Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიის შემოტევა მცხეთა-მთიანეთის მხარეში


2005 წლის გაზაფხული საქართველოსათვის უჩვეულოდ უხვნალექიანი აღმოჩნდა, თუმცა საქმეს დიდად ვერც ზაფხულის დადგომამ უშველა. გადაუღებელი წვიმების შედეგად,

ქვეყნის ტერიტორიაზე არ დარჩა რაიონი და ქალაქი, რომლის მოსახლეობამაც უკანასკნელი ორი-სამი თვის განმავლობაში საკუთარ თავზე არ გამოსცადა მეწყერის, ღვარცოფისა თუ წყალდიდობის დამანგრეველი ძალა. ათასობით ჰექტარზე დატბორილია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, მწყობრიდან გამოსულია გზები და კომუნიკაციის სხვა საშუალებები. პარლამენტის გადაწყვეტილებით, სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისთვის მთავრობა დამატებით 40 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, თუმცა ამინდის ჭირვეულობის გამო ზარალის მასშტაბები დღიდან დღემდე იზრდება. ბოლო ინფორმაციით, სტიქია ამჯერად მცხეთა-მთიანეთის მხარეში მძვინვარებს, სადაც ადიდებულმა არაგვმა რამდენიმე კილომეტრზე მოარღვია საავტომობილო გზა, ხოლო ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

საქართველოში გადაუღებლად წვიმს. ადიდებულმა, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა და ღვარცოფმა არ დაინდო აჭარის, სვანეთის, იმერეთის, რაჭის, შიდა ქართლისა და კახეთის მოსახლეობა, თუმცა ამჯერად ყველაზე დიდ განსაცდელში მცხეთა-მთიანეთის მხარეში მცხოვრები ადამიანები იმყოფებიან. მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის ბესიკ საბაშვილის თქმით, ადიდებულმა იორმა თიანეთის მახლობლად საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი მოარღვია, რის გამოც 17 სოფელი გარესამყაროს ვეღარ უკავშირდება, თუმცა, საბაშვილის თქმით, განსაკუთრებულად მძიმე ვითარება ჟინვალის წყალსაცავზეა შექმნილი:

[ბესიკ საბაშვილის ხმა] „კრიზისული მდგომარეობაა შექმნილი ჟინვალზე, რომელიც წყლით არის გადავსებული. მეტი შესაძლებლობა არ არის, რომ ვარეგილუროთ, იმდენად დიდია წყალი. რომ გავუშვათ, იცით, რა მოხდება? წაიღებს ყველაფერს, არადა, ისედაც ძალიან დიდი მოდის. ფაქტობრივად, წვიმამ უნდა გადაიღოს და შეწყდეს წყლის მატება...“

ცნობისათვის, ჟინვალის წყალსაცავიდან სასმელი წყლით დედაქალაქის მილიონნახევრიანი მოსახლეობა მარაგდება. „თბილწყალკანალის“ წარმომადგენლის გოჩა ჯელიას თქმით, მძიმე ვითარების მიუხედავად, თბილისის მოსახლეობას ჯერჯერობით უწყლოდ დარჩენის საფრთხე არ ემუქრება:

[ოჩა ჯელიას ხმა]„შეწყვეტით არ შეუწყდება, ღმერთმა დაიფაროს, მასეთი კატასტროფა არ არის, მაგრამ მძიმე სიტუაციაა ძალიან. საფილტრაციო მოედნები ფილტრავენ წყალს და თუ შევარდა იქ დიდი რაოდენობით ნიაღვარი, მაშინ მოიშლება ეს მოედნები და, შესაბამისად, არაგვის ხეობიდან წყალმომარაგება შეფერხდება.“

და მართლაც, გადაუღებელი წვიმის შედეგად, ნიაღვარმა ჭოპორტისა და ბულაჩაურის საფილტრო სადგურებში შეაღწია. შედეგად, როგორც თბილისის პრემიერი თემურ ქურხული აცხადებს, დედაქალაქს უახლოესი ორი-სამი დღის განმავლობაში სასმელი წყალი შეზღუდვით მიეწოდება:

[თემურ ქურხულის ხმა]„დღევანდელი სიტუაცია გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ქალაქს ორი-სამი დღის განმავლობაში იმ გრაფიკით, რომელიც დადგენილი გვაქვს, ვერ მივაწვდით, მაგრამ მიეწოდება ყველა უბანს, ყველა კვარტალს თანაბრად.“

ცხადია, თბილისელებზე მეტად საკუთრივ არაგვის ხეობაში მცხოვრებ ადამიანებს უჭირთ. ელექტროენერგიისა და საავტომობილო გზების გარეშე დარჩენილი მთიულები შველას ხელისუფლებისგან ელიან, თუმცა, ზარალის მასშტაბის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მათ ბევრს ვერაფერს ჰპირდება:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა]„გაკეთდება ჯებირი, მაგრამ როდის გაკეთდება, ამას ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს რაჭასა და სვანეთში, სადაც ასევე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ნელ-ნელა უნდა აღვადგინოთ ყველაფერი. 15-20 წლის განმავლობაში ეს სამუშაოები არ ჩატარებულა.“

პრემიერ-მინისტრი, სტიქიით დაზარალებული ადამიანების მსგავსად, იმედოვნებს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში გამოიდარებს და მდინარეებში წყლის დონე მნიშვნელოვნად დაიკლებს. ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველს მათ ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები აძლევენ:

[ჯემალ დოლიძის ხმა]„ამინდი დაწყნარდება, ხვალიდან უკვე მზე იქნება. ოთხი დღე, ალბათ, მზიანი ამინდები გვექნება. მერე რა იქნება, მერე ვთქვათ, რომ არ შეგვეშალოს, თუმცა ხვალიდან ამინდი გამოვა.“

დეპარტამენტის უფროსის ჯემალ დოლიძის თქმით, 7 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და, სულ ცოტა, ხუთი დღის განმავლობაში უნალექო, მზიანი ამინდი შენარჩუნდება, ჰაერი კი, სავარაუდოდ, 32 გრადუსამდე გათბება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG