Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


594-ე გამოშვება

წამყვანი: მარიამ ჭიაურელი

წამყვანი:
ჩვენს ყოველკვირეულ რადიოჟურნალში დღეს რეკომენდაციებსა და აკრძალვებზე ვილაპარაკებთ - გიამბობთ, ვინ რას აკძალავდა საქართველოში, რომ შეეძლოს, რასაკვირველია ... გაგაცნობთ კომუნიზმის ნეკროლოგს: მისი წაკითხვა შესაძლებელიაძლება ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, რიჩარდ პაიპსის ერთ-ერთ წიგნში. შემდეგ კი პრაღაში ერთ ფესტივალზე მიგიწვევთ: საინტერესო დეტალი - ფესტივალი ფსიქიატრიული კლინიკის ტერიტორიაზე გაიმართა. ბოლოს კი დიტრიხ ფიშერ-დისკაუს ჩანაწერებს მოვუსმენთ - ამ დიდ გერმანელ მომღერალს რამდენიმე დღის წინ 80 წელი შეუსრულდა.

საბჭოთა კავშირში სიმღერებისაც ეშინოდათ

წამყვანი:
ჯერ რეკომენდაციებისა და აკრძალვების თემას შევეხებით. გასაგებია, რომ ეს ორი ცნება განსხვავებულია ერთმანეთისგან - პირველი მათგანი უფრო მეტად ისეთ რჩევა-დარიგებას გულისხმობს, რომლის შესრულებაც მომგებიანი უნდა იყოს ადრესატისთვის, თუმცა რიგ შემთხვევებში ამ ორ ცნებას შორის ერთგვარი მსგავსებაც არის.

თუ რა განპირობებს ზოგჯერ რეკომენდაციის ან აკრძალვის გაჩენას, ამის შესახებ ჩვენი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ისაუბრებს.

გიორგი კაკაბაძე:
ამ დღეებში გაზეთმა ”ალიამ” დაბეჭდა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის კომუნიკაციების ადმინისტრაციამ ამერიკის ყველა რადიოსადგურს გაუგზავნა რეკომენდაცია, სადაც 150 ”შეუფერებელი” სიმღერა გახლდათ ჩამოთვლილი. გაზეთი ვერ მალავს გაკვირვებას, რომ მათ რიცხვში აღმოჩნდა ქართველი მსმენელისთვისაც კარგად ცნობილი სიმღერა ”What a Wonderful World” (ეს გასაოცარი სამყარო), ლუი არმსტრონგის შესრულებით, - სიმღერა, რომელსაც გაზეთმა ”ალიამ” კეთილგანწყობილი ჰიმნი უწოდა.

აქვე მსმენელებს შევახსენებ, რომ რადიო ”თავისუფლება” აშშ-ის საინფორმაციო საშუალებაა და არასოდეს მიუღია რომელიმე სიმღერასთან დაკავშირებული რაიმე რეკომენდაცია აშშ-ის ინფორმაციისა და კომუნიკაციების უწყებიდან (ასე ჰქვია ამ სამსახურს უფრო ზუსტად).

და მაინც დავინტერესდი, ხომ არ შეიცავს აღნიშნული სიმღერა რაიმე უხერხულობას, რომელიც რაღაცნაირად უკავშირდება 11 სექტემბრის ტერაქტებს ან ტრაგედიის ატმოსფეროს და გარკვეულ საფრთხედაც აღიქმება. სწორედ ამ კითხვით მივმართე ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს:


[ნიჟარაძის ხმა]”საკმაოდ მძიმე ამოცანის წინაშე ვდგავარ: ეს სიმღერა ბავშვობიდან ვიცი, ძალიან მიყვარს და ყოველთვის მეგონა, რომ ეს ტექსტი რაღაც ნათელი და დადებითი ემოციების გამომხატველია. მინდა დავიჯერო, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეცდომაა ან რაღაც უზუსტობაა გაპარული.”

-ბატონო გაგა, დავუშვათ, რომ ეს ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს. ასეთ შემთხვევაში რით შეიძლება იყოს გამოწვეული რეკომენდაცია?

[ნიჟარაძის ხმა]”თუ ეს მართალია, - თქვენ რა ინფორმაციაც თქვით,- მაშინ ვერ აქვს იმ უწყებას კარგად საქმე, ვინც ეს დოკუმენტი შექმნა. ნამდვილად პარანოიდალური აზროვნების ნაყოფია.”

გაგა ნიჟარაძის თქმით, შესაბამისი სურვილის არსებობისას, სიმღერის ტექსტში ზედმიწევნით ჩაკირკიტების შემთხვევაში, შეიძლება აღმოაჩინო სამი მომენტი, რომელმაც, შესაძლოა, არასასიამოვნო ასოციაციები აღძრას მსმენელში. მათგან, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო სავარაოუდოზე ფსიქოლოგი ამბობს:

[ნიჟარაძის ხმა]”ერთ-ერთ ტაეპში ნათქვამია, რომ ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, ესალმებიან, ხელს ართმევენ და ეუბნებიან ერთმანეთს, თუ როგორ უყვართ ერთმანეთი. აი, ამასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ვიღაცამ იფიქრა, რომ, შესაძლოა, ამ სიტყვებმა დაგაკარგვინონ სიფხიზლე და მიესალმო და შეგიყვარდეს ისეთი ვინმე, ვინც არ იმსახურებს ამ სიყვარულს, - ეს არის და ეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს პარანოიდალური აზროვნების შედეგია.”(სტილი დაცულია)

ახლა კი მოვუსმინოთ პოლიტოლოგ გივი ბოლოთაშვილს, რომლის აზრით, არაფერი არ არის გამორიცხული [ბოლოთაშვილის ხმა]”იმდენად, რამდენადაც ხელმძღვანელობის ზედა ორგანოებში ჩვეულებრივი, რიგითი მოკვდავები სხედან და მათაც მოსდით ხოლმე რაღაც შეცდომები ან ზოგჯერ უცნაურ გადაწყვეტილებებს ღებულობენ.”

გივი ბოლოთაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ, აკრძალვების მხრივ, უაღრესად მძიმე, ხშირად კი აბსურდული ვითარებაც სუფევდა ყოფილ საბჭოთა კავშირში:

[ბოლოთაშვილის ხმა]”აი, ცნობილი ამბავია, ნიკიტა ხრუშჩოვმა პასტერნაკი რომ დასაჯა და ნობელის პრემიაზე უარი ათქმევინეს.
უარი ისე ათქმევინეს, რომ თვითონ ნიკიტას წაკითხული არ ჰქონია ”დოქტორი ჟივაგო”. და მერე რომ წაიკითხა, გაუკვირდა: ამ წიგნში ანტისაბჭოთა არაფერი ყოფილაო.”(სტილი დაცულია)

სათქმელია ისიც, რომ საბჭოთა კავშირში დიდი ხნის განმვლობაში აკრძალული იყო მუსიკაც კინოფილმიდან ”დოქტორი ჟივაგო”. ასევე აკრძალული გახლდათ ”ბითლზის” სიმღერები, რაც გაზეთმა ”ალიამაც” გაიხსენა ზემოაღნიშნულ წერილში. შესაძლოა, ეს აკრძალვა გამოიწვია სიმღერამ, სახელწოდებით ”Back in the USSR” (უკან საბჭოთა კავშირში). სხვათა შორის, ამ სიმღერაში საქართველოც არის მოხსენიებული.

გიორგი კაკაბაძე, “რადიო თავისუფლება”, თბილისი
[მუსიკა]

ვინ რას აკრძალავდა საქართველოში?

წამყვანი:
“ბითლზის” სიმღერები აკრძალული რომ აღარ არის, მსმენელს მოეხსენება და მოეხსენება, ალბათ ისიც, რომ რომ საქართველოში არ არის აკრძალული (დიახ, აკრძალვების თემას ვაგრძელებთ) საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობა - მრავალი ქვეყნისაგან განსხვავებით, თუნდაც ევროპაში, თუნდაც ჩეხეთში. და მეტიც - ამ აკრძალვის შემოღება, ჯერ-ჯერობით მოსალოდნელი არ არის.

ხუთშაბათს ქართველმა პარლამემენტარებმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს და მეორე წაკითხვით ჩააგდეს კანონ-პროექტი, რომელიც მძღოლებს საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა. არადა, ამ სამიოდე თვის წინ ჩატარებული სხვადასხვა ჟურნალისტური გამოკითხვით, მძღოლები მზად იყვნენ, კანონის ამ მოთხოვნას დამორჩილებოდნენ და საჭესთან ტელეფონით არ ელაპარაკათ. სამაგიეროდ, პარლამენტარებმა „დაამძიმეს“ სასჯელი იმ ფეხით მოსიარულეებისთვის, ვინც ქუჩას უადგილო ადგილას გადაჭრის - მათ ამიერიდან სამლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

რამდენად ეფექტურია აკრძალვის ფორმა და ვინ რას აკრძალავდა? ამ თემაზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:

აკრძალვები - დაწერილი თუ დაუწერელი - თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. მაგალითისთვის გაგაცნობთ მხოლოდ რამდენიმე აკრძალვას, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში კონკრეტულ ქვეყნებში უკვე მიიღეს ან რომლის მიღების აუცილებლობაზეც სახალხო დისკუსია დაიწყეს. ზანზიბარში კოცნის აკრძალვას გეგმავენ - ადგილობრივი მუსულმანები აღშფოთებულნი არიან იმ ტურისტების ქცევით, რომლებიც თავის გრძნობებს დაუფარავად გამოხატავენ ქუჩაში, კაფესა თუ რესტორანში; ზანზიბარის იმამთა ასოციაციამ ღია წერილით მიმართა მთავრობას, ტურისტთა თავგასულობის აღსაკვეთად შესაბამისი კანონის მიღების მოთხოვნით. თუ ხელისუფლება მიმართვას გაითვალისწინებს, ვნებით აღვსილ ტურისტებს დააჯარიმებენ. მართალია, ჯარიმა მცირე, ასე ვთქვათ, სიმბოლური იქნება, მაგრამ, ზანზიბარელების აზრით, ამით სტუმრები იგრძნობენ, რომ ადგილობრივი ადათ-წესების პატივისცემა აუცილებელია.

