდა პრობლემა როგორც ფსიქოლოგიური ხასიათის, - რომ კიდევ იკარგება და იკარგება საბჭოეთის მემკვიდრეობა, - ისე კონკრეტულიც, სხვათა შორის. ეს ვერ გაბედა ვერავინ და მხოლოდ შანტაჟირებას ცდილობენ რუსეთისა ამითი.” (სტილი დაცულია)

აკაკი ასათიანი დარწმუნებულია, დსთ-ის დაარსებისთანავე ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას ზვიად გამსახურდია რომ დასთანხმებოდა, მის ხელისუფლებას არ დაამხობდნენ:

[აკაკი ასათიანის ხმა] ,,შევარდნაძე არ იყო ეროვნული ლიდერი. ამიტომ სოხუმის დაცემამდე რომ შესულიყო, მართლაც, შეიძლება საქართველოს აერიდებინა აფხაზეთის დაკარგვა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. და შევარდნაძისგან ეს გამართლებული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ სოხუმის დაცემის შემდეგ სნგ-ში შესვლა იყო, უბრალოდ, არაფერი, დაჩოქებულზე კიდევ ბოდიშის მოხდა.” (სტილი დაცულია)

დაარსებიდან 14 წლის თავზე დსთ-ის დაშლაზე ამ ორგანიზაციის წევრი არაერთი ქვეყნის ხელისუფლება საუბრობს. თვით პრეზიდენტი ლუკაშენკოც, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ პროცესის შემაჩერებელი რეცეპტი იცის.
თანამეგობრობის სივრცეს რუსეთის თავდაცვის ბოლო ზღვარს უწოდებენ რუსი პოლიტოლოგები, რომლებსაც აუცილებლად მიაჩნიათ მოსკოვის ზეგავლენის შემცირების შეჩერება. ამ ტენდენციის ხელოვნურად შეწყვეტას შეუძლებელს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ,,დსთ-ს ჰქონდა, ჩემი აზრით, თავისი ფუნქცია, რომელიც მეტ-ნაკლებად შეასრულა და თუკი დსთ-ს დასასრული დადგება, დადგება სრულიად ბუნებრივად და ამაში არაფერი ტრაგიკული და გაუგებარი არ იქნება. ის ამოწურავს თავის ფუნქციებს და ჩაბარდება ისტორიას.” (სტილი დაცულია)

თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლას, ვიდრე ის ბუნებრივი წესით იქცევა ისტორიის კუთვნილებად, ამჟამინდელი ხელისუფლების ოპოზიციაც მოითხოვს. ბოლო არგუმენტებს შორისაა ის გარემოება, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი და დსთ-ის წევრობა ერთმანეთთან შეუთავსებელია. საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს ისიც უკვირს, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში, რომელიც ამჟამად განიხილება, თანამეგობრობაში შემდგომ ყოფნა-არყოფნაზე კონკრეტულად არაფერია ნათქვამი.
იმას, რომ დსთ საბოლოოდ ჯერჯერობით არავის ეთმობა, აკაკი ასათიანი ამგვარად ხსნის:

[აკაკი ასათიანის ხმა] ,,სნგ არის ილუზია საბჭოეთის, სხვა არაფერი; ქიმერაა, რომელსაც, ეტყობა, ვერავინ ვერ ელევა - იმიტომ რომ, გარდა ბალტიელებისა, პრინციპში, ყველა საბჭოეთში დავრჩით. საქართველო ისევ საბჭოთა რესპუბლიკაა.” (სტილი დაცულია)

პარასკევს დსთ-ის არქივი კიდევ რამდენიმე დოკუმენტით და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების მიერ თბილისში გადაღებული ერთობლივი ფოტოსურათით შეივსო.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG