Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არეულობა ევროკავშირში


ევროპაში პოლიტიკური არეულობაა.

ევროკავშირის კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის გადადებით ორშაბათს ბრიტანეთმა კონსტიტუცია რეალურად დაასამარა. რატიფიკაციის პროცესის გაგრძელებზე გერმანიის და საფრანგეთის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეკ სტროუმ, განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობას აზრი აღარ აქვს. ევროპის ლიდერები ბრიუსელში 16 ივნისს დაგეგმილი შეხვედრისთვის ემზადებიან, ევროკავშირი კი სულ უფრო მეტი პრობლემის წინაშე დგება. ბრიტანეთი ევროკავშირის ახალი, შვიდწლიანი ბიუჯეტისგან იზოლაციაში მოექცა, კავშირის გაფართოების პროცესის ირგვლივ კი სულ უფრო მეტი უთანხმოება იჩენს თავს.

ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ოპოზიციონერმა წევრმა ლიამ ფოქსმა ევროკავშირის კონსტიტუციას "გვამი" უწოდა. ამ განცხადებასთან შედარებით ჯეკ სტროს გამოსვლა ნაკლებად მკვეთრი იყო, თუმცა მაინც ნათელი შეიქნა, რომ ბრიტანეთი კონსტიტუციის შესახებ მომავალი წლის დასაწყისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის ჩატარებას აღარ აპირებს.

[ჯეკ სტროს ხმა]: "სანამ არ გაირკვევა, რა შედეგები მოჰყვება საფრანგეთისა და ნიდერლანის უარს, კონსტიტუციის რატიფიკაცია მოეხდინათ, პარლამენტში მეორე მოსმენის დანიშვნა, ვფიქრობთ, მიზანშეწონილი არ იქნება."

სტროს განცხადებით, ბრიტანეთში რეფერენდუმის დანიშვნა მხოლოდ გადაიდო და მისი ჩატარების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

[ჯეკ სტროუს ხმა]: "საჭიროა მოლაპარაკებების გამართვა პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობათა გადაწყვეტილებების მოსმენა. ევროკავშირის კონტექსტში კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების პირველი შესაძლებლობა მომავალი კვირის ბოლოს გაჩნდება, როცა სახელმწიფოებისა და მთავრობების ლიდერები ევროპის საბჭოში შეხვდებიან ერთმანეთს. ცხადია, ჩვენ სიტუაციას კვლავაც დავაკვირდებით."

ჯეკ სტროს ეს სიფრთხილე ეხმიანება ბრიტანეთის სურვილს, კონსტიტუციის ჩავარდნა მთლიანად მას არ დაბრალდეს. ქვეყანას ურჩევნია, დაელოდოს იმ კოლექტიურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები 16 ივნისს ბრიუსელში მიიღებენ.

ლონდონს იმის იმედიც შეიძლება ჰქონდეს, რომ მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა ევროკავშირის კრიზისიდან გამოყვანის საკითხში. 1 ივლისს ბრიტანეთის მთავრობას ხომ როტაციის წესით, ექვსი თვით გადაეცემა პრეზიდენტობის ფუნქცია. თუმცა, ასეთი კონსენსუსის მიღწევის პერსპექტივა აშკარად ბუნდოვანია.

ეს იმიტომაც ხდება, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ბრიტანეთი ისეთ მნიშვნელოვან საკითხშია არის დაპირისპირებული, როგირიც არის 2007-2013 წლების ბიუჯეტი. საფრანგეთი და გერმანია კარგა ხანია მოითხოვენ, ბრიტანეთს შეუმცირდეს საბიუჯეტო შეღავათები. შეღავათების შესახებ შეთანხმებას ჯერ კიდევ 1984 წელს მიაღწია მაშინდელმა პრემიერმა მარგარეტ თეთჩერმა – მაშინ, როცა ბრიტანეთის ეკონომიკა ახლანდელთან შედარებით ბევრად უფრო არასტაბილური იყო.

“The Wall Street Journal” -ის მიმომხილველი მარკ ჩემპიონი, რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ამბობს, რომ საფრანგეთი და გერმანია ბრიტანეთის წინაშე დათმობაზე არ წავლენ:

[ჩემპიონის ხმა]: "ბიუჯეტის საკითხის ამ ეტაპზე წინ წამოწევა ორი მიზეზით აიხსნება. პირველი ის არის, რომ ეს საკითხი გაფართოვებისთვის არის მნიშვნელოვანი: კავშირს ახლახან ათი ქვეყანა შეუერთდა. მეორე მიზეზი კი იმ ბრძოლაში მდგომარეობს, რომელიც ძირითადად ბრიტანეთს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის მიმდინარეობს და ევროპის ეკონომიკურ მომავალს ეხება. გერმანიის კანცლერ შრიოდერს შემოდგომაზე არჩევნები ელის, რომელშიც ალბათ დამარცხდება, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტ შირაკს რეფერენდუმი ჩაუვარდა. შედეგად ორივე ეს ლიდერი ძალიან დასუსტდა. ბიუჯეტზე და ბრიტანეთის მხრიდან დათმობაზე ისინი იმისთვის ალაპარაკდნენ, რათა ბრძოლა სხვა ფრონტზე გადაიტანონ."

