Accessibility links

logo-print

დსთ-ს სამიტმა წევრ სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაც ბუნდოვანი დატოვა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას თბილისმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა საბჭოს სხდომას უმასპინძლა.

დსთ-ს ”პრემიერ-სამიტმა”, თავად ამ სახელმწიფოთაშორისი გაერთიანების მსგავსად, წევრ სახელმწიფოებს ბევრი ვერაფერი მოუტანა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მთავრობის მეთაურთათვის ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობას და სახელმწიფოს მეთაურთა შემდგომი სამიტისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. თბილისური სამიტის მიმართ, ისევე როგორც დსთ-ს სტრუქტურების სხვა შეხვედრების მიმართ, ზედმეტი ილუზია არც არავის ჰქონია და არც ამჯერად ელოდა ვინმე ეფემერული და ბუნდოვანი ფუნქციების მქონე თანამეგობრობისაგან რაიმე რევოლუციურ გარღვევას.
ოფიციალური თბილისისათვის ამგვარი ღონისძიების მასპინძლობა, შესაძლოა, საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ უცხოური მედიის ყურადღების მიპყრობისა და, შესაბამისად, ქვეყნის რეკლამირების ერთ-ერთი საშუალება გახლდათ. ამასთან, სამიტის სტუმრების დახვედრით და მათ მიმართ დამოკიდებულებით ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე საკუთარი პოლიტიკური კურსის კიდევ ერთხელ დემონსტრირების საშუალება მიეცა. რაც შეეხება მთავრობის მეთაურთა სამიტზე განსახილველ თემებსა და ხელშეკრულებებს, იმთავითვე იყო ცნობილი, რომ პროტოკოლით გათვალისწინებულ რამდენიმე ათეულ დოკუმენტს შორის მასპინძელი მხარე მხოლოდ რამდენიმეს მიმართ იჩენდა ყურადღებას. ყველა ეს დოკუმენტი ეკონომიკური ხასიათის გახლდათ. განსახილველ საკითხთა შორის საქართველოს ხელისუფლების ყველაზე მეტ ინტერესს ის დოკუმენტი იწვევდა, რომელიც დსთ-ს ქვეყნებს შორის ორმხრივ ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმებას ითვალისწინებს. ამ პროექტის მიხედვით, საუბარია დსთ-ს მასშტაბით ერთგვარი თავისუფალი ზონის შექმნაზე. თუმცა, რუსეთის ფედერაციის დაჟინებით, ამგვარი რეჟიმის ამოქმედება ქვეყნებს შორის, 2008 წლის ნაცვლად, მხოლოდ 2012 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. როგორც ჩანს, რუსეთი თავის ბაზარზე ყოფილი ”მოძმე რესპუბლიკების” შეუზღუდავ დაშვებას გაურბის, რაც კრემლისათვის კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი იქნება ”ურჩ” დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას, რადგან იმავე ქართული პროდუქციისათვის რუსეთის ბაზარი გაცილებით ნაცნობი და აპრობირებული არეალია და თავისუფალი ვაჭრობა, ამ მხრივ, საკმაოდ მომგებიანი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით. რუსული დელეგაციის სიჯიუტემ და ვაჭრობაზე შეზღუდვის მოხსნის ვადების გადაწევამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს გაღიზიანება გამოიწვია.
საბოლოოდ, უკრაინამ პროტოკოლს ხელი არ მოაწერა, სამაგიეროდ, დოკუმენტს საქართველო შეუერთდა. თუნდაც ამ დოკუმენტთნ დაკავშირებით არსებულმა გაურკვევლობამ დსთ-ს, როგორც ეფექტური გაერთიანების, პერსპექტივები კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.
საბოლოოდ, სამიტისაგან იმედგაცრუებულ პრემიერებს ისღა დარჩათ, რომ ორმხრივი შეხვედრებისაგან ენახათ სარგებელი. თბილისური შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ დანიალ ახმეტოვთან ერთად ყაზახეთის და საქართველოს ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების შესახებ მსჯელობდნენ. ამ მიზნით ნოღაიდელმა თავისი კოლეგა მშობლიურ აჭარაშიც ჩაიყვანა, სადაც ყაზახეთის დელეგაცია ბათუმის პორტის მეშვეობით ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირებაზე ალაპარაკდა.
საქართველოს პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ პროექტებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ყაზახეთში ვიზიტისას იყო საუბარი. ნურსულთან ნაზარბაევი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს ერთი კვირის წინ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში პირველი ნავთობის გაშვების საზეიმო ცერემონიალზეც შეხვდნენ. ზურაბ ნოღაიდელი, სატრანზიტო გადაზიდვებში ყაზახეთის მონაწილეობის გარდა, იმ ერთობლივ პროექტებზეც საუბრობს, რომელიც საქართველოს ენერგოდეფიციტის დაძლევაში უნდა დაეხმაროს:
[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული პროექტები - ეს არის გაზის საქართველოში ტრანსპორტირების პროექტი, ეს არის ნავთობის საქართველოში ტრანსპორტირება, ამასთან, ეს არის საქართველოში გაზის გადასამუშავებელი და თბოელექტროსადგურის პროექტი, ჩვენ ერთად ვიხილავთ ”ხუდონის” ელექტროსადგურის პროექტსაც.”
რაც შეეხება თავად დსთ-ს მთავრობის მეთაურთა თბილისურ სამიტს, იგი დასრულდა და ქართული მასპინძლობის შემდეგ პრემიერებმაც საკუთარ ქვეყნებს ისე მიაშურეს, რომ ამ შეხვედრის კონკრეტულ მიზნებსა და შედეგებზე ცხადი წარმოდგენა ვერავის შეუქმნეს. იმას, რომ თანამეგობრობამ თავისი არსებობის მანძილზე ვერც ერთი - ან თითქმის ვერც ერთი - პოლიტიკურად მწვავე პროცესის დარეგულირება ვერ შეძლო, მისი წევრი ბევრი ქვეყანა ღიად აფიქსირებს, მაგრამ ის, რომ დსთ ვერც ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით იჩენს პოზიტიურ ინიციატივებს, რუსული დელეგაციის მხრიდან საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად, ხმებს მისი უდროოდ “გარდაცვალების” შესახებ რეალობასთან სულ უფრო აახლოებს.
XS
SM
MD
LG