Accessibility links

logo-print

რა შედეგით დამთავრდა დსთ-ის მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომა


როგორც ცნობილია, ამ დღეებში თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობათა ხელმძღვანელების საბჭოს მასპინძლობს.

3 ივნისს ამ საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც 7 საკითხი განიხილეს, ძირითადად, ეკონომიკური ხასიათის, და სხდომის დასასრულს მთავრობათა მეთაურებმა ხელი მოაწერეს შემაჯამებელ დოკუმენტებს. როგორც საბჭოს მსვლელობისას, ასევე მისი დამთავრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი ყურადღება თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნისა და თანამეგობრობის მომავლის თემას დაეთმო.


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომა მხოლოდ ორიოდე საათის მანძილზე გრძელდებოდა. დროის ამ მცირე მონაკვეთშიც კი ნათლად გამოჩნდა ის წინააღმდეგობები, რაც 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლის გაერთიანებაში არსებობს. ბევრი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არსს ეკონომიკურ ურთიერთობებში ხედავს. ასეთებს შორისაა საქართველოც.

3 ივნისს გამართულ სამიტზე სწორედ თანამეგობრობის ქვეყნებს შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის საკითხი იყო დღის წესრიგის პირველი საკითხი.

ექსპერტების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ის შეზღუდვები, რომელიც ხელს უშლის ქვეყნებს შორის თავისუფალ ვაჭრობას, 2012 წლისთვის უნდა გაუქმდეს. ამის წინააღმდეგი გამოვიდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. მან ასე განმარტა უკრაინის პოზიცია:

[იულია ტიმოშენკოს ხმა] ”რაც შეეხება ოქმს ვაჭრობაში შეზღუდვების შესახებ, რომელსაც დღეს ხელი არ მოაწერა უკრაინამ... უკრაინის პოზიციაა, რომ ვიაროთ წინ. ეს ოქმი იყო შეზღუდვების შენარჩუნების შესახებ, უკრაინის პოზიცია კი ასეთია: თუ გვინდა ვაჭრობა, თუ გვინდა ეკონომიკური ურთიერთობები, სამართლიანად უნდა გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა. ამიტომ ჩვენ ხელი არ მოვაწერეთ ამ ოქმს იმ იმედით, რომ შემდეგი ნაბიჯი უფრო ეფექტური იქნება და ყველა შეზღუდვას, რომელიც არსებობს, გავაუქმებთ.”

საქართველომ ამ საკითხთან დაკავშირებით შედარებით დიპლომატიური პოზიცია დაიკავა. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, მომზადებული დოკუმენტის გადაკეთება ვეღარ მოესწრებოდაო და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი სამიტებისთვის საკითხზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება.

გარდა სავაჭრო შეზღუდვებისა, რომელიც დამოუკიდებელი თანამეგობრობის ეფექტურობას აკნინებს, არის სხვა პრობლემებიც, რომელიც საერთოდ კითხვის ქვეშ აყენებს თანამეგობრობის არსებობას. ესაა რუსეთ-საქართველოს შორის მოქმედი სავიზო რეჟიმი. ამის გამო ქართულ მხარეს არაერთხელ განუცხადებია, ჩვენს თანამეგობრობაში ყოფნას აზრი ეკარგებაო. 3 ივნისს გამართულ სამიტზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელს ასეთი აზრი აღარ გამოუთქვამს, თუმცა როგორც ქართულმა, ასევე რუსულმა მხარემ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჯერ რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხეილ ფრადკოვს მოვუსმინოთ:

[მიხეილ ფრადკოვის ხმა] ”თანამშრომლობის ეფექტურობა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილებითაც. სამწუხაროდ, მოლაპარაკებები წინ არ მიდის და მე ვაპირებ დღეს კიდევ ერთხელ ვიმსჯელო ამ საკითზე ჩემს კოლეგასთან. ჩემი აზრით, საჭიროა ფორსირება ამ საკითხის განხილვისა სპეციალურად შექმნილ, მაგრამ არააქტიურად მოქმედ სამუშაო ჯგუფში.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კომენტარი:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”როგორც თქვენ იცით, გასულ წელს საქართველომ გაამარტივა სავიზო რეჟიმი რუსეთთან და ჩვენ მზად ვართ უფრო წინაც წავიდეთ, რუსეთიდან შესაბამისი სიგნალისა და მოქმედების შემთხვევაში. ჩვენ ამ საკითხს დღეს კიდევ განვიხილავთ.”

მსგავსი პრობლემებიდან გამომდინარე, თბილისში გამართული სამიტისას კიდევ ერთხელ დაისვა კითხვა, ხომ არ დადგა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაშლის დრო. მით უმეტეს, რომ თანამეგობრობის წევრებმა სხვადასხვა რეგიონული და საერთაშორისო გაერთიანებები შექმნეს. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თითქმის ყველა წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივნის აზრს, რომ ნაადრევია ლაპარაკი თანამეგობრობის გარდაცვალების შესახებ. მხარეები თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივებით გამოვიდნენ და მთავრობის მეთაურთა საბჭოს ახალი თავმჯდომარეც აირჩიეს. ამ პოსტზე მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრემიერმა მიხეილ ფრადკოვმა შეცვალა.
XS
SM
MD
LG