ჩინეთში კი შიშველ სხეულზე ქეიფი აკრძალეს: თურმე, ჩინეთის იაპონურ რესტორნებში არსებული ტრადიციით, თევზის კერძს შიშველი ქალის სხეულზე მიირთმევენ. ჩინეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ეს ტრადიცია უხამსობად მიაჩნია.

მოსკოველი დეპუტატები კი ერთ-ერთ ტელეკომპანიის ეთერში გამავალი გადაცემის, „სახლი 2”-ის, აკრძალვას მოითხოვენ. მოსკოველი კანონმდებლების აზრით, ეს რეალიტი-შოუ ახალგაზრდებს რყვნის, გადაცემის წამყვანი კი, ანატოლი სობჩაკის ქალიშვილი ქსენია სობჩაკი, იმავე დეპუტატების თქმით, საჯარო მაჭანკლობას ეწევა.

რაც უნდ უცნაურად ჟღერდეს, ჩემ მიერ გამოკითხული რესპონდენტები ყველაზე ხშირად აკრძალვაზე საუბრისას სწორედ მედიას ასახელებდნენ. მაგალითად, ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი:
[ალექსანდრე რონდელის ხმა] „ მე ავკრძალავდი სისულელეების ლაპარაკს, მაგრამ ვინ დაადგენს, რა არის სისულელე. არადა, ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ ხოლმე რადიო-ტელევიზიიდან.“

ალექსანდრე რონდელის მოსაზრებას იზიარებს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე, რომლის აზრითაც, ხელისუფლების წარმომადგენლები ტელევიზიის ეკრანებზე მკაცრად დოზირებულად უნდა გამოჩნდნენ: [გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] „ რა ვიცი, ძალიან ბევრ რამეს ავკრძალავდი. პირველ რიგში, ავუკრძალავდი ხელისუფლების ლიდერებს ტელევიზიით ყოველდღე გამოსვლას და შემოვიღებდი ლიმიტს, რომ თვეში ერთხელ გამოჩენილიყვნენ რადიოთი და ტელევიზიით.“

ბიზნესმენთა კავშირის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ისაკაძე აკრძალვის ფორმის ეფექტურობას არ იზიარებს, თუმცა ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლების ერთი, არცთუ სიმპათიური, თვისების აკრძალვისთვის: [გიორგი ისაკაძის ხმა] „ აკრძალვა - არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებდი, რომ სპონტანურ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში არ იღებდნენ. ასეთი მართვის ფორმას ავკრძალავდი.“

აკრძალვების ფორმა არც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ანა დოლიძეს მოსწონს - ანას განმარტებით, ის ბუნებით ლიბერალია და აკრძალვებს მხარს არ უჭერს. მისი აზრით, აკრძალვებზე უფრო ეფექტური საგანმანათლებლო საქმიანობაა: [ანა დოლიძის ხმა] „ მაგალითად, თუ ვსაუბრობთ, რომ ქუჩაში არ უნდა გადაყარო ნაგავი, პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი საუბრები. ყოველგვარი აკრძალვა თვითმიზანი ხომ არ არის - გარკვეულ მიზანს ემსახურება. ამის მერე ან ამასთან ერთად შეიძლება სანქციონირება.“(სტილი დაცულია)

ბოლო რესპონდენტი, სამხედრო აკადემიის პრორექტორი კახა კაციტაძე, კარგა ხანს ფიქრობდა, რას აკრძალავდა: [ კახა კაციტაძის ხმა ] „ რას ავკრძალავდი? ძნელი კითხვაა. არ ვიცი. რას ავკრძალავდი?..წამებას. რაც ხდება ციხეებში - ამ ტიპის ქმედებას.“

სხვათა შორის, წამება საქართველოში აკრძალულია, თუმცა ამას წამების ფაქტების შემცირებაზე დიდად არ უმოქმედია.

