Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების დახურვა სამხრეთ კავკასიის ძალთა ბალანსში?


30 მაისის გადაწყვეტილება,

რომელიც 2008 წლამდე განსაზღვრავს ორი რუსული სამხედრო ბაზის ეტაპობრივად დახურვას საქართველოს ტერიტორიაზე, იმაზე უფრო მალე ამოქმედდა, ვიდრე ყველაზე დიდი ოპტიმისტები ივარაუდებდნენ. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, უკვე მეორე დღეს მძიმე ტექნიკითა და შეიარაღებით დატვირთულმა მატარებელმა ბათუმიდან გეზი სომხეთისაკენ აიღო. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი ვადაზე ადრე გაიყვანს სამხედრო ბაზებს საქართველოდან, მაგრამ ის კი ცხადია, რომ რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება მეტი ტექნიკა დარჩეს სომხეთში, რომელიც მოსკოვის მტკიცე მოკავშირეა. რას შეცვლის სამხრეთ კავკასიის ძალთა თანაფარდობაში საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა?

ერთი აღმოსავლური ანდაზისა არ იყოს, 30 მაისის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას, წესით, ისღა დარჩენია, რომ ჩამოჯდეს და მშვიდად დაელოდოს 2008 წელს, როდესაც რუსეთის სამხედრო ტექნიკითა და ცოცხალი ძალით დატვირთული უკანასკნელი ეშელონი ქვეყნის ტერიტორიას დატოვებს. ორშაბათს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსახლეობას სიამაყით ამცნო, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის ერთ-ერთი დანაპირები შესრულებულია და რომ საქართველოში 2008 წლისთვის რუსეთის სამხედრო ბაზები აღარ იქნება. შეფასებებში უფრო თავშეკავებული იყო საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რადგან სამხედრო ბაზების საკითხში შეთანხმება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ყველა პრობლემას არ ხსნის.

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ” დღეს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ეტაპობრივად მიგვიყვანს იქამდე, რომ გავიდნენ ბაზები და ეს იყო ერთ-ერთი საშუალება ჩვენი ურთიერთობების ახალ განზომილებაში გადაყვანისათვის.”

რაც მთავარია, ორი სამხედრო ბაზის დახურვით რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოში არ მთავრდება. მოსკოვს საქართველოს ტერიტორიაზე რჩება 1300 კაციანი სამშვიდობო ძალა მდინარე ენგურის აუზში და 600-მდე მშვიდობის დამცველი ცხინვალის ზონაში, შესაბამისი მძიმე სამხედრო ტექნიკითა და შეიარაღებით. ესეც რომ არ იყოს, საქართველოს ტერიტორიის დატოვების პარალელურად რუსეთი ცდილობს გააძლიეროს სომხეთის, გიუმრის რაიონში განლაგებული, 102-ე სამხედრო ბაზა. ცნობამ, რომ 31 მაისს სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონი სწორედ სომხეთისაკენ გაემართა, სერიოზული ხმაური გამოიწვია. სააგენტო ”ტრენდის” ცნობით, ბაქოში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჩარლზ ჰეგელმა ამ ფაქტს შემაშფოთებელი უწოდა და განმარტა, რომ ”დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ბაზების არსებობა რეგიონში დაძაბულობას შექმნის”. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ისა სადიხოვმა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის საპასუხოდ ბაქომ უნდა გადახედოს თავის დამოკიდებულებას გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის მიმართ, რომელსაც რუსეთის სამხედრო ბაზების სტატუსი ჰეიდარ ალიევმა 20 წლის ვადით დაუკანონა:

[ისა სადიხოვის ხმა] ”ყველაზე არსებითი ნაბიჯი იქნებოდა გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის დაუყოვნებლივ გატანა ან აფეთქება, როგორც ეს ბალტიისპირეთში გააკეთეს.”

