Accessibility links

საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებში დაპირისპირება კულმინაციას აღწევს


როგორც ცნობილია, გასული კვირის ბოლოს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი ტუღუშის კაბინეტის კარები მისმა მოწინააღმდეგეებმა

აჭედეს და პროფკავშირების სასახლის მეოთხე სართული დაიკავეს. 6 ივნისს პროფკავშირების ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე თავის სამუშაო კაბინეტში შესვლას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ტუღუში და მისი აპარატის თანამშრომლები იმედს არ კარგავენ, რომ, სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით, პროფკავშირების სასახლის მეოთხე სართულზე დაბრუნებას შეძლებენ.

[ისმის ტუღუშისა და მისი მოწინააღმდეგეების დაპირისპირების ხმა] ”- შემოგვიშვით...
...- ამიტომ არის, რომ გისოსებს მიღმა ხარ. - შენ, ალბათ, “თელასის” ასპარეზი არ გეყოფა და... - რა არის მერე ამაში ცუდი...”

აი, ასეთი ხმაური და კამათი ისმოდა პროფკავშირების სასახლეში, სადაც ირაკლი ტუღუში, თავის მომხრეებთან ერთად, საკუთარ სამუშაო ოთახებში შესვლას ცდილობდა. მათ რკინის გისოსების მეორე მხარეს გამაგრებული ირაკლი პეტრიაშვილი და მისი მომხრეები პასუხობდნენ. პეტრიაშვილის მომხრეებმა შრომის სასახლის მეოთხე სართული მას შემდეგ დაიკავეს, რაც გასული კვირის პარასკევს პროფკავშირების საბჭოს სხდომაზე ირაკლი ტუღუშმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა და სხდომა დატოვა.

ამის შემდეგ ტუღუშის მოწინააღმდეგეებმა, ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, საბჭოს სხდომა მაინც გააგრძელეს და გაერთიანების თავმჯდომარის ბლოკირებაც გადაწყვიტეს. ყოველივე ამას უკანონობად მიიჩნევს გასულ წელს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ 4 წლით არჩეული ირაკლი ტუღუში:

[ირაკლი ტუღუშის ხმა] ”ალბათ, მას გარკვეული იმედები და გარკვეული გარანტიები აქვს ვიღაცებისგან, ვისზეც დამოკიდებულია რაღაც-რაღაცა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ის, რაც ხდება ახლა, ეს არის სრული უკანონობა.”

მე ირაკლი ტუღუშს ისიც ვკითხე, თუ ვის გულისხმობს, როგორც თვითონ თქვა, ვიღაც-ვიღაცებში და რატომ ებრძვის ეს ვიღაც- ვიღაცა მას.

[ირაკლი ტუღუშის ხმა] ”ვერაფერს ვერ გეტყვით. მე ვხედავ ლაპარაკს, მომეცით ეს ქონება, მომეცით ის ქონება. რაზეც იყო ლაპარაკი, ჩვენ ის გადავეცით. მაგრამ, ეტყობა, მადა ჭამაში მოდისო და ზოგიერთს კიდევ სხვა სურვილები გაუჩნდა. გარდა ამისა, ზოგიერთ წვრილ პოლიტიკოსს გაუჩნდა აზრი, რომ პროფკავშირები უნდა იყოს მმართველი პარტიის სატელიტი.”(სტილი დაცულია)

ეს იყო ირაკლი ტუღუში. სხვაგვარად ფიქრობს მისი მოწინააღმდეგე ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც ტუღუშის საქმიანობას პროფკავშირებისთვის დამღუპველად მიიჩნევს და ამით ამართლებს საკუთარ მოქმედებას:

[ირაკლი პეტრიაშვილის ხმა] ”არა, მე არა ვთვლი, რომ ტუღუშს ავუჭედეთ კარები... საბჭომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ მოსულიყო და დაეკავებინა ეს შენობა. ნუ, მორალურად მას არ აქვს ეს უფლება და ეს დავაკანონეთ კიდევაც.”(სტილი დაცულია)

იმის გარდა, რომ ირაკლი ტუღუში საბჭოს ამ გადაწყვეტილებას არალეგიტიმურად მიიჩნევს, ის პეტრიაშვილის მომხრეებში შეიარაღებული ხალხის არსებობაზეც მიანიშნებს. ტუღუშმა შესაბამისი ვიდეომასალაც კი გაავრცელა. შეიარაღებული ხალხის მხარდაჭერას უარყოფს ირაკლი პეტრიაშვილი:

[ირაკლი პეტრიაშვილის ხმა] ”ნახეთ აქ შეიარაღებული ვინმე? ერთადერთი, შეიარაღებულს ვისაც აფიქსირებს ტუღუში, ალბათ, არის შსს-დან ხალხი. ჩვენ მივმართეთ შსს-ს, პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით, აქ წარმოეგზავნა ხალხი.”

6 ივნისს შრომის სასახლეში შეკრებილმა ირაკლი პეტრიაშვილის მომხრეებმა გადაწყვიტეს, 2 თვის შემდეგ მოიწვიონ რიგგარეშე ყრილობა, რომელზეც გაერთიანების თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება.
XS
SM
MD
LG