თამარ ჩიქოვანი, “რადიო თავისუფლება”, თბილისი
[მუსიკა]

კომუნიზმის ნეკროლოგი ერთ წიგნად

წამყვანი:
ადამიანების წამების თემა შემდეგ სიუჟეტშიც შეგვხვდება, როცა კომუნისტურ რეჟიმზე ვილაპარაკებთ. მაგრამ თავიდან დავიწყოთ: ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ თბილისს ესტუმრა ცნობილი ამერიკელი მკვლევარი რიჩარდ პაიპსი. მისი სახელი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი ხდება 80-ანი წლების მეორე ნახევრიდან, როცა “პერესტროიკის” პერიოდის პრესა იწყებს ამ ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური სოვეტოლოგის სტატიების ბეჭდვას. 3 ივნისს გაიმართა რიჩარდ პაიპსის წიგნის, “საკუთრება და თავისუფლება” პრეზენტაცია. როგორც ავტორი აღნიშნავს, წიგნი მოგვითხრობს იმაზე, თუ საუკუნიდან საუკუნემდე კერძო საკუთრება როგორ უწყობდა ხელს თავისუფლებისა და კანონის ძალის დამკვიდრებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, ეს წიგნი, უკეთეს შემთხვევაში, ეხმიანება საქართველოს მომავალს - საქართველოში ხომ ჯერ არც კერძო საკუთრებაა ჯეროვნად დაცული და კანონის ძალასაც ზოგჯერ პიროვნების ნება აღემატება. მაგრამ ჩვენ გვინდა გიამბოთ რიჩარდ პაიპსის სხვა წიგნზე - ის ჯერ ქართულად არ უთარგმნიათ, მაგრამ არანაკლებ აქტუალურია ქართველი მკითხველისათვის, ვისაც უახლოესი წარსულის საკითხები აინტერესებს. წიგნს ჰქვია კომუნიზმი და იწყება ასე: ეს წიგნი წარმოადგენს წარმოადგენს ერთდროულად კომუნიზმის შესავალსა და მის ნეკროლოგს. რიჩარდ პაიპსის წიგნი აცოცხლებს უამრავ უცნობ დეტალს კომუნიზმის მსოფლიო ისტორიიდან. დავით პაიჭაძე ზოგიერთ მათგანს გაგაცნობთ.

საბჭოთა კავშირის შემდგომ საქართველოში ვერ გაიხარა კომუნიზმის გასამართლების იდეამ. ან კი როგორ გაიხარებდა, როცა ქვეყანას კომპარტიის ცეკას ყოფილი პირველი მდივანი მართავდა, ხოლო ამ საქმეში არჩევნებზე კიდევ ერთი პირველი მდივანი ეცილებოდა. ერთადერთი ნორმატიული აქტი, რითაც საქართველო ოდნავ მაინც გაემიჯნა საკუთარ წარსულში კომუნიზმს, როგორც დანაშაულებრივ რეჟიმს, იყო კანონი რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ. კანონი მსხვერპლთათვის კომპენსაციისა და პენსიების გადახდას ითვალისწინებდა. კომუნიზმის გასამართლების იდეა არც ახლაა პოპულარული ქართულ საზოგადოებაში. ეგებ იმიტომაც, რომ დღევანდელ თაობებს უფრო კომუნიზმის მოგვიანო ვერსია - ე.წ. “დათბობისა” და “უძრაობის” პერიოდები - ახსოვთ? რაც უნდა გვახსოვდეს, ალბათ, ყველა ჩვენგანს აკლია ცოდნა, თუ როგორი იყო ამ დროს კომუნიზმი სხვაგან, ან რა ფაქტებს მალავს ჩვენივე ისტორია ადრეული კომუნიზმის ეპოქაში. სწორედ ასეთი ცოდნის დეფიციტს ავსებს რიჩარდ პაიპსის წიგნი “კომუნიზმი”.

ასე მაგალითად, ამ წიგნიდან შეიტყობთ, რა გააკეთა სტალინმა უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიასა და ყაზახეთში გლეხობის წინააღმდეგობის დასაძლევად, როცა ისინი კოლექტივიზაციას უპირისპირდებოდნენ: 1932-33 წლებში ამ რეგიონებში ხელოვნურად გამოიწვიეს შიმშილი: სტალინის ბრძანებით, მთელი სურსათი ამოიღეს და არმიის ნაწილები შემოარტყეს, რათა მშიერი გლეხები საკვების საძებნელად ვერ წასულიყვნენ. ამ უბედურებას 6-7 მილიონი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ითვლება, რომ ყაზახეთში მთელი მოსახლეობის მესამედი გაწყდა.

რიჩარდ პაიპსს მოჰყავს 1937-38 წლების შემზარავი სტატისტიკა. დიდმა ტერორმა პიკს მიაღწია სწორედ ამ წლებში, როცა დღეში, საშუალოდ, 1000 კაცს სჯიდნენ სიკვდილით. შედარებისთვის, წერს პაიპსი, მეფის რეჟიმმა რუსეთში, 1825-დან 1910 წლამდე სიკვდილით დასაჯა 3 932 ადამიანი.

მსხვერპლი არც ჩინურ კომუნიზმს აკლდა. მაო ძედუნის მიერ გამოცხადებულმა დიდმა ნახტომმა, წერს რიჩარდ პაიპსი, წარმოუდგენელი სამეურნეო ქაოსი გამოიწვია. გარესამყარომ დიდი ნახტომის წლებში არაფერი უწყოდა იმაზე, რომ შიმშილმა 30 მილიონი ჩინელის სიცოცხლე შეიწირა.

როგორც ჰოლოკოსტში პოვა გამოხატულება ნაციონალ-სოციალიზმის არსმა, ასევე გამოვლინდა კომუნიზმი წმინდა სახით წითელი ქხმერების მმართველობაში - მიაჩნია რიჩარდ პაიპსს. კამბოჯაში გამოჩნდა რა არის კომუნიზმი, რომელიც მიყვანილია ლოგიკურ დასასრულამდე. წითელ ქხმერთა ხელისუფლებაში მოსვლამდე, 1975 წელს, კამბოჯის მოსახლეობა შეადგენდა 7,3 მილიონ ადამიანს. 78-ში, როცა ისინი ვიეტნამელებმა დაამარცხეს, მოსახლეობა 5,8 მილიონამდე დასულიყო. რიჩარდ პაიპსი წერს: წითელ ქხმერთა მმართველობის მთელი 44 თვის მანძილზე სულ უფრო მეტ ადამიანს კლავდნენ. სიკვდილით სჯიდნენ სამუშაოზე დაგვიანებისათვის, ცუდი კვების გამო საჩივრის დაწერისათვის, მთავრობის კრიტიკის ან ქორწინებამდე სქესობრივი კავშირისათვის. ვიეტნამის საზღვარზე წითელ ქხმერთა ჯარისკაცები მუცელს უფატრავდნენ ორსულ ქალებს და დაუბადებელ ნაყოფს მომაკვდავ დედას სახეში ულაწუნებდნენ.”

ცხადია, წიგნში მხოლოდ საზარელ აღწერებს არ შეხვდებით. რიჩარდ პაიპსის “კომუნიზმი” უაღრესად დამაჯერებელი აღწერითი ანალიზია კომუნიზმის მარცხისა. არაერთ უცნობ ფაქტთან ერთად (მე, მაგალითად, ამ წიგნიდან გავიგე, რომ გენერალმა აუგუსტო პინოჩეტმა პრეზიდენტ სალვადორ ალიენდეს ჩამოგდებით ჩილეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულა) მკითხველი ეცნობა ზუსტ და დამაჯერებელ დაკვირვებებს კომუნიზმის ბუნებასა თუ კანონზომიერებებზე. შესაძლოა, მისი თარგმნაც არანაკლებ საშური იყოს მეოცე საუკუნის მსოფლიო ისტორიის შესაცნობად, ვიდრე იმ წიგნისა, რომელიც 3 ივნისს, თავად ავტორ რიჩარდ პაიპსთან ერთად, წარუდგინეს ქართველ მკითხველს. შეგახსენებთ: ეს გახლავთ ქართულად თარგმნილი “საკუთრება და თავისუფლება”.

დავით პაიჭაძე, “რადიო თავისუფლება”, თბილისი
[მუსიკა]

პრაღის ფესტივალი "ღობეებს შორის"

წამყვანი:
28-29 მაისს პრაღის გარეუბანში, ბოჰნიცეს ფსიქიატრიული კლინიკის ტერიტორიაზე გაიმართა უჩვეულო ფესტივალი სახელწოდებით "ღობეებს შორის". ფესტივალი გამორჩეული მარტო იმითაც შეიძლება ყოფილიყო, რომ ეს ჩეხეთის ყველაზე დიდი მუსიკალური და თეატრალური ფორუმია. მაგრამ მთავარი თავისებურება ის არის, რომ იგი მიზნად ისახავს ფსიქიურად არაჯანსაღი ადამიანებისა და დანარჩენი საზოგადოების დაახლოებას.
ბოჰნიცეს კლინიკაში გამართულ ფესტივალს წელს ბიძინა რამიშვილი დაესწრო.

ბიძინა რამიშვილი:
ფსიქიატრია ყველა საზოგადოებაში არის მეტ-ნაკლებად ტაბუდადებული. მაგრამ ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში ბარიერი ე.წ. "ნორმასა" და "გადახრას" შორის განსაკუთრებით დიდი იყო. უფრო მეტიც, ფსიქიატრია პოლიტიკურ იარაღად იყო ქცეული ხელისუფლების ხელში. დაცდილი მეთოდი გახლდათ: სხვაგვარად აზროვნება სიჯანსაღის დეფიციტად ცხადდებოდა.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ფესტივალი "ღობეებს შორის" ჩეხოსლოვაკიაში ტოტალიტარული რეჟიმის დამხობის შემდეგ, 1990 წელს დაარსდა. მას მერე იგი უკვე 14-ჯერ შედგა.

გასულ შაბათ-კვირას ორი დღის მანძილზე ფსიქიატრიული კლინიკის ღობებს შორის მოქცეულ უზარმაზარ ტერიტორიაზე ერთმანეთს ხვდებოდნენ და ერთად ატარებდნენ დროს ღობის გაღმელებიც და გამოღმელებიც. მეც მათ შორის გახლდით და, მართალი, გითხრათ, ძალიან ნასიამოვნები დავრჩი.

[მუსიკა. ხმაური]

[რადეკის ხმა] "მოველი, რომ მუსიკალური ჯგუფები იქნება. თუმცა ზუსტად არ ვიცი, რომელი ჯგუფები გამოდიან. პროგრამა ჯერ არ მინახავს. პროგრამას ვნახავთ და მერე რამეს ავირჩევთ". ეს ფესტივალის ერთ-ერთი სტუმარი, რადეკი გახლდათ. ფესტივალის არსებობის შესახებ რადეკმა თავისი მეგობარი გოგონასგან, იანასგან შეიტყო.

[იანას ხმა] "ვიცით, რომ ფესტივალი მრავალი წლის მანძილზე ტარდება. ჩვენ პირველად ვესწრებით მას. მოვედით მუსიკის მოსასმენად და თეატრის საყურებლად, გვინდა კარგი დრო გავატაროთ და ამ საქველმოქმედო ინიციატივასაც შევუწყოთ ხელი."

იანას და რადეკს, ისევე როგორც ათიათასობით პრაღელსა თუ ქალაქის სტუმარს, იმედები არ გაცრუებიათ. კლინიკის უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელიც ლიკანის დასასვენებელ კომპლექსს ჩამოჰგავს, თავი მოუყრია სხვადასხვა გემოვნების, ასაკის, ტემპერამენტის თუ ჩაცმულობის ათასობით ადამიანს. ძირითადად ახალგაზრდები არიან, მაგრამ შუა ხნისებიც შეიმჩნევიან.

[ხმაური]

პიკნიკები, დახლები, საკონცერტო და თეატრალური სცენები. მდინარეებად მოედინება საქვეყნოდ ცნობილი ჩეხური ლუდი. იწვება მრავალნაირი ძეხვეული.

[მუსიკა. ხმაური]

ზოგ ფარდულში ტრადიციული სამჭედლო ხელოვნების ნიმუშებს ყიდიან. ზოგში - ინდურ საფეიქრო ნაწარმს თუ სლოვაკურ ეთერზეთებს. ზოგან სხვადასხვა ფირმის სარეკლამო დახლი დგას. ერთ კარავში კბილის სწორად გამოხეხვის გაკვეთილებსაც ატარებენ.

კლინიკის მთავარ მოედანზე, ერთ-ერთ ყველაზე უფრო ხალხმრავალ ადგილზე, ჩემს ყურადღებას იპყრობს ერთი დახლი, სადაც უჩვეულო გაცვლა-გამოცვლა წარმოებს. ფესტივალის სტუმრები ბეჯითად აბარებენ პლასტმასის ნახმარ ჭურჭელს და სანაცვლოდ სხვადასხვა ჯილდოს იღებენ.

["სკანსკას" თანამშრომელი] "მე გახლავართ საზოგადოება 'სკანსკას' თანამშრომელი, რომელსაც აქვს ეს ეკოლოგიური კუთხე, ვინაიდან დანაგვიანების წინააღმდეგ ვიბრძვით. ამიტომ ხალხს მოვუწოდებთ, ბოჰნიცეს კლინიკის მთელს ტერიტორიაზე მოაგროვონ ნაგავი. ვინც პლასტმასის ათ ჭიქას მოაგროვებს, ჩვენგან იღებს პატარა საჩუქარს და შეიძლება მიმზიდველი ლატარიის მონაწილეც გახდეს."

ერთ-ერთ კარავში, რომლის წინაც იოგის პოზაში ფეხმორთხმული ახალგზრდები სხედან და ჭრელი თავსაფრებით ვაჭრობენ, საინტერესო რამ ხდება. კარავი ეკუთვნის ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციას, რომელიც ფესტივალის მონაწილეებისთვის საჩვენებელ თერაპიულ სეანსებს უტარებს. ასოციაციის ერთ-ერთ თანამშრომელს, მაგდალენას გამოველაპარაკე.

[ასოციაციის თანამშრომელი მაგდალენა] "ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციას აქვს თერაპიის კუთხე, რომელშიც თერაპიის სხვადასხვა მეთოდს წარმოადგენს, მაგალითად, არტთერაპიას, დრამით თერაპიას და სხვა. მას ჩვენი ორი თანამშრომელი ატარებს. თერაპიაში მონაწილეობენ როგორც ბოჰნიცეს კლინიკის პაციენტები, ისე გარედან მოსული ჯანსაღი ადამიანები."

ადგილობრივ ბინადართა და გარედან მოსულთა შორის ზღვარის წაშლა ხომ ამ ფესტივალის მთავარი მიზანია.

[ასოციაციის თანამშრომელი მაგდალენა] "ფესტივალის მთავარი იდეა არის ბარიერის მოშლა ე.წ. ჯანსაღ, ნორმალურ ადამიანებსა და ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებს შორის. საქმე ის არის, რომ ჯანსაღი ადამიანებისთვის ფსიქიური ავადმყოფობა რაღაც მოჯადოებული და გაუგებარია და, ფაქტობრივად, ჯანსაღ მოსახლეობას ფსიქიურად დაავადებულებისა ეშინია. ამდენად, ფესტივალი ფსიქიური ავადმყოფობის დესტიგმატიზაციას ისახავს მიზნად. "

თუმცა, ამასთან დაკავშირებით ფესტივალზე სხვა აზრიც მოვისმინე. ლუდმილა ბოჰნიცეს კლინიკის მახლობლად ცხოვრობს. გასულ წლებში მხოლოდ შორიდან ისმენდა ხოლმე კლინიკის ტერიტორიიდან მომავალი მუსიკის ჰანგებს. წელს გადაწყვიტა, ახლოდან განეცადა ფესტივალის ატმოსფერო და ძალზე კმაყოფილია. თუმცა, მისი აზრით, ფესტივალის თავდაპირველი იდეა, - საზოგადოებასა და ფსიქიურად დაავადებულთა შორის ბარიერების გახსნა - რაზეც მაგდალენა გვესაუბრა, საკმარისად არ იგრძნობა. ეს ღონისძიება ჩვეულებრივ მუსიკალურ და თეატრალურ ფესტივალს უფრო ჰგავს, ვიდრე საქველმოქმედო აქციას. თანაც ხმაურიანი მუსიკა ყველას, განსაკუთრებით პაციენტებს, შეიძლება არ მოსწონდეს.

[ლუდმილას ხმა] "არ ვიცი, რამდენად ემსახურება ფესტივალი დასახულ მიზანს. დიდი პოლემიკაა იმის თაობაზე, თუ რამდენად კარგია საავადმყოფოში მცხოვრები ადამიანებისთვის ორი დღის განმავლობაში ამდენი ხალხის თავმოყრა, ამდენი მუსიკა, ხმაური. თანაც ყველა პაციენტს არ შეუძლია გარეთ გამოსვლა და ფესტივალზე დასწრება. არსებობს აზრი, რომ ფესტივალი ამ ადამიანებს სიმშვიდეს ურღვევს. ამიტომ რამდენიმე წელია ლაპარაკობენ ამ ფესტივალის დახურვის ან სხვაგან გადატანის მიზანშეწონილობაზე, ვინაიდან იგი შესაძლოა ხელისშემშლელი იყოს."

მარტინი უკვე მეექვსედ ესწრება ფესტივალს. მისი აზრით, აქ კარგი მუსიკალური ჯგუფების მოსმენა და თეატრალური დასების ნახვა შეიძლება. ამავე დროს ფესტივალის თავდაპირველი იდეაც ხორციელდება.

[მარტინის ხმა] "შეიძლება გეჩვენოთ, რომ ეს იდეა არასაკმარისად არის გამოხატული. მაგრამ ფესტივალზე ჩვენს გარშემო არის უამრავი ადამინი, რომელიც აქ, ამ კლინიკაში ცხოვრობს - სულერთია, ვამჩნევთ ჩვენ მათ თუ არა. მე ვფიქრობ, ფესტივალი ორივე მხარისთვის სასარგებლოა - კლინიკის მობინადეებსთვისაც და იმათთვისაც, ვინც ფესტივალის სანახავად არის მოსული... მე მუსიკის მოყვარული ვარ, თუმცა აქ ბევრი საინტერესო თეატრალური დასიცაა წარმოდგენილი. განსაკუთრებით მაინტერესებს მუსიკალური ჯგუფი Plastic People of the Universe - ჩეხური ანდერგრაუნდის ლეგანდარული ანსამბლი, რომელიც 70-იანი წლების დამდეგს შეიქმნა და რომლის კონცერტს არასოდეს დავსწრებივარ. დღეს პირველად მაქვს მათი ნახვის შანსი."
[მუსიკა: Plastic People of the Universe]

დიტრიხ ფიშერ-დისკაუ 80 წლისაა

წამყვანი:
ეს ჰანგები ჩვენმა კოლეგამ, ბიძინა რამიშვილმა ჩაწერა ფესტივალზე, რომელიც პრაღაში გაიმართა. ახლა კი განსხვავებულ მუსიკას მოგასმენინებთ...

[მუსიკა: ი.ს.ბახის კანტატა]
მომღერალს, რომელსაც ახლა უსმენთ, ჩანაწერების რაოდენობით ვერც ერთი კოლეგა ვერ გაუტოლდება. თუმცა, როცა დიტრიხ ფიშერ-დისკაუზე ლაპარაკობ, რაოდენობა - ფირფიტების, კონცერტების, საოპერო დადგმებში მონაწილეობის რიცხვი - ალბათ, მაინც მეორეხარისხოვან დეტალებად უნდა ჩაითვალოს. ასეა თუ ისე, ამ გერმანელი მომღერლის შემთხვევაში ლაპარაკია მუსიკის ისტორიისათვის ცნობილ ერთ-ერთ უდიდეს შემსრულებელზე - ვოკალისტზე, რომელმაც გავლენა იქონია გასული საუკუნის სასიმღერო ხელოვნებაზე...