რაც ყველაზე საინტერესოა, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ტექნიკის სომხეთის ტერიტორიაზე გატანის გამო გარკვეული შეკითხვები თავად სომეხ ექსპერტებსაც უჩნდებათ. ეს განსაკუთრებით ეხება გასატანად გამზადებული სამხედრო ტექნიკის ვარგისიანობას. სომხეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ვაზგენ მანუკიანმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ სამხედრო ტექნიკა, რომელიც სომხეთის გიუმრის ბაზისკენ დაიძრა, არაბრძოლისუნარიანია. მაგრამ სომხეთი, რომელიც რუსეთის ძირითადი მოკავშირეა სამხრეთ კავკასიაში, იძულებულია ანგარიში გაუწიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონიუნქტურას:

[ვაზგენ მანუკიანის ხმა] ”ეს სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ბაზა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს, საეჭვოა, რომ ბრძოლისუნარიანი იყოს. მე არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ბაზები გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, ეს უკავშირდება პოლიტიკას და ეკონომიკას. პოლიტიკა მდგომარეობს რუსეთის ყოფნაში სომხეთის ტერიტორიაზე. ეკონომიკას რაც შეეხება, უბრალოდ, რუსეთს არ შეუძლია ერთბაშად გაიტანოს თავისი კუთვნილი ტექნიკა საკუთარ ტერიტორიაზე. თან, რამდენადაც მე ვიცი, ეს ტექნიკა ბრძოლისუნარიანი არ არის.”

მეორე მხრივ, საქართველოდან რამდენიმე ათეული ტექნიკის სომხეთში გაზიდვაში აზერბაიჯანისათვის რეალურ საფრთხეს ვერ ხედავენ დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ექსპერტები. მაგალითად, აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ელხამ ნასიბოვმა რადიო ”თავისუფლებას” განუცხადა, რომ მოსკოვის ასეთი ნაბიჯი, სამხედრო ბალანსის თვალსაზრისით, ვერაფერს ცვლის რეგიონში, რომელიც ისედაც საკმაოდ მილიტარიზებულია. ნასიბოვი იმასაც შენიშნავს, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური წრეების პროტესტი მხოლოდ დიპლომატიურ ხასიათს ატარებს და იხსენებს 90-იანი წლების შუაგულს, როდესაც სომხეთმა მოსკოვისგან უმტკივნეულოდ მიიღო ერთი მილიარდი დოლარი ღირებულების შეიარაღება და ტექნიკა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ თითქმის იმავე პერიოდში აზერბაიჯანმა იჯარით დაუთმო რუსეთს გაბალის რადიოსალოკაციო სადგური, რომელიც, ელხამ ნასიბოვის თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანია რუსეთისათვის, ვიდრე გიუმრის ბაზა.

[ელხამ ნასიბოვის ხმა] ”თავად რუსი სამხედროები ამბობენ, რომ, მაგალითად, ერაყის ომის დროს რუსეთის გენერალური შტაბი მთელ სამხრეთ მიმართულებას და საბრძოლო მოქმედებებს ერაყში სწორედ გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის საშუალებით ადევნებდა თვალს. ბალტიისპირეთში მოსკოვმა ვერ შეძლო ანალოგიური ობიექტის შენარჩუნება და იძულებული გახდა აეფეთქებინა ის. აზერბაიჯანში კი, სხვადასხვაგვარი ზეწოლის განხორციელებით, მოახერხა და, ჰეიდარ ალიევის თანხმობით, რუსეთს იჯარით გადაეცა ეს ბაზა.”


ელხამ ნასიბოვის თქმით, 5 მილიონი დოლარი, რასაც რუსეთი აზერბაიჯანს გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის იჯარის საფასურად უხდის, ოდნავადაც ვერ დაფარავს ბუნებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის ამ ობიექტის მიერ მიყენებულ ზარალს. მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ინერციით კიდევ სჯერა, რომ, სტრატეგიული ობიექტის -გაბალის ბაზის - სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარება ბაქოს მთიანი ყარაბახის პრობლემის მოგვარებაში. ქართველებისათვის ნაცნობი მითოლოგემაა. 90-იან წლებში საქართველოშიც ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ, სამხედრო ბაზების სანაცვლოდ, რუსეთი დიდსულოვნად დგვიბრუნებდა აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთს. იმედია, რომ ეს მითი 30 მაისს, საქართველოში მაინც, საბოლოოდ დაიმსხვრა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG