Accessibility links

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „14 აპრილი“ ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის გზებს სთავაზობს


მინდა გესაუბროთ ერთი კონფერენციის შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „14 აპრილის“ ინიციატივით საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში

გაიმართა და რომელშიც მეცნიერები, პოლიტიკოსები და ეკონომიკის ექსპერტები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებზე მსჯელობდნენ. მე ვესაუბრე კონფერენციის ორგანიზატორებს და იმითაც დავინტერესდი, თუ რას ფიქრობენ რიგითი თბილისელები ხელისუფლებაზე, უფრო სწორად კი, ხელისუფლების მიერ გატარებული საკადრო თუ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “14 აპრილის“ საინიციატივო ჯგუფის მიერ გამართულ კონფერენციაზე ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა კვლავ შორდება ერთმანეთს; აშკარაა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ნიშნები, იზრდება სოციალური დაძაბულობა, რამაც, შესაძლოა, კვლავ გამოიწვიოს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს ვახტანგ ძაბირაძეს პოლიტიკური კრიზისის უმთავრეს ნიშნად სუსტი ოპოზიციის პირობებში ხელისუფლების რეიტინგის მკვეთრი დაცემა ესახება. თუმცა ჩემი რესპონდენტი აქვე ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ დაშვებულ ტიპიურ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას:

[ვახტანგ ძაბირაძის ხმა] „ხელისუფლების რეიტინგი ეცემა და ამ დროს არ ჩანს საზოგადოებაში ძალა, რომელიც რბილად შეცვლის მას. ეს რევოლუციური სიტუაციაა. პოლიტიკური კრიზისი მეტი არაფერი არაა. ჩვენ გავაკეთეთ უკანასკნელი 15 წლის ანალიზი. რამდენიმე პარალელი: მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში, სამივე პრეზიდენტმა პირველსავე წელს შეცვალა კონსტიტუცია და შეცვალა თავის სასარგებლოდ; ყველა მმართველს ჰყავდა მორჩილი უმრავლესობა პარლამენტში; ყველამ დაიწყო ჩანაცვლება - კადრების მასიურ ჩანაცვლებაზეა ლაპარაკი და არა ერთი-ორი ადამიანის შეცვლაზე...“

თუმცა კონფერენციის ორგანიზატორთა მოსაზრებას, თითქოსდა არსებობს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ნიშნები, ხელისუფლების წარმომადგენლები არ იზიარებენ. პარლამენტის სახელისუფლებო უმრავლესობის წევრი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ საქართველოში კლასიკური პოსტრევოლუციური პროცესები მიმდინარეობს. გარდა ამისა, ხელისუფლება ვერც ეკონომიკური კრიზისის სიმპტომებს ამჩნევს:

[ნიკა გვარამიას ხმა] „ეს არის პოსტრევოლუციური სიტუაცია, თუ ვინმეს აინტერესებს. რევოლუციის წანამძღვრები საქართველოში არ არსებობს. მართალია, ეკონომიკური ბუმი არ დაწყებულა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს წარმოუდგენელიც არის. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ წარმომიდგენია საქართველოში ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც უფრო სწრაფად განავითარებდა ეკონომიკურ პროცესებს, ვიდრე დღევანდელი მმართველი ძალა.“(სტილი დაცულია)

ხელისუფლების ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი, რომლის თქმითაც, საქართველოში გაუსაძლისი ეკონომიკური გარემოა შექმნილი:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „ვისაც გასაქცევი აქვს, ყველა ცდილობს მოახდინოს კაპიტალის გახიზვნა აქედან. ეს ყველაფერი აისახება ინვესტიციებში, ინვესტიციების ნაკლებობა აისახება სამუშაო ადგილებისა და პროდუქციის შემცირებაში, სიღარიბის გაღრმავებაში და, ბოლოს, ხალხი ხვდება, რომ არც ისე კარგად ყოფილა საქმე, როგორც იმედი ჰქონდათ. ჯერჯერობით ხალს იმედი კიდევ აქვს, ბიზნესმენებს კი - არა.“

ექსპერტების გარდა, ხელისუფლებას რიგითი მოქალაქეებიც აკრიტიკებენ. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური და საკადრო პოლიტიკით არის უკმაყოფილო.

[მამაკაცის ხმა] „ცოტა მოგვიმატა პენსია, მაგრამ მაინც არა ვართ კმაყოფილი. ჯერ ბევრი აქვს გასაკეთებელი ჩვენს პრეზიდენტს. ისინი, ვინც გვერდით ჰყავს, ყველა უნდა მოიშოროს.“

[მამაკაცის ხმა] „კარგია, რომ აღარ შემოდის კონტრაბანდა, მაგრამ ნორმალური ხელფასი უნდა ჰქონდეს ადამიანს, მასწავლებელი იქნება თუ სხვა, რომ ნორმალურად იცხოვროს.“

[მამაკაცის ხმა] „კადრებს რომ აგდებით უყურებენ და არჩევენ, ეს დაგვღუპავს ჩვენ. ცხონებული ზვიადის დროსაც უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც „მრგვალი მაგიდის“ წევრი და, თუ გინდა, მეღორეს დასვამდნენ გამგებლად თუ პრეფექტად.“

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „14 აპრილი“ სწორედ ამ ხალხის სახელით ლაპარაკობს. ვახტანგ ძაბირაძის აზრით, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად აუცილებელია საარჩევნო სისტემის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის მექანიზმის შეცვლა, რაც გულისხმობს ყველა დონისა და რანგის არჩევნების ჩატარებას მხოლოდ მაჟორიტარული წესით; ასევე აუცილებელია მერებისა და გამგებლების პირდაპირი გზით არჩევა, ისევე როგორც მუნიციპალური და ფედერალური ქონების, ანუ, შესაბამისად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების მკვეთრი გამიჯვნა. საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში გამართული კონფერენციის მონაწილენი იმედოვნებენ, რომ მათი წინადადებები, რომლებიც მცირე ზომის ბუკლეტშია თავმოყრილი, ხელისუფლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება.
XS
SM
MD
LG