Accessibility links

განათლების რეფორმის თავისებურებანი

  • ნინო როდონაია

საქართველოს ხელისუფლება თავის ერთ-ერთ წარმატებად ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმას მიიჩნევს. ამ პროცესის დაწყებისას შექმნილი აჟიოტაჟი ერთგვარად შენელდა, პარლამენტმა განათლების კანონები დაამტკიცა,


უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციაც ჩატარდა და ერთიანი ეროვნული გამოცდებიც დაინიშნა. ეს ყველაფერი შემადგენელი ნაწილია განათლების რეფორმად წოდებული პროცესისა, რომლის სრულყოფილების პასუხისმგებლობა საკუთარ თავს პირადად პრეზიდენტმა და პარლამენტმა დააკისრეს.

განათლების რეფორმის მიმდინარეობისას არაერთი შენიშვნა გაუჩნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც სისტემური გარდაქმნების საკითხებზე მუშაობენ. მინდა ერთი ამგვარი მოსაზრების თაობაზე მოგითხროთ.

თანამედროვე საქართველო არსებული სოციალური წესრიგის შეცვლას და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებზე დაფუძნებული ახალი ტიპის საზოგადოებრივი წყობის დამყარებას ცდილობს. საკუთარი პოლიტიკური ნებით ქვეყანამ ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურები შეცვალა და მათი ურთიერთობის საკანონმდებლო საფუძველი განსაზღვრა.
სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ნიკო მელიქაძე ამ სტრუქტურების ადეკვატური და რეალური მოქმედების აუცილებელ პირობად ასახელებს ინსტიტუციონალურ რეფორმას, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძველი განათლების რეფორმამ უნდა შეუქმნას:

[ნიკო მელიქაძის ხმა] ,,განათლების რეფორმა ურთულესი პოლიტიკური და ინტელექტუალური პრობლემაა. იგი რეფორმის ლიდერებისაგან, უპირველესად, ადამიანურ პრინციპულობას, მოქალაქეობრივ გულადობას მოითხოვს და სასიამოვნოა, რომ ჩვენს ლიდერებს სწორედ ეს ნიშნები აქვთ.” (სტილი დაცულია)

საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული განათლების სისტემა, გარკვეულწილად, დღემდე მოქმედებს არა მხოლოდ პოლიტიკურ და ორგანიზაციულ სტრუქტურებზე, არამედ საზოგადოების კულტურაზე, ცნობიერებასა და ყოფით ნორმებზე:

[ნიკო მელიქაძის ხმა] ,,რეფორმის პროცესში გარდასაქმნელია არა მხოლოდ მოქმედი ორგანიზაციული ფორმები,- იგი რასაკვირველია, გარდასაქმნელია, მაგრამ რეფორმის დასაწყისში და არა ბოლოს, - არამედ, უპირველესად, ამ აისბერგის წყალქვეშა ნაწილი. მის დანახვას კი, მის გარდაქმნაზე რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ პოლიტიკური შემართება და ადამიანური სიმამაცე აღარ ჰყოფნის. განათლების რეფორმა უკვე პროფესიული შემოქმედების სფეროა. იმ პრიმიტიული ფორმებით, რომლითაც რეფორმა არა მხოლოდ ხორციელდება დღეს, არამედ, საერთოდ, მოიაზრება, აი, ამ ფორმებით განათლების რეფორმა არ შედგება.” (სტილი დაცულია)

ნიკო მელიქაძე ამბობს, რომ ის, რასაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს, მიუხედავად ბევრი სასიკეთო ცვლილებისა, განათლების რეფორმას არ წარმოადგენს:

