Accessibility links

logo-print

სტიქიამ საქართველოში ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროება შექმნა


გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობებმა საქართველოში დააზიანა წყალმომარაგების სისტემები და, აქედან გამომდინარე, ინფექციური დაავადებების

გავრცელების საფრთხე შექმნა. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია ირწმუნება, რომ სასმელი წყლით ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს საქართველოს რეგიონებში, დედაქალაქში კი არა. თუმცა თბილისის წყალმომარაგების ძირითადი წყარო - არაგვის ხეობის წყალსადენებიც - დატბორილია. დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად საქართველოს რამდენიმე რეგიონის მოსახლეობას მოუწოდებენ, სასმელად მხოლოდ და მხოლოდ გადადუღებული წყალი იხმარონ. გარკვეული პროფილაქტიკური ზომების მიღებას თბილისელებსაც ურჩევენ. მინდა წყალდიდობით შექმნილ ახალ პრობლემაზე გესაუბროთ.

წყალდიდობამ საქართველოს წყალმომარაგების სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა. წყალმომარაგების სისტემა - როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი - დაზიანდა ონის რაიონში, ლენტეხში, მესტიაში, ლანჩხუთში, ხონის, ახალციხის, მარტვილისა და წყალტუბოს რაიონებში. ბოლო დღეების გადაუღებელი წვიმების პირობებში მთლიანად დაიტბორა ქალაქ დუშეთის წყალსადენის სათავო ნაგებობა. წყალდიდობამ კაპიტალური შეკეთების აუცილებლობის წინაშე დააყენა ყაზბეგის კომუნალური წყალსადენის სათავო ნაგებობა. მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ბულაჩაურის წყალსადენზეც, საიდანაც სასმელი წყლით თბილისის მნიშვნელოვანი ნაწილი მარაგდება. ყველაფერმა ამან ქვეყანაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროება შექმნა. ამიტომ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია სტიქიით დაზარალებული რაიონების მოსახლეობას აფრთხილებს, სასმელად გადადუღებული წყალი გამოიყენონ. ინსპექციის ხელმძღვანელს დავით მესხიშვილს აქვს რჩევა თბილისელებისთვისაც:

[დავით მესხიშვილის ხმა] ” დედაქალაქში არ არის რეკომენდებული გადადუღებული წყლის მოხმარება, მაგრამ იქ, სადაც გრაფიკი მუშაობს, წყლის სასმელად გამოყენება უნდა მოხდეს 20 წუთის შემდეგ. 20-30 წუთი წყალი უნდა მიედინებოდეს. ”

ასეთი რჩევის გათვალისწინება თბილისის იმ რაიონების მოსახლეობას მართებს, რომლებსაც სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. მკაცრი გრაფიკი კი მერიამ ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა- კრწანისის, გლდანისა და გლდანულას მოსახლეობას დაუწესა. მიზეზი მარტივია. როგორც ”თბილწყალკანალის ”გენერალური დირექტირი იუზა ცარციძე აღნიშნავს:

[იუზა ცარციძის ხმა] ”ისეთი დიდი წყალდიდობა იყო, რაზეც არ არის გათვლილი ნაგებობების მუშაობა. ამან გამოიწვია შეფერხებები. ზოგიერთი წყარო გამორთულია და შემცირდა წყლის მიწოდება. ”

”აღნიშნულის მიუხედავად, დედაქალაქს სტანდარტული ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება და არავითარი პროფილაქტიკური ზომების მიღება საჭირო არ არისო,” - ამბობს იუზა ცარციძე, თუმცა, როგორც უკვე მოვისმინეთ, გაცილებით ფრთხილი იყო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ხელმძღვანელის განცხადება.

ზუსტად რამდენი დღე შენარჩუნდება თბილისში დაწესებული გრაფიკი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დაიკლებს წყლის დონე არაგვზე და რამდენად სწრაფად დასრულდება პროფილაქტიკური სამუშაოები წყლის სათავო ნაგებობებზე არაგვის ხეობაში. ცნობისათვის: ასეთ ნაგებობებზე სარემონტო სამუშაოები 70-იანი წლებიდან არ ჩატარებულა.

სტიქიის ზონებში წყლის სათავო ნაგებობების მდგომარეობის შესწავლას სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია სპეციალურ ჯგუფებს ავალებს. მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია განსახილველად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს წარედგინება, ალბათ, სამომავლო პროფილაქტიკური ზომების გასატარებლად. მაგრამ სამომავლო ღონისძიებები დღესდღეობით შექმნილ პრობლემას ვერ უშველის. საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ სასმელად გადადუღებული წყალი უნდა მიიღოს, წყალს მოწყურებულმა თბილისელებმა კი წყურვილი ჯობს წყლის მოსვლიდან 20-30 წუთის შემდეგ დაიკმაყოფილონ.
XS
SM
MD
LG