[მუსიკა: ფრანც შუბერტის სიმღერა “Ungeduld”]
ყველაფერი 1947 წელს დაიწყო, როცა სულ 22 წლის დიტრიხ ფიშერ-დისკაუმ მუსიკის სამყარო განაცვიფრა შუბერტის სიმღერების შესრულებით. მომდევნო წელს, 1948-ში ახალგაზრდა ბარიტონმა უკვე საოპერო სცენაზეც იმღერა და, ცოტა არ იყოს, დააშინა შუბერტის მოყვარულები: ვაითუ, ოპერაში წარმატებამ, სიმღერების რეპერტუარს დააშოროსო...

ამ საკითხში ნაკლებად გათვითცნობიერებული მსმენელისათვის ვიტყვი, რომ კლასიკურ მუსიკაში სიმღერა (მის აღმნიშვნელ ტერმინად გერმანული შესატყვისიც არის დამკვიდრებული “Lied”) კულმინაციას აღწევს მე-19 საუკუნის დასაწყისში, ავსტრიელ კომპოზიტორ ფრანც შუბერტის შემოქმედებაში. შუბერტის სიმღერებში ვოკალსა და ფორტეპიანოს აკომპანემენტს შორის ახლებური ურთიერთმიმართება მყარდება: ინსტრუმენტი აღარ ექვემდებარება ხმას, სიმღერის ამ ორ კომპონენტს შორის, თუ შეიძლება ითქვას, თანასწორუფლებიანობა მყარდება - ისევე როგორც, თანასწორუფლებიანობა მუსიკას და ტექსტს შორის.

ეს სინთეზი შეესატყვისებოდა ფიშერ-დისკაუს წარმოდეგნას მომღერლის ამოცანაზე: “სიტყვაში ერთმანეთს ერწყმის ჟღერადობა და გამომსახველობა. ორივეს ერთნაირი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს სიმღერაში. ერთ-ერთს რომ ნაკლები ყურადღება დაუთმო, ან ინსტრუმენტულ ჟღერადობას მიუახლოვდები, ანუ უბრალო დიქციას. დამაჯერებლობას ორივეს სინთეზით აღწევ”.

მუსიკის მოყვარულები, 22 წლის ფიშერ-დისკაუმ რომ მოხიბლა, არ გაწბილებულან - მომღერალი არ დაშორებია გერმანული სიმღერების რეპერტუარს მთელი კარიერის მანძილზე, მისმა კარიერამ კი თითქმის ნახევარი საუკუნე გასტანა და გერმანელ მომღერალს “სიმღერების საუკეთესო შემსრულებლის” რეპუტაცია დაუმკვიდრა.

[მუსიკა: რობერტ შუმანის სიმღერა “Hoer ich das Liedchen klingen”]
ფიშერ-დისკაუ სცენას 1992 წელს დაემშვიდობა, მანამდე კი სახელი გაითქვა საოპერო სცენაზეც. ფაქტობრივად, არ არსებობს მნიშვნელოვანი საოპერო კომპოზიტორი, რომლის ნაწარმოებებშიც არ ემღეროს. ის მღეროდა ჰენდელს, ჩიმაროზას, ვერდის, ვაგნერს, მღეროდა გუნოს, ბერლიოზს, ბეთჰოვენს, მოცარტს... მსოფლიოს, პრაქტიკულად ყველა ცნობილ დარბაზში, თავისი ეპოქის, პრაქტიკულად, ყველა წამყვანი დირიჟორთან. ჩვენი მსმენელისათვის უთუოდ საინტერესო დეტალი იქნება ისიც, რომ ფიშერ-დისკაუს საფორტეპიანო აკომპანიმენტს თვით დიდი სვიატოსლავ რიხტერიც კი არ თაკილობდა.

მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა. ბოლო ათწლეულის მანძილზე ფიშერ-დისკაუ, უწინარეს ყოვლისა, პედაგოგობას ეწევა, დირიჟორობს, არის რამდენიმე წიგნის ავტორი. ხელოვნების სამყაროში ამ, სრულიად გამორჩეულ, ფიგურას 28 მაისს 80 წელი შეუსრულდა.
[ მუსიკა: ნაწყვეტი რიხარდ ვაგნერის ოპერიდან “ნიურნბერგელი მასიტერზინგერები”]

წამყვანი:
ძვირფასო მსმენელებო, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. გემშვიდობებით რიხარდ ვაგნერის მუსიკის ფონზე - ეს არის ნაწყვეტი ოპერიდან „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები”. მღერის დიტრიხ ფიშერ-დისკაუ. ისღა დამრჩენია, მადლობა ვუთხრა ხმის რეჟისორებს - პრაღაში იულია საიკოს, თბილისში ლევან გვარამაძეს და მადლობა გითხრათ თქვენ, ძვირფასო მსმენელებო, ყურადღებისათვის.
ლაპარაკობს ¨რადიო თავისუფლება¨
XS
SM
MD
LG