[ნიკო მელიქაძის ხმა] ,, ნებისმიერი სოციალური სისტემის სიღრმისეული გარდაქმნა სიღრმისეული შეკითხვების დასმას და შემდეგ მასზე პასუხის მოძიებას მოითხოვს. აი, მაგალითად, ამ ჩვენს შემთხვევაში ასეთი შეკითხვები, რომელიც არც კი დაყენებულა: რა არის განათლება? როგორია მისი ფორმები? რომელი საზოგადოებრივი ინსტიტუტები მონაწილეობენ ადამიანის განათლებაში? როგორია თითოეული მათგანის როლი ამ პროცესში? როგორია ამ გარდაქმნების შინაარსი? და კიდევ, რა არის უნივერსიტეტი?” (სტილი დაცულია)

შეკითხვები კიდევ მრავლად არსებობს - მათ შორის ის, თუ როგორია ცოდნის წარმოების სისტემის როლი იმ ტიპის ქვეყანაში, რომლის აშენებასაც საქართველო აპირებს. აქ კიდევ ერთი არსებითი პრობლემა ჩნდება:

[ნიკო მელიქაძის ხმა] ,,დღემდე არ განგვისაზღვრავს პოლიტიკურად ჯანმრთელი ფორმით, როგორ ქვეყანას ვაშენებთ. ეს არსებითია, იმიტომ რომ, თუ ეს მკაფიოდ განსაზღვრული, ბოლომდე გაცნობიერებული არ არის, განათლების რეფორმას ვერ შევასრულებთ. იქნება მხოლოდ, ნუ, მიმძიმს ამ სიტყვის წარმოთქმა, მაგრამ უნდა ვთქვა - იქნება თითხნა განათლების სისტემისა.” (სტილი დაცულია)

ნიკო მელიქაძე ამბობს, რომ განათლების რეფორმასთან დაკავშირებული შეკითხვების პასუხებმა თავი უნდა მოიყაროს პოლიტიკურ დოკუმენტში, რომელსაც რეფორმის კონცეფცია ჰქვია და რომელიც საქართველოს არ გააჩნია.
სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი განმარტავს, რომ სახელმწიფოს მშენებლობა ტექნიკური პროცესი არ არის და მას სპეციფიკური მეთოდოლოგია და გააზრება სჭირდება. განათლების რეფორმის თვალსაზრისით, ეს უნდა აისახებოდეს სტრატეგიაში, რომელიც ასევე არ არსებობს. ნიკო მელიქაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად ხელისუფლების გულწრფელი მცდელობისა, შეიცვალოს ქვეყნის მოწყობა, შენებას სჭირდება ცოდნა, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს:

[ნიკო მელიქაძის ხმა] ,,რატომ არ ხდება ძიება შესაბამისი კვალიფიკაციით? ასეთი კვალიფიკაცია ამ ქვეყანაში არსებობს. ასეთი ახალგაზრდები არიან და ისინი არ არიან, ასე ვთქვათ, ჩართულნი, მოწვეულნი ამ პროცესში. ხიფათი იმაშია, რომ, ჯერ ერთი, განათლების რეფორმა არ შედგება, - მივიღებთ რაღაც მონსტრს, რომელიც მერე თავისი თავის გადარჩენაზე იფიქრებს და დაცვას დაიწყებს შემდეგი თაობის რეფორმატორთა მცდელობისაგან, როგორც, მაგალითად, ამას დღეს აკადემიის სისტემა აკეთებს.” (სტილი დაცულია)

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სწორედ ახლა აქვს შანსი რეალურად განახორციელოს განათლების რეფორმა, თუნდაც იმიტომ, რომ ის რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი, რომელიც ქვეყანამ ამ მიზნისთვის მიიღო, მეორედ, შესაძლოა, აღარავინ მოგვცეს. ნიკო მელიქაძე ამბობს, რომ აუცილებელია პრობლემის საჯარო განხილვაც, ოღონდ არა დღემდე წარმოებული ფორმით, რადგან პედაგოგებისა და მეცნიერების მოსაზრებები საყურადღებოა, მაგრამ არც ერთი მათგანი სოციალური სისტემის გარდაქმნის სპეციალისტი არ არის. ამ რესურსის გამოყენების გარეშე კი რეალური და სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა.
XS
SM
MD
LG