Accessibility links

logo-print

შეთანხმებას რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის შესახებ დასავლეთის ჟურნალ-გაზეთებიც ეხმაურებიან


საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის საკითხი განვლილი კვირის უმთავრესი მოვლენა რომ იყო, არაერთხელ აღინიშნა.

ამ საკითხს ბოლო დღეების მანძილზე მრავალი სიუჟეტი მივუძღვენით, მის განხილვას დავუთმეთ ჩვენი ყოველკვირეული "სადისკუსიო მაგიდაც". ამჯერად გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ციტატა დასავლეთის ჟურნალ-გაზეთებიდან, რომლებსაც თბილისსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთახმება უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ.

შვეიცარიის გერმანულენოვანი გაზეთი "ნოიე ციურხერ ცაიტუნგი" თბილისსა და მოსკოვს შორის მიღწეულ შეთანხმებას "კომპრომისულს" უწოდებს: "ორი სამხედრო ბაზის დახურვის საკითხი ბოლო ხანს დიდი ვნებათაღელვის მიზეზი იყო როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს და მნიშვნელოვნად აფერხებდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა ნორმალურ განვითარებას. საქართველოს პარლამენტი ცალმხრივი ნაბიჯებითაც კი დაიმუქრა იმ შემთხვევისთვის, თუ მოსკოვი მალევე არ დათანხმდებოდა ბაზების გატანის ზუსტი თარიღის გამოცხადებას. ბაზების დახურვის ვადების საკითხში მიღწეული შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის მოთხოვნებს შორის კომპრომისულ გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს."

რუსეთის ბაზების თემაზე მსჯელობისას გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" მოსკოველი კორესპონდენტი პიტერ ფინი იხსენებს საქართველოს პრეზიდენტის ამასწინანდელ დაპირებას, რომ საქართველო არ აპირებს, თავისი ტერიტორია სამხედრო ბაზების გასახსნელად დაუთმოს რომელიმე უცხო ქვეყანას.

"სააკაშვილმა ახლახან თქვა, რომ საქართველო არც ერთ უცხო სახელმწიფოს არ დართავს ნებას, თავის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განათავსოს. ეს განცხადება, როგორც ჩანს, იმისთვის გაკეთდა, რათა გაექარწყლებინა რუსეთის შიში, რომ შეერთებულ შტატებს ან ნატოს მომავალში შესაძლებლობა მიეცემათ, საკუთარი შეიარაღებული ძალები მუდმივად განათავსონ ქვეყანაში, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა და რომელიც თითქმის ორასი წლის მანძილზე რუსეთის ნაწილი იყო."

ბრიტანეთის გაზეთი "ინდეპენდენტი", გარდა იმისა, რომ ხაზს უსვამს შეთანხმების დიდ პრაქტიკულსა და სიმბოლურ მნიშვნელობას საქართველოსთვის, აღნიშნავს იმ დადებით ასპექტებსაც, ბაზების გატანას რუსეთისთვის რომ ექნება.

"ჯერ ერთი, ჯარის დაბრუნება მოწესრიგებულად მოხდება, ანუ ეს არ იქნება "ნაჩქარევად გასახლება", რის საფრთხეც ნამდვილად არსებობდა. მეორეც, შეთანხმება გზას უხსნის მხარეებს შორის ოფიციალური სასაზღვრო ხელშეკრულების გაფორმებას: კრემლში ხომ კოშმარული სიზმარივით უფრთხიან ჩეჩნეთიდან არეულობის მოდებას მეზობელ რეგიონებზე, მთელს სამხრეთ რუსეთზე. ასე რომ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის სამხრეთი საზღვრის გაძლიერებას არა მხოლოდ გაახარებს მოსკოვს, არამედ უთუოდ დაეხმარება მას მთელი რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებაში. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება გვიჩვენებს, რომ რუსეთი, ეტყობა, თანდათან სწავლობს თავის პოსტ-საბჭოთა საზღვრებში ცხოვრებას. ეს კი უაღრესად სასიკეთო ნიშანია."
XS
SM
MD
LG