Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას წარმოადგენს ბაზების სანაცვლოდ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე შეთანხმება - მიღწევას თუ საქართველოს ხელისუფლების ზღვარგადასულ კომპრომისს


საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებზე მიღწეული შეთანხმება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა,

რომ ამ შეთანხმების სანაცვლოდ დაშვებული კომპრომისის მნიშვნელობა მაინცდამაინც სერიოზული მსჯელობის საგანი არ გამხდარა. რას ნიშნავს შეთანხმება ბაზების სანაცვლოდ ქართულ-რუსული ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე, თანაც - ბათუმში? ასეთი შეკითხვა პარლამენტში დაისვა, თუმცა მას გასაგები პასუხი ვერ გაეცა. მსგავსი შინაარსის შეკითხვებზე პასუხი არის ის, რომ ანტიტერორისტული ცენტრის პირობებზე, შემადგენლობასა და წესდებაზე მხარეთა შორის შეთანხმება ჯერ არ მომხდარა. ეს ნამდვილად ასეა, თუმცა პირველადი შეთანხმება ქმნის საფუძველს არსებობდეს სერიოზული ეჭვი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებულ კომპრომისთან დაკავშირებით. რას წარმოადგენს საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის სანაცვლო პირობა?


თბილისსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ახალქალაქისა და ბათუმის რუსული სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის პროცესი 2008 წლისთვის უნდა დასრულდეს. როგორც ამასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი აღნიშნავს, 2008 წლამდე რუსეთი საქართველოდან საკუთარ ტერიტორიაზე გადაიყვანს 2500 სამხედრო მოსამსახურეს, მათი ოჯახის წევრებს და 2500 ერთეულ მძიმე ტექნიკას, 80 ათას ტონა ტყვია-წამალს, სამხედრო ქონებას და სხვა ტვირთს. ივანოვის ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, საკუთარი პოლიტიკის მიღწევად მიიჩნევს, თუმცა ამ მიღწევას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს. ეჭვი კი ბაზების სანაცვლოდ ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე თანხმობის მიცემას უკავშირდება.

[მამუკა კაციტაძის ხმა] ” გამოდის, რომ 5000 სულელი სალდაფონი ტოვებს ქვეყანას და მის სანაცვლოდ შემოდის 1000 ჭკვიანი ანალიტიკოსი.”

დეპუტატ მამუკა კაციტაძის მიერ ნახსენებმა ანალიტოკოსებმა ბინა ბათუმში უნდა დაიდონ. სალომე ზურაბიშვილისა და სერგეი ლავროვის ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზის მატერიალურ -ტექნიკური ბაზის ნაწილი, აგრეთვე მოსამსახურეთა ნაწილი გამოყენებულ იქნება ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ბაზის შექმნისთვის. რატომ გაკეთდა აქცენტი ბათუმზე, რატომ მოითხოვეს რუსებმა ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა ბათუმში, საქართველოს მშვიდ რეგიონში, გაუგებარია სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილისთვის. თუმცა ამ შეკითხვასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს ოპოზიციონერ დეპუტატს დავით ბერძენიშვილს:

[დათო ბერძენიშვილის ხმა] ”როგორც ჩანს, უნდა აკონტროლონ საზღვარი ნატოს ქვეყანასთან, თურქეთთან. ანტიტერორისტული ცენტრის დასახელების ქვეშ გაძეძგილი იქნება ბათუმი რუსეთის დაზვერვის, კონტრდაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებით.”

[ნიკა რურუას ხმა] ”გრუს წარმომადგენლობა ეს არ იქნება. ეს იქნება ანტიტერორისტული ცენტრი და თუ შემჩნეულ იქნება მისი სადაზვევრო საქმიანობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, მიღებულ იქნება საპასუხო ზომები.”

ეს გახლდათ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას კომენტარი დავით ბერძენიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე. რურუა აღნიშნავს, რომ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის ბათუმის სამხედრო ბაზის საფუძველზე შექმნა რუსების დაჟინებული მოთხოვნაა, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ბათუმში უფრო გაუიოლდებათ ასეთი ცენტრის გამართვა და ამუშავება. ”დანარჩენი: პირობები, შემადგენლობა, წესდება , ვადები - ყველაფერი მოლაპარაკების საგანიაო,” - დასძენს ის ნათქვამს. მემარჯვნე ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე კი არ გამორიცხავს, მოლაპარაკება წარიმართოს არა ერთი, არამედ რამდენიმე ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ” ჩვენი ინფორმაციით, საქმე არ ეხება მარტო ერთი ცენტრის შექმნას. ლაპარაკია 4 ასეთი ცენტრის შექმნაზე. ”


ინფორმაცია ჯერჯერობით დაუდასტურებელია. თუმცა ვნახოთ, რა საყურადღებო დეტალებს გამოკვეთს ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG