Accessibility links

logo-print

სოციალური დახმარების პროგრამა, დევიზით - ”მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ”


საქართველოს მთავრობა მიმდინარე წლის ნოემბრიდან სოციალური დახმარების ახალ პროგრამას იწყებს. ამ ახალი პროგრამის მიზანია იმ ოჯახების დახმარება,

რომელთა წევრებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და ეგრეთ წოდებულ ცილოვან შიმშილს განიცდიან. მათი ნაწილი ამჟამად მოქმედი სოციალური პროგრამების მიღმა იმყოფება, ნაწილი კიდევ არასაკმარის დახმარებას იღებს. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ცილოვანი შიმშილის მდგომარეობაში საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი იმყოფება. როგორ აპირებენ ამ ციფრის მინიმუმამდე შემცირებას საოჯახო დახმარების ახალი პროგრამის ავტორები?

მე სოციალურად გაჭირვებული ფენის რამდენიმე წარმომადგენელს გავესაუბრე. მათი ყოფითი პირობები ერთმანეთს ძალიან წააგავს. თვალსაჩინოებისთვის კი ერთ-ერთ მათგანს მოვუსმინოთ:

[ქალბატონი ჟუჟუნას ხმა] ”რაიონს ვემსახურებოდი ნაღდი თბილისელი, პენსიაში რომ გავედი, 14 ლარი დამენიშნა, ვღებულობ მარტოხელობის დახმარებას 21 თუ 22 ლარს, მეტს არაფერს - პენსია და ეგა. თუკი რამე მიშრომია, გარეთ გამაქვს, ვაბარებ და, აი, ასე, კაპიკებით ვცხოვრობ...”

ეს არის ქალბატონი ჟუჟუნა. მის მსგავს მდგომარეობაშია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი. ამ ფენისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების ეფექტურობის გასაზრდელად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ რეფორმა წამოიწყო.

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] ”ანუ ეს პროგრამა სხვა არაფერი იქნება, თუ არა ჩვენს ხელთ არსებული რესურსების უფრო ოპტიმალური და სამართლიანი განაწილება. ანუ ჩვენ ვიმოქმედებთ არსენას პრინციპით: მდიდარს წავართმევთ, ღარიბს მივცემთ.”

ეს არის ლადო ჭიპაშვილი - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. იგი მზადაა არსენას როლში გამოვიდეს და პირობითად მდიდარს, ანუ იმ ხალხს, ვისაც შვილების ან თუნდაც ნათესავების ხარჯზე შეუძლია შიმშილს გადაურჩეს, სოციალური დახმარება ჩამოართვას და უფრო მეტად გაჭირვებულს დაეხმაროს.

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] ”მაგალითად, მამაჩემი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სამამულო ომის ინვალიდია, პერსონალური პენსიონერია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამ დახმარებას ვერ მიიღებს. მისი მეზობელი, რომელსაც შეიძლება ამდენი დამსახურება არ აქვს ქვეყნის წინაშე, მაგრამ შიმშილისაგან კვდება, ის მიიღებს ამ დახმარებას. - თქვენი მშობელი რატომ ვერ მიიღებს ამ დახმარებას? - იმიტომ რომ შვილი ჰყავს, რომელსაც აქვს დიდი ხელფასი და არ აქვს შიმშილით სიკვდილის საფრთხე მამაჩემს.”

”არსენას პრინციპი” რომ ამოქმედდეს, ოჯახმა, რომელიც სიდუხჭირეს უჩივის, ადგილობრივ მმართველობით ორგანოში სპეციალური განაცხადის ფორმა უნდა შეავსოს. შემდეგ ამ ოჯახს სოციალური დახმარების და დასაქმების სააგენტოს სოციალური აგენტი ესტუმრება, რომელიც ადგილზე გაეცნობა განმცხადებლის სოციალურ პირობებს და ქონებრივ მდგომარეობას, რომლის მიხედვითაც შეავსებს ანკეტას.

ამ გზით შეგროვებული ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში მოიყრის თავს და კომპიუტერული პროგრამა, სპეციალური ფორმულის მეშვეობით, იმ ოჯახებს გამოავლენს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ სოციალურ დახმარებას.

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] ”ეს პროგრამა იქნება რადიკალური რევოლუციური პროგრამა სოციალურ სფეროში. მასში მოხვდება დაახლოებით 150 ათასი ყველაზე გაჭირვებული ოჯახი საქართველოში. და ამ პროგრამის განხორციელების შემდეგ, მთავრობა დარწმუნებულია, რომ საქართველოში ჩვენი გაჭირვებული ოჯახებისთვის აღარ იარსებებს შიმშილით სიკვდილის საფრთხე.”

ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის ამ რადიკალურ და რევოლუციურ რეფორმას ჯერჯერობით სერიოზული ოპონენტები არ ჰყავს. მათ გამოჩენას მას შემდეგ მოელიან, რაც საზოგადოება დეტალურად გაეცნობა ”არსენას პრინციპზე” დამყარებულ სოციალურ პოლიტიკას.
XS
SM
MD
LG