ევროკავშირში შიშობენ, რომ ბიუჯეტის შესახებ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, კავშირის გაფართოებასთან ერთად ეკონომიკა დასუსტდება, ევრო დაეცემა, და კონსტიტუციის შესახებ უთანხმოების შედეგად შექმნილი პრობლემები კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს ჟან-კლოდ იუნკერს 16 ივნისისთვის დანიშნული სამიტის მასპინძელს, სიტუაციის გადაჭრის კომპრომისული ვარიანტი აქვს. ამ ვარიანტის მიხედვით, გერმანია და კიდევ ხუთი სხვა ქვეყანა უნდა დათანხმდნენ ბიუჯეტში ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდას ერთი პროცენტიდან 1,06 პროცენტამდე. ჯერჯერობით არც გერმანია და არც სხვა ქვეყნები ამაზე არ თანხმდებიან, თუმცა კომპრომისის გამონახვის გარკვეული ნიშნები მაინც გამოიკვეთა.

სანაცვლოდ, გერმანიას სურს რომ ბრიტანეთი დათანხმდეს საბიუჯეტო შეღავათებზე ხელის აღებას.

ამ საკითხს ბრიტანეთში სხვადასხვა პარტიების მხრიდან ძლიერი პოლიტიკური წინააღმდეგობა ხვდება. მაგრამ პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, მაინც აპირებს ამაზე მუშაობას. ბლერის სურვილია, გახდეს ის ფიგურა, რომელიც ევროკავშირს კრიზისიდან გამოიყვანს. თუმცა, ამის გაკეთება ისეთი ფორმით სურს, რომელიც არ შეეწინააღმდეგება ბრიტანეთში არსებულ "ევროპის" იდეას. ბლერს მოქმედების შესაძლებლობა ივლისში მიეცემა, ანუ მაშინ, როცა ბრიტანეთი ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანა გახდება.

აი, რა უთხრა ამის შესახებ რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტს რობერტ პარსონსს "უოლ სტრიტ ჯორნალის" მიმომხილველმა მარკ ჩემპიონმა:

[ჩემპიონის ხმა]: "ევროკავშირის პრეზიდენტად ყოფნა ბლერისთვის დიდი გამართლებაა. ეს მას მეტ ძალას მისცემს და დაეხმარება, რომ ბრიტანეთისთვის სახარბიელო პროცესები წამოიწყოს. თუმცა, სწორედ ეს არის ფრანგებისა და გერმანელების მოქმედების მიზეზიც – მაგალითად, მათი მხრიდან კონსტიტუციის რატიფიკაციის პროცესის გაგრძელების. მათ გადაწყვეტილი აქვთ, კვლავაც გააკონტროლონ სიტუაცია და ევროკავშირის განვითარების მიმართულება."


საინტერესოა, რომ საფრანგეთის მხრიდან ევროკავშირის კონსტიტუციის უარყოფა ბლერისთვის ხელსაყრელი ფაქტორია. ბრიტანეთი არასოდეს ყოფილა ამ პოლიტიკური კავშირის დიდი გულშემატკივარი, მაგრამ იმისათვის, რომ “ცუდ ევროპელად” არ წარმოჩენილიყო, ცდილობდა თამაშის წესების მიღებას. საფრანგეთის მოვლენების შემდეგ კი ბრიტანელებს ბევრად უფრო მყარი პოზიციებიდან შეეძლებათ ევროპის განახლებული მოდელის წინ წამოწევა. ამ მოდელში ევროპა ნაკლებად ფედერალისტური, ნაკლებად ცენტრალიზებული და მეტად ლიბერალური იქნება.

ტონი ბლერი გაფართოების პროცესის გაღრმავებას და ევროპაში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას შეეცდება. თუმცა, მას წინააღმდეგობა შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც შიშობს, რომ კავშირის კიდევ უფრო გაფართოება საფრანგეთს ევროპის შუაგულის პოზიციას წაართმევს.

ბლერმა იცის, რომ საკუთარი გეგმების განსახორციელებლად მას დანარჩენი ევროპის მხარდაჭერა ესაჭიროება. ამის მისაღწევად კი მას, შესაძლოა, კომპრომისზე წასვლა მოუხდეს საბიუჯეტო შეღავათების საკითხში.

თუ ასე არ მოხდა, მაშინ იმავე იუნკერის თქმით, "ევროპის დიდი სირთულეები, შესაძლოა, ევროპის დიდ კრიზისად იქცეს."
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG