Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდიჟანის სასაკლაო "ჰიუმენ რაიტს უოჩის" თვალით


გასულ თვეში ქალაქ ანდიჟანში უზბეკეთის მთავრობამ სასტიკ ზომებს მიმართა, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ჟლეტა გამოიწვია – აცხადებს ადამინის უფლებათა მონიტორინგის ცნობილი ამერიკული ორგანიზაცია.

"ტყვიების წვიმა - ანდიჟანის სასაკლაო" – ასეთი სათაური აქვს "ჰუმენ რაიტს უოჩის" ახალ ანგარიშს, რომელშიც წერია: მთავრობას უფლება ჰქონდა შეეჩერებინა შეიარაღებული დაჯგუფება, რომელმაც გატეხა ციხე და დაიკავა სამთავრობო შენობები, მაგრამ, როგორც თვითმხილველთა და დაზარალებულთა ნაამბობიდან ჩანს, უზბეკეთის ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალა სასტიკი იყო. ყოველივე ამან კი, გაცილებით იმაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ვიდრე ხელისუფლება ამბობს. "ჰიუმან რაიტს უოჩი" ანდიჟანის მოვლენების გარშემო ძალიან ბევრ პასუხგაუცემელ შეკითხვას ხედავს. დაუზუსტებელია დაღუპულთა და დაზარალებულთა საერთო რიცხვიც. ორგანიზაციის მიერ გამოკითხული 50 თვითმხილველისა და დაზარალებულის მონათხრობი კიდევ ერთხელ ადასტურებს მანამდეც არაერთხელ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ – უზბეკეთის ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანებს ზედმიწევნით სასტიკი ძალა დაუპირისპირა.
თვითმხილველები მასობრივ ჟლეტას აღწერენ – ამბობს "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი და ექსპერტი უზბეკეთის საკითხებში ელისონ გილი:
(ელისონ გილის ხმა) "ჩვენ შევეცადეთ მოგვეწოდებინა რაც შეიძლება ნათელი სურათი იმისა, რაც მოხდა (და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ბევრისმთქმელი სურათი). აშკარაა, რომ მთავრობამ არაერთი სერიოზული დანაშაული ჩაიდინა, თუმცა ბევრი შეკითხვა ჯერ-ჯერობით კვლავ უპასუხოდ რჩება. საჭიროა სიცხადე და იმის გამოკვლევა, თუ რატომ გამოიყენა მთავრობამ ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ".
ანგარიშში არ არის დაზუსტებული მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა ნავარაუდევია, რომ დაღუპულთა რიცხვი უზბეკეთის ხელისუფლების მიერ დასახელებულ 173-ს ბევრად აღემატება. ჯერ მარტო ძალიან ბევრი თვითმხილველის თქმით, უზბეკმა სამხედროებმა დაახლოებით 400-ს მომიტინგეს (რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ) ცეცხლი გაუხსნეს და ისინი ერთიანად მოცელეს. იმას, რომ მომიტინგეთა შორის ქალები და ბავშვებიც მრავლად იყვნენ, ჟურნალისტების მიერ გადაღებული არაერთი ფოტო ადასტურებს. მიტინგის მშვიდობიან ხასიათზე ელისონ გილიც საუბრობს:
(ელისონ გილის ხმა) "ხალხი, მოედანზე რომ შეიკრიბა, სინამდვილეში, მშვიდობიანი დემონსტანტები იყვნენ, მათ არაფერი ჰქონდათ საერთო თავდამსხმელებთან, ვინც დანაშაული ჩაიდინა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ თავდამსხმელები მხოლოდ მცირე ჯგუფს შეადგენდნენ იმ ზღვა ხალხთან შედარებით, რომელიც ქუჩებში იკრიბებოდა".
უზბეკეთის ხელისუფლება ანდიჟანის სისხლისღვრას ისლამისტ რადიკალებს აბრალებს და აცხადებს, რომ რადიკალებმა მშვიდობიანი მოსახლეობა ფარად გამოიყენეს. ადამაინის უფლებათა დამცველების ანგარიში სამთავრობო ძალებზე თავდასხმას არ უარყოფს, თუმცა ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ ხელისუფლების ბრალდებაში, რომ თითქოს აჯანყება მუსლიმანმა ექსტრემისტებმა მოაწყვეს. ელისონ გილი ამბობს, რომ ანდიჟანის ქუჩებში გამოსული ხალხი გაუსაძლის სიღარიბესა და რეპრესიებს აპროტესტებდა.
"ჰიუმენ რაიტს უოჩის" ამ ანგარიშის გარშემო უზბეკეთის ხელისუფლების რეაქცია ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა, დამოუკიდებელი ტაშკენტელი პოლიტოლოგი კარმან ალიევი სასიკეთოს არაფერს მოელის:(კარმან ალიევის ხმა) "უზბეკეთის ხელისუფლება არასოდეს რეაგირებდა საერთაშორისო ორგანიზაცათა კრიტიკაზე, იქნებოდა ეს ტრანსფერენსი ინტერნეშანალი, ამნესტი ინტერნეშანალი, თუ დემოკრატიის დამცველი სხვა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ დასკვნებს უზბეკეთის ხელისუფლება ყურადღებას არასოდეს აქცევდა და ახლაც ასე მოიქცევა - ჰუმან რაითს ვოჩის ანგარიშს ან სრულ იგნორირებას გაუკეთებს, ანდა მას უზბეკეთის მას-მედიის დახმარებით გააკრიტიკებს".
ორგანიზაცია "ჰიუმეან რაიტს უოჩი", მასობრივ მკვლელობებთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობას ხედავს. თუმცა უზბეკეთის მთავრობამ ამგვარი წინადადება ერთხელ უკვე უარყო.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG